''საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია''

''საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია''

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს ლექსებს, თუმცა არ უყვარს გოგონებისთვის ლექსის სპონტანურად მიძღვნა. შეიძლება, ლექსი წარსულში დარჩენილმა გრძნობამ დააწერინოს. რამდენჯერმე უყვარდა. ამ თემაზე გიორგი ხმამაღლა ლაპარაკობს და არ მალავს, რომ ურთიერთობა ბევრ ქალთან ჰქონია. ჭორაობის მოყვარულებისთვის მისი პირადი ცხოვრება განხილვის საგნად არაერთხელ იქცა. ცდილობს, ამ ყველაფერს ღიმილით შეხვდეს.

- გიორგი, როგორც ამბობენ, ძალიან ბობოქარი პირადი ცხოვრება გაქვთ.

- (იცინის) ჩემზე დიადი ლეგენდები დადის.

- როგორც ვხვდები, ''ლეგენდებზე'' არ ბრაზდებით. ამას როგორ ახერხებთ?

- ცხადია, ნებისმიერი ადამიანი ინტერესდება საკუთარ თავზე გავრცელებული ჭორებით. ვერავინ იტყვის, ამ საკითხთან დაკავშირებით უგრძნობი ვარო. ხანდახან, რასაც ლაპარაკობენ, სასიამოვნოდ მოსასმენი ნამდვილად არ გახლავთ. მაგრამ ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე. როდესაც საჯარო პირი ხარ, ამ ყველაფრის თმენისა და შეგუების ვალდებულებაც გაქვს.

- ამბობენ, ცეცხლის გარეშე კვამლი არ არსებობს. თქვენ შემთხვევაში რა შეგიძლიათ თქვათ. რატომ ვრცელდება არასახარბიელო ჭორები თქვენზე?

- მასონობასთან დაკავშირებულ ჭორებს გულისხმობთ თუ სასიყვარულო საკითხებთან დაკავშირებულს?

- ამ შემთხვევაში ქალებზე ვილაპარაკოთ. გავრცელდა ჭორი, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ორგიებს აწყობთ.

- (იცინის) მგონია, რომ საზოგადოების ნაწილის წარმოდგენა ორგიებზე ცოტა უცნაურია. შეიძლება, ვინმემ ორგიად მონათლოს სადმე კაფეში რამდენიმე ქალბატონთან ერთად ყოფნა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მათ ვერასგზით ვერ შევეწინააღმდეგები. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს.

- როგორ შეიძლება, კაფეში უბრალოდ მსხდომებზე თქვა, ორგია ჰქონდათო?

- არაფერი არ არის შეუძლებელი, როდესაც საქმე ეხება ლაპარაკს. ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას. მსგავს ჭორებს მე არც უარვყოფ და არც დავადასტურებ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება, თუნდაც სამსახურებრივი, მკვეთრად იყოს დამოკიდებული მსგავსი ტიპის მოსაზრებებზე. სასაცილო იქნება, მივიღო რაღაც პოზა და ვთქვა, ნამდვილად ასეა, ორგიების სამმართველო მაქვს ბიბლიოთეკის საცავებში-მეთქი ან პირიქით, თავი ვიმართლო.

- არ გიფიქრიათ, რომ მტრები გყავთ და ისინი აგორებენ მსგავს ჭორებს?

- მტერი ნებისმიერ ადამიანს ჰყავს. მით უფრო ნებისმიერ აქტიურ ადამიანს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არც ერთ ადამიანს არ უხარია, რომ მტერი ჰყავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ეგუება. ჩემთვის გაუგებარია, თუკი ამას მტრები მიკეთებენ, რატომ არ თხზავენ უფრო მძიმე ბრალდებებს. რატომ ჩერდებიან მაინცდამაინც სექსუალურ თავგადასავლებზე. რატომ არის ეს მათთვის, როგორც მტრებისთვის, საინტერესო თემა. როცა თქვენ მკითხავთ, მქონია თუ არა ბევრი სასიყვარულო ისტორია, გიპასუხებთ, დიახ, მქონია რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა და ეს საიდუმლო არც არის და ვერც არის. ჩემი ცხოვრება რამდენადაც მოწესრიგებულია საქმიანი თვალსაზრისით, იმდენად რთული და არეულია, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე გამოიყურებოდა, პირადი მიმართულებით. მაგრამ ასე დაჟინებით ჩემს წარსულთან დაკავშირებულ ადამიანებს რატომ ითვლის სრულიად სხვა ხალხი, რომლებსაც, წესით, საკუთარი წარსული უნდა ჰქონდეთ, ვერ გეტყვით. თუმცა ჭორაობა, ალბათ, ადამიანად ყოფნის ერთ-ერთი ნიშანია და ამის ბრალი უნდა იყოს.

- შეიძლება ითქვას, თქვენ ძიების პროცესში იყავით.

- ადამიანები მუდმივად ძიებაში არიან. არა მგონია, რომ ამ მიმართულებით არსებობდეს წინასწარ განსაზღვრული მარადიული ურთიერთობები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია