ბიძინას მეორედ მოსვლა...

ბიძინას მეორედ მოსვლა...

ის ისევ მოდის, თუმცა სამოქალაქო სექტორში. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქის სტატუსით და ახალი საქმიანობით ბრუნდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლა უკვე სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას გეგმავს – ივანიშვილი ახალი ამოცანის შესასრულებლად 20 წლიანი ციკლის ათვლას იწყებს...

ორგანიზაცია, რითაც ივანიშვილი ახალი ამოცანის შესრულებას გეგმავს, საჯარო რეესტრში გუშინ დარეგისტრირდა. ლიდერის სტატუსის მსგავსად მოძრაობის სახელწოდებაც "მოქალაქეა". ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია 28 იანვრამდე გასაიდუმლოებულია და მათზე უკვე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე თავად ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს, თუმცა მანამდე Ambebi.ge ორგანიზაციის წესდებას საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გაეცნო. წესდების მიხედვით, ორგანიზაცია ხელს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას შეუწყობს.

"ამასთან ორგანიზაცია "მოქალაქე" იზრუნებს დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარებისთვის. იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებისთვის. ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას. შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის კონცეფციას. გამოკვეთს საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მიმდინარე გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში და განსაზღვრავს მათ გავლენას საქართველოსა და რეგიონზე", - ნათქვამია ორგანიზაციის წესდებაში.

"მოქალაქის" წესდება რამაზ საყვარელიძეს დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციების კონცეფციებს აგონებს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ მიზნებით და ამოცანებით ის აქამდე ცნობილი სამოქალაქო მოძრაობების მსგავსია. ორი რამ, რაც საყვარელიძის აზრით, ყოფილი პრემიერის ორგანიზაციას სხვებისგან განასხვავებს და რითაც "მოქალაქე" უკვე დანარჩენ მოძრაობებზე ძლიერია, თავად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და ფინანსებია.

"წესდება არასამთავრობო ორგანიზაციათა უზარმაზარ არმიას თითქმის ერთნაირი აქვს. ზოგს მეტი სიფართოვის, ზოგს ნაკლები, ასე რომ წესდებით მსჯელობა ძნელია. ამ შემთხვევაში ყველასთვის და ჩემთვისას ძირითადი მანიშნებელი იმისა, როგორი იქნება ეს ორგანიზაცია არის ბიძინა ივანიშვილი, მისი პიროვნება და სავარაუდოა, რომ ის მთავარი პრობლემა, რაც ქართულ ენჯეოებს აქვთ – ფინანსები, "მოქალაქის" წინაშე არ იდგება და მხოლოდ ინტელექტუალური, პროფესიული მხარე იქნება მოსაგვარებელი. აი, როგორი იქნება ეს, ორგანიზაციული მხარე, ამის თქმა წინასწარ ძნელია და აღნიშნულს მოგვიანებით გაარკვევს საზოგადოება", - განუცხადა Ambebi.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.

დაპირებები ეცნობა სოსო ცინცაძესაც, თუმცა მის შესრულებას პოლიტოლოგი ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. ცინცაძეს წარმოუდგენლად ეჩვენება, ივანიშვილის მიერ მთავრობის თუნდაც კონსტრუქციული კრიტიკა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ცდებოდეს - პოლიტოლოგი იმასაც განმარტავს, რომ ივანიშვილი არაპროგნოზირებადია, ვინაიდან დაამტკიცა, რომ შეუძლებელიც შეუძლია...

"უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ სულ დაპირებების რეჟიმში, დაწყებული პირველი დაპირებიდან, რომელიც შევარდნაძის პერიოდს უკავშირდება და შეეხებოდა იმას, რომ საქართველო აყვავდებოდა. მეორე დაპირება იყო, რომ აფხაზეთთან ომს ღირსეულად დავამთავრებდით, ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენდით და აფხაზებიც ჩვენზე ლოცვას დაიწყებდნენ, თუმცა ეს რითი დამთავრდა ყველამ ვნახეთ, ამიტომ მე ამ შემთხვევაშიც ურწმუნო თომას პოზიციაში შეიძლება გამოვიდე. კი, ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი სიურპრიზის მომსწრე გაგვხადა და შეუძლებელი გააკეთა, თუნდაც არჩევნებში სააკაშვილის დამარცხებით, მაგრამ მეორეს მხრივ აქ სხვა სიტუაციაა - ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა როგორ უნდა დაიწყოს თუნდაც კონსტრუქციული კრიტიკა მის მიერვე შერჩეული მთავრობის. ამას დავიჯერებდი სხვა მთავრობა რომ ყოფილიყო და მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი მისი ხელდასმული არ იყოს. მთავრობის სელექცია თავიდან ბოლომდე მან მოახდინა და ვერ წარმომიდგენია, მინისტრებთან, რომლებზეც გუშინ იძახდა, რომ ძალიან კარგები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, დღეს პრეტენზიები ჰქონდეს. ძნელია წინასწარ შეფასებების გაკეთება, სანამ არ მოვისმენთ ივანიშვილის პირველ კომენტარს მთავრობის ეფექტურობაზე - თუ მან იმის მტკიცება დაუწყო ხალხს, რომ ლარი გამყარდა, ცხოვრება გაუმჯობესდა, ფასები დაეცა, პროდუქცია მეტი შემოდის და ტერიტორიებს ვიბრუნებთ, მაშინ სხვა ამბავთან გვექნება საქმე... დღეს შეფასება ძნელია. დღეს ჩემი პოზიცია ასეთია – ფრთხილი ოპტიმიზმი, არავითარი ეიფორია", - განუმარტა სოსო ცინცაძემ Ambebi.ge-ს.

იმაში, რასაც პოლიტოლოგები ეჭვის თვალით უყურებენ, დარწმუნებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ახალი ამოცანის ამოხსნა გაუჭირდება. პრემიერი განმარტავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისიაა და მიიჩნევს, რომ მის შესრულებას საუკეთესო ხელმძღვანელი ჰყავს.

"რა თქმა უნდა, მივესალმები ორგანიზაცია "მოქალაქის" ჩამოყალიბებას, რადგან სამოქალაქო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისიაა. სამოქალაქო საზოგადოებას განვითარება ნამდვილად სჭირდება და მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ჩვენი საზოგადოების განვითარება აუცილებელია, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი, საჭიროა თანხვედრი პროცესი", - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი მოთამაშის გამოჩენას უკვე გამოცდილი ენჯეოებიც მხოლოდ მიესალმებიან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბება სამოქალაქო სექტორს უფრო განამტკიცებს. ახალ მოთამაშეს წარმატებას უსურვებს კახა კოჟორიძეც, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე "მოქალაქის" დაარსებასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებას ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შემდეგ არჩევს.

"ვფიქრობ, რომ უკვე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ნამდვილად არანაირი ცვლილება არ იქნება, ზოგადად გარემო, რა თქმა უნდა, შეიცვლება თუკი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდება და ეს არის, პირიქით, კარგი, რადგან ჩვენ გვეყოლება კონკურენტი ან თანამოაზრე", - აცხადებს ეკა გიგაური.

ბიძინა ივანიშვილი მის მიერ ერთი დღის წინ დაარსებული ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ 28 იანვარს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. მისი გამართვის ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პრესკონფერენციას ქართულის გარდა, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ისე როგორც ორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია, 28-მდე გასაიდუმლოებულია წევრთა ვინაობაც. ერთადერთი კადრი, რომელიც ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გახდა ცნობილი "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი, "ჯიპას" კურსდამთავრებული გიორგი საბანაძეა...

ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსის რანგში საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს დაემშვიდობა. ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაანონსა, რომ ახალი - მოქალაქის სტატუსით ბრძოლის მორიგ რაუნდს დაიწყებდა და საზოგადოება შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: "მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ"... ის დაპირების და გეგმის მიხედვით მოქმედებას განაგრძობს - ორი თვის შემდეგ ისევ მოდის...

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა