გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი

ირაკლის დაბადება

- გაჩენის პირველი შანსი, ირაკლის, 1958 წლის 20 მაისს მიეცა, როდესაც მე ნანა გავიცანი (იცინის). მასში ჩარკვიანებისა და თოიძეების გენეტიკა ჩაიდო. ირაკლის დიდი ბაბუა, გამოჩენილი მხატვარი მოსე თოიძე გახლდათ, მამაჩემი - კანდიდ ჩარკვიანი კი მოგეხსენებათ, 14 წლის მანძილზე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო. ირაკლი თავის რომანში წერს, - ჩემზე ამბობდნენ, მოსე-კანდიდი უნდა გამოვიდესო. ირაკ­ლი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა. ამ ქვეყანას ძნელად მოევლინა - მაშებით, თანაც სახეზე, ცალ მხარეს პარეზისაგან ლოყა მოღრეცილი ჰქონდა. პირველი ორი კვირა ძალიან მძიმედ იყო, ფილტვების ანთებაც დაემართა, თუმცა საბედნიეროდ, "პენიცილინმა" გადაარჩინა. მე ექვს თვემდე ბავშვებს ხელში ვერ ვიყვან, მეშინია. 6 თვის მერე ირაკლი თანდათანობით უკეთესი შესახედი გახდა, ემოციების პირველი ნიშნებიც დაეტყო... ჩემს ოჯახში ზოგს ძალიან კარგი სმენა ჰქონდა, ზოგს - საერთოდ არა, ამიტომ ირაკლი რომ რაიმეს წაიღიღინებდა, ჩუმად ვუსმენდი - ძალიან მინდოდა, მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლოდა. მამაჩემს სმენა საერთოდ არ ჰქონდა, დედაჩემს კი - ბრწყინვალე. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ სწორედ მან მაზიარა ქართულ მრავალხმიანობას. როცა ირაკლი 6 წლის შესრულდა, დავწყნარდი, - მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი.

სკოლა და ოჯახის გავლენა ცნობიერებაზე

- დისციპლინა და მომთხოვნელობა ყველა სკოლაშია, მაგრამ ბავშვებს რატომღაც ჰგონიათ, რომ არსებობს ისეთი სკოლები, სადაც არაფერს ითხოვენ (იცინის). ირაკლიმ 4 სკოლა გამოიცვალა, თუმცა ცოდნა და ჩვევები ყველგან შეიძინა. პირველად ჩვენს მეზობლად მდებარე სკოლაში წავიდა. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით, კინოთეატრ "ყაზბეგის" გვერდით. მუსიკაზეც მივაბარეთ, თუმცა ზარმაცობდა, ეტიუდებისა და გამების დაკვრა ეზარებოდა, მაგრამ როცა მე მუსიკას ვწერდი, იდგა და ყურადღებით მისმენდა. მოგვიანებით ინტერვიუში წერს: მამაჩემის მთელი მუსიკალური შემოქმედება, როკ-ოპერები, "ნარგიზა და ქალბატონი ნელი", ჩემ თვალწინ იწერებოდა, სრულდებოდა და აბსოლუტურად კონფრონტაციულ პროდუქტს წარმოადგენდა. იმ დროის, 1970-იანების ჰიპურ წლებში მუსიკალური კონტრკულტურის კერა ჩემი საკუთარი სახლი იყო და ჭეშმარიტი "ანდერგრაუნდი", თანამედროვე ქართული ტექსტებით ჩემს ოჯახში იშვაო. "ნარგიზა" ახლა წიგნად გამოვიდა და დისკიც მოჰყვება. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა ირაკლიზე გავლენა იქონია.

რევოლუციურ-ახალგაზრდული მუხტის "აფეთქება"

- ირაკლი რა გზითაც აპირებდა წას­ვლას, ამას მას მერე მივხვდი, რაც მასში რევოლუციური მუხტი ვიგრძენი. დასაწყისში ეს, ბუნებრივია, მშობლების წინააღმდეგ იყო მომართული. 13 წლის იქნებოდა, როცა ჩანთა ჩაილაგა და ბაკურიანში მივდივარო, - გამომიცხადა. რასაკვირველია, აღვშფოთდი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და წავიდა. რევოლუცია აქედან იწყებოდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რა განხრით. თუ გინდა, მომავალში მთავრობას აუჯანყდე, ჯერ მშობლებს უნდა აუჯანყდე (იცინის). როდესაც ირაკლის დაწერილი სიმღერა პირველად მოვისმინე, მივხვდი, რის გაკეთებას აპირებდა. მელოდია არ მახსოვს, მაგრამ მის პირველ ანსამბლთან - "არიშთან" ერთად შეასრულა. მაშინ ირაკლი 15 წლის გახლდათ. როცა შევიტყვეთ, რომ "არიშში" უკრავდა, რომლის ბაზა რუსთავში გახლდათ, მე და ნანა მანქანაში ჩავსხედით და წავედით, რომ გვენახა, ჩვენი შვილი სად დადიოდა და რას აკეთებდა. კლუბში სიტუაცია მოგვეწონა. მეც ჩემი პირველი მუსიკალური ოპუსები მაუდ-კამვოლის კომბინატის კლუბში შევქმენი. ორკესტრს ვხელმძღვანელობდი და ამაში ფულს მიხდიდნენ. მამაჩემი, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხას მაძლევდა, მაგრამ ეს არ მყოფნიდა - მე და ნანა სტუდენტები ვიყავით და დამატებითი შემოსავალიც გვჭირდებოდა.

"არიში" და გასტროლები

- ერთ დღეს ირაკლიმ გამოგვიცხადა, გასტროლები იწყებაო. გული შემიწუხდა, - 15 წლის ბიჭი, გასტრო­ლზე, საქართველოს მასშტაბით, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნებოდა - მშიერი, გადაღლილი და ა.შ. საკმაოდ რთული დრო იყო, მაღაზიებში ბევრი არაფერი იყიდებოდა, აქ ბაზარში დავდიოდით და ყველაფერს მზამზარეულს მივართმევდით ხოლმე. მოკლედ, მაინც წავიდა. ზაფხული იყო და წყნეთის შემდეგ, ყოველთვის ზღვაზე მივემგზავრებოდით. თეონა ხომ უნდა წაგვეყვანა და გზადაგზა "არიშის" აფიშა ბევრგან შეგვხვდა, რაც ბუნებრივია, გაგვიხარდა. მოკლედ, გაგრაში ვართ პლაჟზე და ვხედავ, ირაკლი მოდის. გამხდარი და გამწვანებული იყო. მივხვდი, გადაღლილი და მშიერი იყო (იცინის). სად უნდა ჰქონოდა იმდენი დრო და ფული, რომ ისეთი კვება ჰქონოდა, როგორიც ოჯახში?! საგზური იქვე ავუღე, ჩვენთან დავტოვე და ცხადია, მომაგრდა კიდეც. მოკლედ, "არიში" ამით დამთავრდა.

ქუჩა და მოდური მოტაცებები

- არ ვიცი, როგორი იყო ირაკლი ქუჩაში, მაგრამ შედეგი შემიძლია გითხრათ - 2-3-ჯერ სახლში საშინლად ნაცემი მოვიყვანეთ. ერთხელ, ირაკლი და გეგა წყნეთის კინოთეატრიდან რომ წამოვიყვანეთ, ნახევრად ცოცხლები იყვნენ, სხეულზე ერთი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი, გაშავებულ-ჩალურჯებული რომ არ ჰქონოდათ. ზოგჯერ მათი ქცევა ალბათ გამომწვევი იყო. ისედაც, მოგეხსენებათ, ახალგაზრდებში შურის მომენტიცაა: ირაკლი და გეგა გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ალბათ ჩხუბების მიზეზი ესეც იყო. ამით ცოტა შეგვაწუხა კიდეც - მეგობრებს გოგონების მოტაცებაში ეხმარებოდა ხოლმე, ოღონდ - ძალადობა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, პირველი ცოლი ქეთიც მოტაცებული ჰყავს და ერთხელ, გეგასაც მოატაცებინა გოგონა. ამის გამო ვაკის მილიციაში გამომიძახეს, სადაც იმ გოგონას საქმრო დამხვდა. მაგრამ ირაკლიმ არაფრით გვითხრა, სად იყვნენ და გეგას და იმ გოგონას მთელი ღამე ვეძებდი ჩემი მანქანით, მხატვარ თენგიზ მირზაშვილთან ერთად და ბოლოს ახმეტაში, სასტუმროში მივაგენით. წამოვიყვანეთ და როგორც ჰოლივუდში ხდება ხოლმე, ყველაფერი "ჰეფი ენდით" დასრულდა - შეუღლდნენ. ირაკლის თინეიჯერობის ამბებში ჩემთვის ყველაზე უფრო მძიმე ეს მოტაცებები იყო. XX საუკუნეში, როცა ხელოვნებაში არ­სებული პარადიგმის გარღვევაზე გაქვს პრეტენზია, ქალების გატაცება ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ეს რაღაც ეგზოტიკური ფორმა იყო და შეიძლება, გოგონებს მოსწონდათ კიდეც (იცინის).

80-იანები და ირაკლის პოეზია

- ეს ის დროა, როდესაც ირაკლის უკვე პოეზია იტაცებს. მისი ლექსების კრებული რომ ნახოთ, ლექსების უმეტესობაც სწორედ მაშინაა დაწერილი, როცა იგი 18-19 წლის იყო, თანაც - კლასიკურ სტილში, რითმიან, გულწრფელ ლექსებს წერდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცოდით. თემატიკა სხვადასხვაგვარი იყო - სიყვარულიც, პატრიოტიზმიც, ცოტა ნარცისიზმიც (იცინის). შემდეგ, მოთხრობების წერაც დაიწყო და პირველი, რომელიც მაშინ დაიბეჭდა კიდეც, იყო - "ცალფეხშიშველი ბავშვი", რომელიც ძალიან მომწონს. აღსანიშნავია, რომ ირაკლის მამაჩემთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, პირველი შვილიშვილი იყო და ყველაზე მეტ დროს ბებია-ბაბუასთან ატარებდა, ზაფხულობით კი დასასვენებლად ყოველთვის ლიკანში მიჰყავდათ ხოლმე. მოკლედ, ირაკლი კანდიდთან ძალიან ახლოს იყო. მისი ხელის სითბო ახსოვდა და ამას მოთხრობაშიც წერს, სადაც ფანტაზიით შექმნილი ბაბუა, სწორედ ბაბუა კანდიდის ბევრი თვისების მატარებელია. ასევე, ბიძია მერაბი. პერსონაჟები ოჯახის წევრებისგან შექმნა. სხვათა შორის, მეფობის მომენტი ამ მოთხრობაშიცაა, ოღონდ - თავისებურადაა გაჟღერებული. ამ პერიოდში მისი მხატვრული ინტერესი მთლიანად ლიტერატურაზე გადაერთო, მუსიკას ნაკლებად წერდა, მაგრამ ის, რაც ირაკლიმ მერე შექმნა, ორივეს სინთეზია. ზოგჯერ მას მომღერლად მოიხსენიებენ, მაგრამ მომღერალი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხმა ჰქონდა - თავისებური და ცოტა ტრაგიკულიც. ირაკლი იყო ავტორი, ადამიანი, რომელიც კომპლექსურად ქმნიდა დიდ ნაწარმოებებს და თვითონვე ასრულებდა.

"შენ აფრენ" - "საშიში ძვრა" 90-იანების კულტურაში

- მისი საეტაპო ნაწარმოები, რომელმაც სენსაცია გამოიწვია და ბევრი უსიამოვნებაც მოჰყვა, იყო - "შენ აფრენ". 90-იან წლებში ეს სრულიად ახალი რამ იყო, უბრალო ინტერიერში და უბრალო საშუალებებით გადაღებული, მაგრამ ისეთი ტიპის კადრებით, რომ როცა ვნახე, მაშინვე მივხვდი - ეს იყო ნამდვილი ნგრევა კულტურის შესაბამის ასპექტში და ახლის შენება. მოგეხსენებათ, იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ეს საკითხი პარლამენტშიც განიხილეს, თითქოს მთელი ქვეყნისთვის საშიში ძვრა ხდებოდა (იცინის). სინამდვილეში, ეს გარღვევა იყო. ირაკლის მუსიკაში ორი მთავარი მიმართულება აქვს: პირველი - მელოდიური, ლამაზი სიმღერები და მეორე - ცოტა მინიმალისტური, დადაისტური, ცოტაც ბავშვურ-ირაციონალური და ამავე დროს, რთულ ტექნო-რიტმებზე დასმული. როგორც მამას, უფრო მელოდიური სიმღერები მომწონდა, მაგრამ ირაკლის მარტო ეს რომ ეკეთებინა, უბრალოდ კარგი კომპოზიტორ-შემსრულებელი იქნებოდა, იმ გარღვევებს კი ვერ მოახდენდა. ირაკლი ყველაზე უფრო პროდუქტიული 90-იან წლებში იყო და მისი სახელიც სწორედ ამ წლებთან უფროა დაკავშირებული. ყველაზე საინტერესო ნაწარმოებები მაშინ შექმნა. ასევე, 2000-იანი წლების დასაწყისი, სანამ ასე უდროოდ წავიდოდა...

ირაკლის პირადი ცხოვრება

- მისი პირადი ცხოვრებაც არ იყო მარტივი, თუმცა, არც ფათერაკებით აღსავსე გახლდათ; ის უფრო, მრავალფეროვანი იყო. მისი პირველი გრძნობები სწორედ ამ სახლში, ამ ოთახში ვითარდებოდა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. როცა დაოჯახდნენ, სულ პატარები იყვნენ: ქეთი ქობულია ალბათ 16 წლის, ირაკლი - 17-ის. მათმა სიყვარულმა დიდხანს ვერ გასტანა. ბავშვი არ ჰყოლიათ და გაიყარნენ, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ. ქეთისთან და დედამისთან დღესაც თბილი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, დღევანდელ საზოგადოებაში ეს ნორმად უნდა იყოს ქცეული.

მეორე ცოლი და პირველი შვილი - მაქსიმე ჩარკვიანი

- ერთ ზაფხულს, როდესაც ირაკლი და მისი მეგობარი - გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანეთ, მათ იქ ორი მოსკოველი გოგონა გაიცნეს და თბილისში დაბრუნებულებს ირაკლიმ გამოგვიცხადა, - ამ დღეებში ლენა ჩამოვაო... აეროპორტში დავხვდით და სახლში მოვიყვანეთ. ცოტა ხანს აქ ცხოვრობდნენ, მერე შეუღლდნენ და ვერაზე გადავიდნენ. მოსკოვში რომ წავიდნენ, იქ მაქსიმე - ირაკლის პირველი ვაჟი გაჩნდა, რომელიც ახლა უკვე 27 წლის არის. ძალიან სიმპათიური, ვაჟკაცი ბიჭია. ქართული შესანიშნავად იცის და ქართველისგან ვერც კი გაარჩევთ. მაქსიმემ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მუშაობა მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტელევიზიაში დაიწყო და იქ კარგ თანამდებობაზეა. ყურადღებიანი ბიჭია, სულ გვეკონტაქტება, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის. ბოლოს ზაფხულში იყო, მეგობარ გოგონასთან ერთად. ლენა მოსკოვში მიუზიკლების ცნობილი მსახიობია. "მამა მიაში", ცატს-ში, "ჩიკაგოში" მთავარ რო­ლებს ასრულებდა. ლენამ ამას წინათ მთხოვა, რომ ირაკლის ერთ-ერთი სიმღერა - "ხალხს" რუსულ ენაზე ვთარგმნო, რათა მან იმღეროს. ვფიქრობ, კარგად გამოუვა.

პატარა ნანა ჩარკვიანი

- ნანა დამოუკიდებელი ადამიანია, გადაწყვეტილებებს თავად იღებს და ეს თვისება ძალიან მომწონს მასში. "ნიჭიერში" მონაწილეობაც თვითონ გადაწყვიტა და ასე ვთქვათ, "გაისწორა". მერე რას იზამს, ვნახოთ. ნანა გარეგნულად ძალიან ჰგავს ირაკლის, სუნიც კი მისი ასდის. კარგი ბავშვია, მაგრამ ცოტა თავნებაა. პრინციპულია და უსამართლობას ვერ იტანს. მსახიობური ნიჭი აქვს.

ქეთათო - მეფის მთავარი სიყვარული

- ქეთათო მისი შემოქმედების ყველაზე დიდი დამფასებელია. ირაკლის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული 2000-იანი წლებია. მე მაინც ვფიქრობ, რომ მას შუა ასაკის კრიზისი აწუხებდა, რომელიც მამაკაცებში უფრო ძლიერადაა გამოხატული. როცა პატარა ნანა გაჩნდა, პასუხისმგებლობის სიმძიმე მეტად იგრძნო. ალბათ ფიქრობდა, მშობლები დიდხანს არ მეყოლება და მერე რა უნდა გავაკეთოო... მე ყოველკვირეულ "პენსიას" ვაძლევდი. ვიცოდი, რომ ირაკლის ფულის "კეთება" არ შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებდა, ამიტომ ხელს ვუწყობდი.

"მეფობის" ხანა და საზოგადოებიდან მომდინა­რე კრიტიკის "გავლენა"

- ირაკლი თამამ ნაბიჯებს არასდროს ერიდებოდა. აბა, საკუთარ თავს მეფე რომ უწოდო, ესეც ხომ არ არის მარტივი საქმე?! მახსოვს, ეს პირველად სცენაზე თქვა, კონცერტის ბოლოს, როცა ტაშს უკრავდნენ, - გმადლობთ, გმადლობთ, თქვენი მეფეო (იცინის). ფაქტია, რომ ეს მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამისთვის ვიღაც აუცილებლად გალანძღავდა. ლანძღვასაც და აღფრთოვანებასაც წყნარად იღებდა, ნონკონფორმისტი იყო და არაფრის ეშინოდა. როცა აკრიტიკებდნენ, რეაქცია არ მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ირაკლის ეს უხაროდა (იცინის). რაღაცებს სწორედ იმისთვის აკეთებდა, რომ სხვებს ელაპარაკათ. ასეთ საკითხს პარლამენტში რომ გაიტან განსახილველად, ამაზე კარგი რა უნდა იყოს ავტორისათვის?! შემოქმედს რაც უფრო მეტად გალანძღავ, მით უფრო წინ წასწევ. ლანძღვა საკუთარ თავზეც გამოვცადე, როდესაც 1959 წელს, პირველი ქართულენოვანი როკ-ენ-როლი დავწერე, ელვის პრესლის ტიპის. მაშინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სამშენებლო ფაკულტეტის ორკესტრი მყავდა და მათთან ერთად გავახმოვანე. ცუდი არ იყო. თუმცა, გაზეთ "კიროველში" "გულისამრევი" და "საშინელი" უწოდეს. მაგრამ მე მათთვის პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა და ეს "განაჩენი" "განაჩენად" რჩებოდა... ირაკლიმ კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. მართალია, ეკონომიკაში ძალიან მიამიტი იყო, მაგრამ კულტურასა და "სოციოლოგიაში" კარგად ერკვეოდა.

მარად ახალგაზრდა შემოქმედი

- ესკეიპიზმს - ამ სამყაროდან გაცლას მიმართავდა... ამას კი მოჰყვა ისეთი მომენტები, რომლებმაც ფაქტობრივად, ის მოკლა. სიკვდილამდე დაახლოებით 5-6 დღით ადრე ვუთხარი კიდეც, - ირაკლი, თავს იკლავ-მეთქი. შევამჩნიე, რომ რეალობას გაურბოდა. მოგეხსენებათ, ეს სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ როგორც ის აკეთებდა ამას, ნამდვილად საშიში იყო. რაებს ლაპარაკობო? - მითხრა... რამდენიმე დღის შემდეგ, ის უკვე აღარ იყო. ირაკლის ძალიან უჭირდა, საკუთარი თავი ხანში შესული წარმოედგინა, სიბერე არ უნდოდა და ასეთი ირაკლი მართლაც, ძნელი წარმოსადგენია. ალბათ ესეც იყო კრიზისის განმსაზღვრელი. როდესაც 45 წლის ხარ, რისაც ასე გეშინია და არ გინდა, ნელ-ნელა ახლოვდება. მარად ახალგაზრდა უნდოდა დარჩენილიყო და ასეც მოხდა, მაგრამ ირაკლის ბიოგრაფია მისი სიკვდილით არ დასრულებულა, გრძელდება და მეტსაც გეტყვით, მისი შეფასების დინამიკა დღემდე სულ უფრო მზარდია. მადლობელი ვარ იმ დაფასებისათვის, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ვხედავ და ვგრძნობ.

- პირველად როდის გაიგეთ, რომ ირაკლი ნარკოტიკს მოიხმარდა?

- საკმაოდ ადრე, მაგრამ მერე მიანება თავი. ირაკლიმ რაც დაწერა, უწამლოდ დაწერა, სხვაგვარად ვერ შეძლებდა. რომანში აღწერს მის, გეგასა და ირაკლი კოსტავას ამბებს, რომელიც ლენინგრადში გადახდათ. მაშინ ის, დაახლოებით, 20 წლის იქნებოდა, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი, საეჭვო მდგომარეობაში არ მინახავს, ალბათ მცირე დოზებით მოიხმარდა. მერე უკვე, როცა მისი მეუღლე ლენა იყო, 1-2 ეპიზოდი მახსოვს, როცა ეს ამბავი გავიგეთ და გარკვეული ზომებიც მივიღეთ, რამაც გავლენა იქონია და ნელ-ნელა თავი მიანება. ჩემთვის, როგორც მამისთვის, ამის გაგება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო, მაგრამ მაშინ ეს პანდემია იყო, მოდად იქცა და ყველაზე მოწინავე ახალგაზრდები აიყოლია. ირაკლიმ სძლია და შემოქმედებითი უნარი შეინარჩუნა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდა, ოღონდ - ჩვეულებრივ სამედიცინო საშუალებებზე გადავიდა, რადგან როგორც აღვნიშნე, რეალობისგან მოწყვეტა სჭირდებოდა. იმედი მაქვს, ეს სენი წარსულში დარჩება და მოდური აღარ იქნება, ეს ხომ დამღუპველია.

ირაკლის სამეგობრო

- მისი მეგობრების უმეტესობა, სამწუხაროდ, ადრე დაიღუპა. უნიჭიერესი ბიჭები იყვნენ. თვითმფრინავის გატაცების ცნობილ ამბავში, მოგეხსენებათ, ირაკლი არ მონაწილეობდა. ის პოლიტიკაში რადიკალიზმს არ იჩენდა, ამ საკითხს ცოტა ზემოდან უყურებდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა მისთვის მიუღებელი იყო. რა ხდებოდა თვითმფრინავთან დაკავშირებით, არ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ არც მხარს აუბამდა. იმ ბიჭებიდან ირაკლის მეგობარი მხოლოდ გეგა კობახიძე იყო.

თვითმფრინავის გატაცება - "ჯინსების თაობა"

- საშინელი დღე იყო... თვითმფრინავი 18 ნოემბერს გაიტაცეს, ამბავი კი ირაკლის დაბადების დღეს - 19 ნოემბერს გავრცელდა. ამ სახლში, მისაღებ ოთახში მაგიდასთან ვისხედით, ჩემი ირაკლი და ირაკლი კოსტავაც აქ იყვნენ. გეგა, ბუნებრივია, იმ დროს თვითმფრინავში იყო, ამათ კი არაფერი იცოდნენ. "მშვიდ ცურვაში" უწერია ირაკლის, ეს ერთადერთი საიდუმლო გახლდათ, რომელიც გეგამ არ გამიმხილაო... ორი დღით ადრე ნახა და ერთადერთი, რაც გეგამ გააკეთაო, - წერს - იყო ის, რომ სიგარეტი მომაწოდა და თქვა: - თურკისჰ ბლენდ... ბიჭები გაოგნებულები ისხდნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ. გეგა მათთვის იმდენად ახლობელი ადამიანი იყო, რომ სადღაც გულის სიღრმეში ცოტა წყენაც ექნებოდათ, რომ მისი გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ იმ დროისათვის გეგა ყმაწვილების იმ ახალ ჯგუფთან უფრო მეტად იყო დაახლოებული და ირაკლის ამას ვერ ეტყოდა. ჩემთვის ეს უდიდესი შოკი გახლდათ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ როდესაც სასამართლოზე გეგას დახვრეტა მიუსაჯეს, პირველი შემთხვევა იყო, როცა ცრემლი წამომივიდა. ისეთი ეპოქიდან მოვდივარ, როცა მამაკაცური ქცევის ნორმები გამორიცხავდა სისუსტეს და ჩემს თვალზე ცრემლი, რა თქმა უნდა, მანამდე არავის უნახავს. ზუსტად მაშინ, ერთი მელოდია გამიჩნდა თავში, რომელიც ამ ბიჭებთან იყო დაკავშირებული და მთელი ამ წლების განმავლობაში მახსენდებოდა. მერე, როცა ირაკლი გარდაიცვალა, ნოტებზე გადავიტანე. ჩემს საფორტეპიანო მინიატიურების ალბომში მას "სევდა 1" დავარქვი, "სევდა 2" კი ჩემს მეუღლეს, ნანას მივუძღვენი.

თაობის სიკვდილი და მუსიკაში გაცოცხლებული სული

- როცა ირაკლი კოსტავამ თავი ჩამოიხრჩო, პირდაპირ ქვითინი ამივარდა... ჩემი ირაკლი დილით ოთახში შემოვიდა და ეს ამბავი შემატყობინა. ეს თითქოს მხოლოდ ირაკლი კოსტავას სიკვდილი კი არ იყო, არამედ - მთელი თაობის, ახალგაზრდობის, ბავშვობის... ირაკლი კოსტავას მამა - მერაბი ჩემი კლასელი იყო და ბავშვობაში ძალიან ახლოს ვიყავით, მოსკოვშიც კი იყო ჩემთან ორი კვირით ჩამოსული, როცა იქ ვცხოვრობდი, 50-იან წლებში. ამ ბიჭების ამბავმა ჩემთვის რაღაც კრებითი, სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა - ეს ყველას სიკვდილი იყო. თავის წიგნში ირაკლი სხვა მეგობრებზეც წერს. მათ ვერ მოასწრეს იმის გაკეთება, რაც ირაკლიმ მოასწრო, რადგან მან 45 წლამდე მაინც იცხოვრა და ამან საშუალება მისცა, პოტენციალის რეალიზაცია მეტ-ნაკლებად მაინც მოეხდინა. ის არც გაჩერდებოდა, სულიერად მუდმივად იზრდებოდა და არც დაბერდებოდა, რადგან შინაგანი ზრდა ერთადერთია, რაც ადამიანს არ აბერებს. მჯერა, ბევრ ახალ სიმღერას შექმნიდა ირაკლი და არა მხოლოდ მელოდიურს!.. ის ყოველთვის გრძნობდა მომავალს, თითქოს 20 წლის შემდგომი გადმოსახედიდან უყურებდა აწმყოს. ჩემთვის და ნანასთვის ირაკლის სიკვდილი უდიდესი ტრაგედია იყო. ნანა ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ირაკლის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი არ გაუნელდა. ნანაც დაავადდა, ისიც აღარ არის და ახლა მათ სურათებს ველაპარაკები... ბოლო ხანებში უფრო ღრმად ჩავიხედე ირაკლის მუსიკაში და დავწერე ტრიპტიქი, სამი სიუიტისგან შემდგარი - "ირაკლიანა". მის 20 სიმღერაზეა აგებული და ყოველ დილით, მთლიანად ვუკრავ, რადგან ირაკლის ეს აცოცხლებს. ბუნებრივია, ნანასა და ირაკლის საფლავზე დავდივარ. ვიცი, რომ ის ჩემიცაა, მაგრამ გამოგიტყდებით, საფლავი ჩემზე ემოციურად არ მოქმედებს, მუსიკა კი - ძალიან ძლიერად. ის ჩვენთვის მიუწვდომელი, ტრანსცენდენტური რეალობის პროდუქტია და ამიტომაც, მას მისტიკური ძალა აქვს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია