გაძვირებული პროდუქტი დიდხანს აღარ გაიაფდება

გაძვირებული პროდუქტი დიდხანს აღარ გაიაფდება

ლარის კურსის ვარდნის გამო, სამომხმარებლო ბაზრებზე პროდუქტების ფასის ზრდამ მყიდველ-გამყიდველი თანაბრად შეაშფოთა. ხალხს აქვს არც თუ უსაფუძვლო შიში, რომ მაღლა წასული ფასები ძველ ნიშნულს კიდევ დიდხანს არ დაუბრუნდება. მეტიც, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს რომ მაღალი ფასი დარჩება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც და იაფი პროდუქტების ხანა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება.

სურსათის გაძვირება აშფოთებთ მოვაჭრეებსაც, რომლებიც აქტიური მომხმარებლის დაკარგვაზე ლაპარაკობენ. ლარის მერყეობის გამო რომ არ დაზარალდნენ, მოვაჭრეები დიდ მარჟებზე მუშაობენ. ცალკე პრობლემაა პროდუქტის რეალიზაცია. ბოლო დროს ხალხი საკვებს მიზერული რაოდენობით ყიდულობს, რაც გაყიდვაზე ცუდად აისახება.

გაზრდილი ფასი თავდაპირველ ნიშნულს იშვიათად უბრუნდება თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ღირებულებას, რომელიც სეზონურად ისედაც დაბლა იწევს. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ სეზონზე კარტოფილი და ხილი გაიაფდეს, მგარამ უკვე გაძვირებული მედიკამენტის გაიაფებაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია.

ამ ეტაპზე 1 კგ კარტოფილი 1,5 ლარამდეა. ამდენივეა სტაფილოსა და ჭარხლის ფასი. 1 კ. კომბოსტო 0,40 ლარი ღირს, ყვავილოვანი კომბოსტო 2 ლარია, ხილის ფასი 1-დან 2,50 მერყეობს, ხოლო 1 კგ შაქრის ფასი 1,5 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბადრიჯნისა და ბულგარული წიწაკის ფასს, მათი მარაგი უკვე ამოწურულია. ამიტომ დხლებზე ისინი უცხოურმა ნაწარმმა ჩაანაცვლა და მათ შეძენაზე მომხმარებლების უმეტესობას ხელი არც მიუწვდება.

მომატებულია პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფასიც, თუ არ ჩავთვლით წამყვანი სუპერმარკეტების წამახალისებელ აქციებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ნაწარმს ფასი პერიოდულად აკლდება.

დიდუბისა და გლდანის სამომხმარებლო ბაზრების მოვაჭრეების თქმით, გაზრდილი ფასი ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, თუნდაც ლარი გამყარდეს, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების შიში კარგა ხნის განმავლობაში იარსებებს.

"ერთხელ გაძვირებულ პროდუქტს გაიაფება ყოველთვის უჭირს, მით უმეტეს, ამ პერიოდში, როცა ლარის კურსი სისტემატურად განიცდის რყევას. სურსათი, რომელიც ამ მიზეზით გაძვირდა, ალბათ, ვერ გაიაფდება. უფრო რთულია მდგომარეობა იმპორტული ნაწარმის შემთხვევაში.

შემოტანილი მარცვლეულით ვვაჭრობ, წიწიბურას 2 ლარად ვყიდი, ბრინჯის ფასი, ხარისხის შესაბამისად, სხვადასხვაა და 1,50 ლარიდან 4ლარამდე მერყეობს. ვფიქრობ, ამ ფასებით კიდევ დიდხანს მომიწევს მუშაობა. მთავარია, არ გავძვირდეს, გაიაფებას კი ნამდვილად არ ველოდები.

კურსი ისე ხშირად იცვლება, რომ ვერ გავრისკავთ, საბოლოოდ მაინც ჩვენ ვზარალდებით. ერთი და იგივე მომხმარებელი, რომელსაც 5 კილოგრამზე ნაკლები მარცვლეული არ მიჰქონდა, თითო-ოროლა კილოგრამობით ძლივს ყიდულობს. ზოგი შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტზეც გადავიდა", - ამბობს ციალა მიქაშავიძე, გლდანის სამოხმმარებლო ბაზრის მოვაჭრე.

"ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულით, მათ შორის, მწვანილით ვვაჭრობ. ამ პროდუქტის ფასი ზამთრის სეზონს უფრო უკავშირდება, ვიდრე ლარის კურსის ვარდნას. ბაზარზე ჩვენი ნაწარმი ჯერჯერობით არის. სანამ მარაგებია, ალბათ, არსებული ფასი შენარჩუნდება.

რასაც ირგვლივ ვხედავ, საგანგაშოა. ხალხს პოდუქტის ყიდვა მართლაც ძალიან უჭირს. დღე არ გავა, მომხმარებელთან კონფლიქტი არ მოგივიდეს. რატომღაც ჩვენზე ტყდება ჯოხი, მყიდველი მუდმივად ჩვენ გვადანაშაულებს, თუმცა ფასების ზრდის რეალური მიზეზი ყველამ იცის.

ცხადია, ყველა ჩვენგანი, იმავდროულად, მომხმერებელიცაა. მთელი დღის ნავაჭრით სახლისთვის პროდუქტს ვყიდულობდი და ცოტაც მრჩებოდა. ახლა საკვების მარაგის შეცმირება დამჭირდა, თანაც აღარაფერი მრჩება, რადგან რეალიზაციამ იკლო", - ამბობს დიდუბის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე.

ამავე ბაზრის კიდევ ერთი მოვაჭრის, მაია სორდიას თქმით, ქართულ რძეს, ყველსა და სოფლის კვერცხს ისეთი ფასი აქვს, რომ მომხმარებელს, ყიდვის ნაცვლად, თვალი გაქცევისკენ უჭირავს.

"ფასები, რაც საახალწლოდ იყო, თითქმის არ შეცვლილა, ხოლო ზოგიერთ პროდუქტზე კიდევ უფრო მოიმატა. განსაკუთრებით რძის ნაწარმი და სოფლის კვერცხია გაძვირებული. 1 ლ ქარხნული რძის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა, ხოლო სოფლის კვერცხი 0,50 ლარზე იაფად არ იშოვება.

მომხმეარებელი ბოლო დროს მუდმივად უკმაყოფილოა, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში არც ჩვენ ვართ. მყიდველი დღითი დღე გაგვირბის. როგორც კი ფასს იგებენ, გაქცევაზე უჭირავთ თვალი. ყოფითი პრობლემები მოემატათ, ჩვენც ასე ვართ", - ამბობს მოვაჭრე.

თბილისელი პენსიონერის ლალი ძოწენიძის თქმით, სურსათისა და მედიკამენტების გაძვირების გამო, გაზრდილი პენსია არ დაეტყო, პირიქით, ახლა უფრო უჭირს.

"ფასებმა მოიმატა და ამ დროს არც ხელფასები გაზრდილა და არც პენსიები. გამოდის, ის 25-ლარიანი დანამატი, რომელსაც სექტემბრიდან ვიღებთ, ფასებმა შეჭამა. პენსიის მომატება არათუ არ დამეტყო, უარეს დღეში ვარ. საკვებზე მეტად მედიკამენტების ყიდვა მიჭირს, ვცდილობ, რაღაც დავიკლო და ეს საბოლოოდ ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

როცა ეროვნული ვალუტა ყოველდღიურ რყევას განიცდის და ფასები ამ მიზეზით მაღლა იწევს, ადეკვატური ზომები უნდა მიიღონ. ასეთ პირობებში სოციალური შემწეობებისა და ხელფასების გადახედვაც უნდა მოხდეს, რომ ხალხს ყოველდღიური პრობლემები შეუმსუბუქონ", - ამბობს პენსიონერი ლალი ძოწენიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია