რა ეღირება ზუსტად ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება, ამაზე მოლაპარაკებას საქართველოს მთავრობა გერმანულ გიგანტ TUV Rheiland Group-თან მიმდინარე კვირას დაიწყებს. თბილისში კომპანიის სამუშაო ჯგუფს უახლოეს დღეებში ელოდებიან.
თუმცა, უკვე არსებობს ხელისუფლების დაპირება, რომ საფასური ქართული რეალობის შესაბამისი და ხელმისაწვდომი იქნება.
"საფასური არ იქნება ისეთივე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს გააკეთებს საფასურის ხელმისაწვდომობაზე. ეს, TUV Rheiland Group-თან შემდგომი მოლაპარაკებების ეტაპია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ.
Ambebi.ge-მ დღეს TUV Rheiland Group-ის იმ ტარიფებს გადახედა, რომელიც ევროპაში მოქმედებს.
ევროკავშირის ქვეყნებში ტექდათვალიერება საშუალოდ 55 ევრო ღირს და თუ საქართველოს მთავრობის დანაპირებს გავითვალისწინებთ, ნაკლები ეღირება საქართველოში.
ტექდათვალიერება საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის 2003 წლიდან გაუქმდა, ვინაიდან წინა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ეს კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო იყო.
ახალი მთავრობა კორუფციის პრევენციის გარანტიას პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩართვაში ხედავს და შესაბამისად, დარწმუნებით აცხადებს, რომ ტექდათვალიერების გაუქმების მიზეზი თავის დროზე პოლიტიკური დივიდენდები გახდა.
გერმანულ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები ჯერ დადგენილი არ არის. წინასწარი ინფორმაციით კი, ტექდათვალიერების მოქმედების ვადები დამოკიდებული იქნება ავტომობილის გამოშვების თარიღზეც, ვინაიდან სალონიდან გამოყვანილ და 20 წლის ავტომანქანებზე ტექდათვალიერება ერთი და იგივე ვადით ვერ გაკეთდება.
"გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ ავტომანქანების სეგმენტაციას, თუმცა დეტალებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემებიც ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის. ასევე სავარაუდოდ, შემიძლია გითხრათ, რომ ავტომობილის გამოშვების თარიღს მნიშვნელობა არ ექნება, მთავარია, ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყოს. არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა დონის ტექდათვალიერების დაწესებასაც", - განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსმა ოთარ დანელიამ.
კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს.
TUV Rheiland Group გერმანიაში, ქალაქ კიოლნში 1872 წელს დაფუძნდა. ის მსოფლიოს 64 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 17 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის წლიური ბრუნვა კი მილიარდ 300 მილიონი ევროა.
ნინო წივწივაძე, Ambebi.ge