რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

რატომ ინარჩუნებენ დღემდე "ნაციონალები" წამყვან პოზიციებს საელჩოებში? რატომ არ ინტერესდება ამით საგარეო საქმეთა მინისტრი? რატომ უნდა განთავისუფლდნენ უცხოეთის საელჩოებიდან, პირველ რიგში, დამლაგებლები და მომღერლები?

ამ საკითხებზე "ალიას" პორტუგალიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" პირველი შტაბის შემქმნელი ირაკლი ბარამიძე ესაუბრა:

- ბატონო ირაკლი, როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეთ პორტუგალიაში საქართველოს ელჩის მოხსნის თხოვნით. რას ერჩით, რატომ ითხოვთ მის მოხსნას?

- 2010 წლიდან პორტუგალიის საელჩო და ელჩი გოგა გორგილაძე ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეების დაცვას. ერთი მაგალითი, ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ საელჩომ საქართველოს რომელიმე მოქალაქის დაცვა მოახერხა. მაგალითსაც მოგიყვებით. გააჩერეს საელჩოს მანქანა, მოგეხსენებათ, დიპლომატიურნომრიან მანქანას იმუნიტეტი იცავს. მძღოლი ნასვამი იყო და პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა. საელჩომ რომ ვერ მოახერხა მძღოლის დაცვა, მარტივი გამოსავალი იპოვა და გაათავისუფლა სამსახურიდან. მიუსაჯეს 5 წელი. 6 იანვარს გადაწყდა, რომ ეს ადამიანი ექსტრადირებული უნდა ყოფილიყო საქართველოში. დარწმუნებული ვარ, საელჩოს 6 იანვრამდე არ მოუკითხავს ეს ადამიანი. პროცედურები დასრულდა, დოკუმენტები გადაიგზავნა და 6 იანვარს ეს ადამიანი აეროპორტის სადეპორტოში, სადაც უნდა ჩაესვათ თვითმფრინავში, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

- თავი რატომ მოიკლა, ხომ არ გაგირკვევიათ?

- ამ ადამიანის მგეობრებმა და ახლობლებმა მითხრეს, არანაირი საფუძველი მას თავის ჩამოხრჩობის არ ჰქონდაო. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ან მოკლულია იქ პატიმრების მიერ, ან ისეთი რამ მოხდა, რასაც პოლიცია მალავდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სანამ ჩემი მეგობარი პორტუგალიელი ადვოკატი არ მივიდა პოლიციაში და ოფიციალურად არ გააკეთა განაცხადი, არ უთხრეს, რომ ეს მძღოლი 21 იანვარს ნახეს ჩამომხრჩვალი. 6 იანვარს ჩამომხრჩვალ ადამიანზე 21-ში თქვეს, გარდაიცვალაო. ამის შემდეგ გარდაცვალების ფაქტს იგებს საქართველოს საელჩო ჩვენგან და იმის მაგივრად, რომ ელჩმა რაიმე მწუხარება გამოთქვას, ამბობს, ამ მძღოლს ინტერპოლი ეძებდა და თავი იმიტომ მოიკლაო.

- როგორ ფიქრობ, რატომ ინარჩუნებს ეს ადამიანი დღემდე ამ თანამდებობას?

- არაერთხელ მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ადამიანის შესახებ და ვწერდი მიზეზს, რატომ უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან ეს ადამიანი, ელჩის მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა, მაგრამ, ამ მხრივ, არაფერი გაუკეთებია. პირადადაც კი შევხვდი მაია ფანჯიკიძეს, ვესაუბრე, ვთხოვე, კეთილსინდისიერი ადამიანი არ არის ეს გორგილაძე, საელჩო ქმედითუუნაროა და გადააყენე-მეთქი.

- რა გიპასუხათ?

- თავს არიდებს კონკრეტულ პასუხს და ამბობს, ცოტა დრო დარჩა ისედაცო. გავითვალისწინე, რომ ამ ადამიანს უწევდა როტაცია და ვიფიქრე, რომ ფანჯიკიძე ამას ელოდებოდა, მაგრამ დღეს ამაზე გაჩერება და თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პორტუგალიაში ჩვენი მეგობრები, დები, დედები ცხოვრობენ და მათზე ყოველდღიურად აისახება გორგილაძის თავნებობები.

- პირად საუბარში მითხარით, გორგილაძე "ნაციონალების" საქმეს აკეთებდა პორტუგალიაშიო. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს საქმის კეთება?

- "ნაციონალებმა" დასვეს ეს ელჩი, რომელიც გამოდგა უუნარო და არაფრის მაქნისი, სამაგიეროდ, ის იყო სააკაშვილის პროტოკოლის უფროსი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც მთელი პროტოკოლის სამსახური წამოიყვანა პორტუგალიაში და აქეთ დამიწყო ბრძოლა.

- რატომ გებრძოდნენ?

- "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს არ მარეგისტრირებდნენ. ამ ადამიანებს ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ამათ გამო ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც გაეროში პორტუგალიის მხარდაჭერა, ვერც ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მხოლოდ ჩვენს ნატოში გაწევრიანებას მიესალმა, ამდენი მოვახერხეთ. საელჩო სრულად არის ჩავარდნილი. მიზეზების შესახებ ღარიბაშვილიც საქმის კურსშია და ფანჯიკიძეც.

- ბევრ საელჩოშია ანალოგიური ვითარება, სავსეა ძველი კადრებით...

- პირველ რიგში, ყველა ახალ კონსულსა და ელჩს ვურჩევ და მოვუწოდებ, გაათავისუფლონ მძღოლები და დამლაგებლები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ "ნაციონალების" რეჟიმს. ეს დამლაგებლები არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ელჩზე მეტი ინფორმაცია, ხედავდნენ ბევრ რამეს და ექნებათ მოტივი, კავშირი გააგრძელონ ძველ ელჩებთან. ყველას მოგიწოდებთ, ელჩებო, რადგან ეს ის ხალხია, არჩევნების დროს "ნაციონალებზე" რომ მუშაობდნენ, ემიგრანტ ქართველებს სააკაშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვდნენ, არალეგალებს დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ "ნაციონალებს" ხმას არ მისცემდნენ. ეს კატეგორიაა, რომელიც ყველა ახალმა ელჩმა უნდა გაათავისუფლოს, თორემ დაიღუპებიან. ვინმემ იცის, რა ინფორმაციებს აწვდიან საელჩოებიდან "ნაციონალებს" და მათგან რა დავალებებს იღებენ?

- ახალ ელჩებზე რას იტყვით?

- კარგს ვერაფერს, ჩვენ გვყავს ერთი ელჩი, პატარიძე, რომელიც ახლა ყაზახეთის ელჩია და რომელიც "ზონდერობდა" "ნაციონალების" სახელით. თურქეთში იყო კონსული, "ზონდერობდა" საკუთარ ხალხზე, ამოჰყავდა ხალხი გენერალურ საკონსულოში, აშინებდა და ემუქრებოდა. ეს ადამიანი კი არ მოხსნეს, პირიქით, დააწინაურეს. არის კიდევ ერთი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც საფრანგეთის საელჩოში დესპანია. ეს ის ადამიანია, უტა ივანიშვილმა რომ "ოცნების" მაისური ჩაიცვა და ერთი ამბავი ატეხა, ლამის საფრანგეთში საარჩევნო უბანი დახურეს. აი, ეს ადამიანები შეადგენენ დღეს ქართულ დიპლომატიას. თავად საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ბევრი არავინ განთავისუფლებულა და ისევ ძველი კადრებითაა სავსე. იქ არის მთავარი "ზონდერი", გელა ბუკია, რომელიც მთავარი ფინანსისტია. მან მოტყუებით გამახსნევინა საელჩო პორტუგალიაში ჩემი სახსრებით და მერე არ ამინაზღაურა. ვთხოვ ფანჯიკიძეს, კადრებს გადახედოს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ