ზამთრის ტურისტული სეზონი განწირულია?!

ზამთრის ტურისტული სეზონი განწირულია?!

სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ჩავარდა. ამინდის გამო გუდაურის სასტუმროებს მუშაობა 90%-ით შეუმცირდათ. ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა ბაკურიანში. კურორტზე თოვს, რის გამოც ადგილობრივმა სასტუმროებმა დამსვენებელი შეინარჩუნეს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა შაბათ-კვირაობითაა.

საერთო ჯამში კი, ორივე კურორტზე რთული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, თეთრი ტურიზმი საქართველოში კრიზისს განიცდის. თოვლის სიმცირის გამო წლეულს სეზონი ისედაც გვიან გაიხსნა.

გუდაურის წამყვან სასტუმროებში აცხადებენ, რომ საახალწლო ნაკადის გასტუმრების შემდეგ დამსვენებელი არ ჰყავთ. ტრადიციულად, კურორტზე ტურისტების უმეტესი ნაწილი უცხოელები არიან. კერძოდ, დიდი აქტივობა შეიმჩნეოდა რუსეთიდან, თუმცა, ამინდის გამო, გუდაურს არც რუსი ტურისტები სტუმრობენ.

თოვლის მოსვლას კურორტზე უკვე 13 იანვრიდან - სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ ელოდებიან. ამ დროისთვის გუდაურში საბაგირო მომსახურების საფასური განახევრდა და 15 ლარი ღირს.

სულ ცოტა ხნის წინ მთელი მთავრობა ზამთრის კურორტებზე დამსვენებლების მოზღვავებაზე საუბრობდა. არადა, აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, დამსვენებლები არც ყაზბეგს, მესტიას, ბეთანიასა და გომარდულს ჰყავს.

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ერთდღიანი დასვენების ფასი 30-დან 350 ლარამდეა. ათდღიანი დასვენება საოჯახო სასტუმროში 800 ლარი ღირს, მაღალი კლასის სასტუმროში - 3500 ლარი, ხოლო კოტეჯში კვების გარეშე დასვენების ფასი 300 ლარია.

რაც შეეხება ბაკურიანს, კურორტზე 150-ზე მეტი საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ბინის დაქირავება, საშუალოდ, 50 ლარი ღირს. მსხვილ სასტუმროებში, რომელთა რაოდენობა კურორტზე 25 შეადგენს, ნომრის ფასი 3-ჯერადი კვებით 120 ლარიდან იწყება. ბაკურიანში ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს წარმომადგენელი ლელა ადამიანცი ამბობს, რომ კურორტზე თოვს, რის გამოც დამსვენებლები აქტიურობენ.

"თოვს და ამან დამსვენებელს სტიმული მისცა. არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ უკმაყოფილოც არ ვარ. აქტიურობა განსაკუთრებით შაბათ-კვირაობითაა. უცხოელებთან ერთად, ადგილობრივებიც ისვენებენ. კარგი იქნება, რომ ტურისტებს გართობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურა დასახვეწია. სხვა მხრივ, აქ პრობლემა არ არის", - ამბობს ლელა ადამიანცი.

ყველაზე მეტი ტურისტი ყოველთვის გუდაურში იყო, თუმცა ადგილობრივი სასტუმროების ცნობით, წელს განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა შუა სეზონზე კურორტი დამსვენებლების გარეშე დარჩა.

სასტუმრტო "თრუსოს" მენეჯერი ლევან კარიჭაშვილი აცხადებს, რომ სეზონი ჩავარდა და ეს, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ!

"დამსვენებელთა რაოდენობამ კურორტზე 90%-ით და მეტადაც იკლო. თოვლი არ არის და სხვა რა ჩამოიყვანს ხალხს დასასვენებლად? საახალწლოდ ჩვენმა სასტუმრომ სრული დატვირთვით იმუშავა. უფრო მეტად უცხოელები ისვენებდნენ, ადგილობრივი ტურისტები - ნაკლებად.

ახალი წლის შემდეგ ტურისტები სადღაც გაქრნენ. ამ ეტაპზე სულ 2 ვიზიტორი გვყავს, ეს არის და ეს. შემთხვევითი მგზავრი თუ შემოვა, დასასვენებლად არავინ ჩამოდის. სხვა მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ამინდმა არ გაამართლა.

ფაქტია, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჩვენ ვართ თოვლზე დამოკიდებული. როცა ამინდი შესაფერისია და თოვს, დამსვენებელიც ბლომადაა. შარშან თოვლი გუდაურში თებერვლის დასაწყისში მოვიდა, რის გამოც იანვარი მაშინაც პასიური იყო. ჩვენი ბიზნესი ამინდზეა დამოკიდებული, ინტერესი ყოველთვის არის, მაგრამ ამინდმა ხელი თუ არ შეგვიწყო, დამსვენებლის დეფიციტი ყოველთვის იქნება", - ამბობს კარიჭაშვილი.

ანალოგიური პრობლემებია სხვა სამთო კურორტებზე, სადაც ისედაც მძიმე მდგომარეობა და დიამეტრალურად განსხვავებული ვითარება იყო. ადგილობრივ სამთო კურორტზე ერთადერთი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "თეთნულდი" ტურისტების ნაკლებობას უჩივის. სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტუმრები არც ახალი წლის დღეებში ჰყავდათ. სასტუმრო "თეთნულდმა" საახალწლოდ 50 ვიზიტორი მიიღო და დაახლოებით დამსვენებლების იგივე რაოდენობა დაფიქსირდა საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც.

დამსვენებელის გარეშეა მთიანი ყაზბეგიც. ადგილობრივთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურისტები არ ჩანან. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ამის მიზეზი ამინდი იყოს, თუმცა ბოლო წლებში ყაზბეგს სტუმარი ისედაც აკლდა.

"სახარბიელო ვითარება არც შარშან იყო, თუმცა ამ დროს გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა. ახლა თითქმის ცარიელია როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ადგილობრივები ისედაც ნაკლებად ისვენებენ, უფრო უცხოელი დამსვენებლების იმედად ვართ, მაგრამ წელლს ისინიც პასიურობენ", - ამბობს ნინო ქართველიშვილი, დაბა სტეფაწმინდის მკვიდრი.

მისი თქმით, საოჯახო ტიპის სასტუმროში 1 ადგილის საფასური 30-დან 50 ლარამდე მერყეობს. ხოლო მსხვილ სასტუმროებში მომსახურების ფასი 100 დოლარსაც აჭარბებს.

საგანგაშოა ტუროპერატორთა შეფასებაც. ტურისტული კომპანია "იმპერიალ თრეველის" მენეჯერის განცხადებით, სეზონი უკიდურესად პასიურია.

"მოლოდინი, რაც სეზონამდე გვქონდა, არ გამართლდა. სხვა კომპანიების მდგომარეობით არ დავინტერესებულვართ. ჩვენს მაგალითზე კი შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ამ ეტაპზე მომხმარებელი საერთოდ არ გვყავს, სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა, საბოლოოდ მაინც ამინდზე ვართ დამოკიდებული.

სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. მისი ავ-კარგიანობა თოვლსა და დამსვენებელთა აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს რომან კუპრეიშვილი, სასტუმროს მენეჯერი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია