რა დავაშავეთ არამწეველებმა?!

რა დავაშავეთ არამწეველებმა?!

ძალიან მშიოდა და ამიტომ შევედი კაფეში, თორემ როგორც წესი, ვერიდები ისეთ დაწესებულებებში შესვლას, სადაც ნებადართულია მოწევა და არავინ დარდობს, შენ სულის ხუთვა გეწყება თუ თავის ტკივილი ნიკოტინის მძაფრ სუნზე...

თავისუფალი ადგილი ვნახე თუ არა, ჩამოვჯექი და რადგან ოციოდე წუთი მქონდა, თავად მოვიტანე ყავაც და ნამცხვარიც მაგიდასთან.

ჩემ წინ ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა ორ პატარა გოგონასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი შეუსვენებლად ახველებდა.

- გაცივებულია?! - ვიკითხე თანაგრძნობით.

- არა, როგორც ჩანს, სიგარეტის კვამლზე აქვს რეაქცია, - დაბოღმილმა მოათვალიერა ახალგაზრდებით სავსე სივრცე, სადაც სამიდან ორი მაინც ეწეოდა და ბავშვებს ჭამის დასრულება არ აცალა, - წავიდეთ, მამი და სხვა კაფე მოვძებნოთ, სადაც არ ეწევიან...

ისინი წავიდნენ და მე იმაზე დავიწყე ფიქრი, არსებობს თუ არა ქალაქში კაფე, სადაც მოწევა აკრძალულია და რატომღაც ვერ გავიხსენე. სამწუხაროდ, იმ დაწესებულებებშიც კი ეწევიან, სადაც გამაფრთხილებელი წარწერებია გაკეთებული: "ჩვენთან არ ეწევიან!"

ვიცოდი, რა პასუხსაც მივიღებდი, მაგრამ მაინც ვუსაყვედურე კაფეს მეპატრონეს:

- უამრავი ბავშვი შემოდის აქ და რატომ არ არის აკრძალული მოწევა?

- მოწევა რომ ავკრძალო, კლიენტების ნახევარი გამექცევა და რით ვიარსებო მერე?

...დიდი ხანია ვიბრძვი, რომ ჩემი ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთდეს წარწერა, რომ მძღოლი მწეველია და თუ უსაშველო არ მჭირს, აღარ ავალ სალონში, სადაც ორიოდე წუთში მეწყება ასთმური ხუთვა და იმის ნაცვლად, ვინმემ მომიბოდიშოს, უკმაყოფილოდ ბუზღუნებენ მწეველები და განსაკუთრებით მძღოლი ცხარობს: - თუ ავადმყოფია, ვერ დაეტევა სახლში? რამდენი სიგარეტი მომინდება, იმდენჯერ რომ გავაჩერო მანქანა და ძირს ჩავიდე, მგზავრი მე მომიცდის?!

ამას წინათ ვერ მოვითმინე და ენა შევუბრუნე მამის ტოლს:

- თქვენ სიგარეტის მოწევით ფილტვებს ილპობთ და ავადმყოფი მე ვარ?!

იმის ნაცვლად, ჩემი მხარე დაეჭირათ, მომდგნენ, მაგრამ რას მომდგნენ?! ქალიც და კაციც, ახალგაზრდაც და ასაკოვანიც: ელაპარაკე ახლა ამას... კაცს თავისი გასჭირვებია, უფილტრო სიგარეტს ეწევა დარდისგან ტვინარეული და ესეც არ შეარგო იქნება!... თუ ვერ იტან სიგარეტის სუნს, დეიჭირე ტაქსი და წაი, საცხა მიდიხარ...

რატომ უნდა დავიჭირო ტაქსი და რატომ უნდა მასწავლო, როგორ და რანაირად ვიმგზავრო?! - საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმისია, რომ ჩემს სურვილსაც უნდა გაუწიოს ვინმემ ანგარიში და ცხვირში არ შემომაბოლოს...

თუმცა, პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას აზრი არა აქვს, რადგან ისინი ბევრნი არიან, მე კი რატომღაც - ერთი...

ინტერნეტიდან ამოვბეჭდე და ჩემს სამუშაო კაბინეტში გავაკარი არამწეველის ჯანსაღი და მწეველი ადამიანის გაშავებული ფილტვების ფოტო, რომ თუ ყველა არა, ერთი-ორი ადამიანი მაინც დამეფიქრებინა, რა ზიანს აყენებს ჯერ თავის თავს და მერე - სხვებს, როცა იძულებულს ხდის, მისი გამონაბოლქვი ისუნთქოს. შენც არ მომიკვდე - შემომხედავენ და რადგან არ ვეწევი, შეთანხმებულებივით მეკითხებიან, ავად ხომ არა ვარ. მართლა აღარ ვიცი, რა ვქნა და ვის მივმართო, რომ ქვეყნის მასშტაბით დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ პირველ რიგში არამწეველების ინტერესები იქნას დაცული და მერე იფიქრონ მწეველებზე, რომლებიც არც ცდილობენ ჩემნაირებს ანგარიში გაუწიონ. მე კი არც ავადმყოფი ვარ და არც თეთრი ყვავი. ვარ ადამიანი, რომელსაც არ უნდა დიდი ქალაქების ისედაც დაბინძურებულ ატმოსფეროში, დამატებით სხვისი გამოშვებული კვამლი ყლაპოს და მხოლოდ იმიტომ მოითმინოს, რომ იმ ვიღაცას სიგარეტი ნერვების დაწყნარებაში ეხმარება...

სხვათა შორის, ევროპასთან ასოცირება რომ გვიხარია და თავს ვიკლავთ - ძირძველი ევროპელები ვართო, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნებში მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებშია მოწევა ნებადართული და დანაშაულად ითვლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის გაბოლება და იქნებ არც კი გვიღირს ქართველებს ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, იმ კარის შეღება, სადაც ჩვენს ჭკუაზე არავინ გვაპარპაშებს და კანონების პატივისცემას გვაიძულებენ?

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია