სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს

სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს

2014 წლის 27 იანვარს მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მომხდარ ტრაგედიას ცენტრის ექიმ-დერმატოლოგის ზურაბ ბენდელიანის და მისი პაციენტის, ანზორ ბეკურაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცენტრის ექიმმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა. ამ დრომდე უცნობი იყო  მოტივი, რის გამოც ტრაგედია დატრიალდა.

Ambebi.ge-სთვის "მიცკევიჩის" ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, 30 წლის პაციენტი ანზორ ბეკურაშვილი ექიმ-დერმატოვენეროლოგ ზურაბ ბენდელიანთან 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა. ერთწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის აზრით, არასწორმა მკურნალობამ დაავადების გართულება გამოიწვია; სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო, იმედგაცრუებულმა პაციენტმა გადაწყვიტა, ექიმზე შურისძიების რადიკალური ხერხისთვის მიემართა. ამ ვერსიას ადასტურებს მანქანაში ნაპოვნი წერილი, რომელშიც ანზორ ბეკურაშვილი დედას მიმართავდა: "დედა, მაპატიე. ტკივილს ვეღარ ვუძლებ და სანამ მე მოვკვდები, მოვკლავ იმას, ვინც ამ დღეში ჩამაგდო".

საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ექიმისთვის ცნობილი იყო პაციენტის ზრახვები და ის თავდაცვისთვის ემზადებოდა. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ იმ მომენტში, როდესაც მასთან შურისძიებისთვის მისული ანზორ ბეკურაშვილი ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიჭრა, ექიმს სამსახურში თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

გარდაცვლილების გვამები ოჯახებში უკვე გადაასვენეს. მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ასევე დაგაინტერესებთ:

აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია