გზავნილი თავშესაფრიდან ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მისამართით

გზავნილი თავშესაფრიდან ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მისამართით

ზამთრის ცივ დღეებში ქუჩაში, ბაღებში, სადარბაზოებში, ავტობუსის გაჩერებებზე თავშეფარებული, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უკვე თავშესაფარში არიან. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მოსკოვის გამზირზე გახსნილ თავშესაფარში 180-მდე ადამიანი ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ თავშესაფარს თავად ვესტუმრე და რამდენიმე საათი მათთან გავატარე.

- მესამე კვირაა, ამ კარავში 11 ადამიანი ვცხოვრობთ. სითბო და კვება არ გვაკლია, - მითხრა მამაკაცმა და მე-12 კარავში შესვლა მთხოვა.

- კარავში შეშა რომ გაქვთ მომარაგებული, ვხედავ. თქვენი კვების რაციონი როგორია?

- კვერცხი, კარაქი, ყველი, ლობიო, ხორცი, თევზი. ხშირად ნამცხვრები და ხილიც კი მოაქვთ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით. დღეში 3-ჯერ შემოვლა აქვთ. ვინმე ცუდად თუ ხდება, "სასწრაფოს" იძახებენ და გადაჰყავთ.

აქ მყოფი ადამიანების ამბები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ერთ-ერთი სახელსა და გვარს არ ამხელს:

- პატიმარი ვიყავი. რომ გამოვედი, ბინა გაყიდული დამხვდა. ჯერ ფსიქიატრიულში ვიწექი, იქიდან რომ გამომწერეს, 2 დღე ქუჩაში მეძინა, მერე აქ მომიყვანეს. პირადობაში საცხოვრებელ მისამართად ქსნის დაწესებულება #15 მიწერია.

- ოჯახის წევრები არ გყავთ?

- ერთი და მყავს და ისიც სიმსივნითაა დაავადებული. 2 შვილი ჰყავს. ერთი პატარა ოთახი გვქონდა, გაყიდა და საფრანგეთში წავიდა. გაყიდვას ხომ ვერ დავუშლიდი? ახლა გვეუბნებიან, მარტის ბოლომდე აქ იქნებითო. ჩვენი აქედან გაშვება იქნება? ყურადღებას გვაქცევენ, ჰიგიენის ნორმებიც დაცულია. პირადად მე უკმაყოფილო არაფრით ვარ. აქ მცხოვრებთა მხრიდან სახელმწიფოს მისამართით საყვედურის თქმა დიდი უმადურობა იქნება. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში თითქოს უკმაყოფილო ხალხი აჩვენეს. დაბანა თუ არ გინდა, ვერავინ დაგბანს. ტელევიზორიდან გვესმის, უსახლკაროებისთვის შენობა შენდებაო, მართალია?

- დავით ნარმანიასთან შეხვედრას ვაპირებ, მისთვის სათქმელი ხომ არაფერი გაქვთ?

ვაჟა გელდიაშვილი:

- ასე უთხარი, მე-12 კარვიდან ვაჟა პაპამ დიდი მოკითხვა შემოგითვალა, ხალხს რასაც დაჰპირდი, ის ოცნება აუსრულე, გზიდან არ გადაუხვიო-თქო. აქ მასთან ერთად სერგეენკოც მოდის ხოლმე, ყურადღებას გვაქცევენ. ისე, "ნაცებთანაც" მინდა, რაღაც დაგაბარო, მაგრამ გოგო ხარ და რასაც ვფიქრობ, ვერ გეტყვი, მეუხერხულება. საინტერესოა, ჩვენთან რატომ არ მოდიან? დღემდე აქ არც ერთი "ნაციონალი" არ გაჭაჭანებულა. მაგათ სად სცალიათ? ვანო და ბაჩო უნდა გადაარჩინონ. შარშან, შარშანწინ, იმის წინ, ქუჩაში რამდენი ადამიანი დაიხოცა, მაშინ სად იყვნენ? ჩვენზე ამ მთავრობასაც რომ არ ეზრუნა, ვინ იცის, აქ მყოფი 200-მდე ადამიანიდან, ამ ზამთარში წერილს რამდენი წავიღებდით. წელიწადი და 9 თვე ვაკის პარკში ვცხოვრობდი. იქაური "იგროკები" მეხმარებოდნენ, ზოგს რა მოჰქონდა, ზოგს - რა და იოლად გავდიოდი.

- ცოლ-შვილი არ გყავთ?

- ჩემს პირადულს ნუ შევეხებით, ეს ძალიან დიდი ტკივილია, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ახალ წელს პირველი ნათელაშვილი მოვიდა და დღესასწაული მოგვილოცა, 10 ლარი დაგვიტოვა.

- თითოს 10 ლარი გაჩუქათ?

- თითოს - არა, 10 ლარი კარავში დატოვა, ტკბილეული, ღვინო მოგვიტანა, მაგრამ ღვინო უკან გაატანინეს, აქ დალევა არ შეიძლება. მეორედ რომ მოხვალ, ცოტა ღვინოს თუ მოგვიტან, კარგი იქნება.

- თქვენს კარავზე წარწერაა, - "ალკოჰოლის შემოტანა აკრძალულია".

- ამ კარავში მშვიდი ხალხი ვართ. ერთმანეთს არაფერს ვუშავებთ. 2 ჭიქის დალევა მადლია. გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე დღის წინ, აქ პატრულმა ერთი დამსახურებული ექიმი, 86 წლის პროფესორი მოიყვანა, თურმე შვილებს სახლიდან გამოუგდიათ. მერე შვილებს დაურეკეს, შეარცხვინეს. მოვიდნენ და წაიყვანეს.

ზვიად კვირტია:

- 22 წელია, სენაკში ჩემს სახლში ლტოლვილები არიან შესახლებულები და ვერ გამოვიყვანე. თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დავაარსე. მინდა, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენნაირ ადამიანებს აწუხებთ, შესაბამის ორგანოებამდე მივიტანოთ.

ნიკოლოზ მახვილაძე:

- ამ ადამიანების სახელით მოლაპარაკებას ჩვენ ვაწარმოებთ. ნდობა ხელმოწერებით დაგვიდასტურეს. თბილისში ზაჰესის დასახლებაში მაღაზიას ვამუშავებდი. კერძო იპოთეკარებისგან კრედიტი მქონდა აღებული. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, ოჯახი 3 დღით კახეთში წავიყვანე. რომ ჩამოვედი, მაღაზია გაქურდული დამხვდა, ადგილზე სასწორიც კი არ დაეტოვებინათ. ვალები ვეღარ გადავიხადე, ბინა და კიდევ თუ რამე მებადა, ყველაფერი გავყიდე.

- თქვენი ოჯახის წევრები სად არიან?

- შვილი კახეთში მყავს გაძიძავებული, მეუღლე თურქეთშია. ქუჩაში 3 ღამე მეძინა, სადარბაზოებში დავდიოდი. მერე ამ თავშესაფრის შესახებ გავიგე და მოვედი. განათლებით კინოდრამატურგი ვარ, რუსეთში "ვგიკი" მაქვს დამთავრებული. ჩემი სცენარით 4 ფილმია გადაღებული. რუსულ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ახლა ასე დავრჩი, რა ვქნა?

ამ თავშესაფარში მადლიერ ადამიანებსაც შეხვდებით და უმადურებსაც. არავის განვსჯი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ თავშესაფარში მყოფ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა არ აკლიათ. ყველაფერი ისე, როგორც გვინდა, ზოგჯერ ოჯახებშიც არ არის. თავშესაფარში ექიმების, საპატრულო პოლიციისა და "კათარზისის" 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. ჩემი იქ ყოფნის დროს ერთ-ერთი ბინადრის შეუძლოდ ყოფნის გამო "სასწრაფოც" გამოიძახეს და ახალგაზრდა ბიჭი სტაციონარში გადაიყვანეს. ვნახე, როგორ ურიგებდნენ "კათარზისიდან" მოტანილ საკვებს. საღამოს მენიუ - 2 გუფთა, კარტოფილი, შვრიის ფაფა რძით, ჩაი და ვაშლი იყო. თავშესაფრის ბინადრებს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მზარეულები ემსახურებიან.

ნუგზარ ყატაშური, მზარეული:

- კერძებს "კათარზისის" სამზარეულოში ვამზადებთ და მოგვაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთი შენიშვნა გვაქვს, - "კათარზისში" მცირე სამზარეულოა.

- კვების რაციონი როგორია?

- ძეხვი, კარაქი, სოსისი, კვერცხი, ყველი, კატლეტი, წიწიბურა, გუფთა, ლობიო, თევზი. დღეში 2-ჯერადი კვებაა. კალორიების რაოდენობის მიხედვით ეს სახეობები დღეების მიხედვით ნაწილდება.

ნანა მუსხელიშვილი, "კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე:

- ჯანდაცვის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია ამ ადამიანებს 24 საათის განმავლობაში ემსა­ხურებიან. "კათარზისს" მუდმივად ჰყავს 3 წარმომადგენელი. არსებულ გარემოში ვცდილობთ ჰიგიენუ­რი ნორმები მაქსიმა­ლურად დავიცვათ, კარვების დეზინფექციას კვირაში 2-ჯერ თავდაცვის სამინისტ­როს წარმომადგენლები ატარებენ. სამწუხაროდ, დასუფთავებასთან დაკავშირებით ხშირად კარვებიდან გვხვდება წინააღმდეგობა. სხვაა პირადი ჰიგიენა და სხვა - ანტისანიტარია. პირადი ჰიგიენის დაცვას ვერავის ვაიძულებთ.

- ამის საჭიროება არის?

- არის. აქ მყოფთა 90% ალკოჰოლდამოკიდებულია. ალკოჰოლის შემოტანას სამართალდამცავები აკონტროლებენ, მაგრამ ტერიტორიიდან გადიან, სვამენ და შემოდიან. ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, აქვე აბაზანა გვაქვს. ვისაც სიარული შეუძლია, აბანოში ვუშვებთ, რომლის ადმინისტრაციასთანაც მოლაპარაკებულები ვართ. დავრდომილებს ჩვენი სათნოების დები და ძმები აბანავებენ. პამპერსს უკეთებენ. ამ მდგომარეობაში რამდენიმე ადამიანი გვყავს.

- ქალები და კაცები ცალკე კარვებში რომ არ ცხოვრობენ, გამიკვირდა.

- თავიდან უფრო ქაოსი იყო, ასე თავად გადანაწილდნენ. კარვებს ყოველდღე იცვლიან. აღწერით დავიღალეთ. ერთმანეთს ნივთებს ჰპარავენ. აქ მყოფთა უმეტესობა ნასამართლევია. გარშემო კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესდა. ძარცვის შემთხვევაც მოხდა და ძაღლი კვალმა აქ მოიყვანა. ადგილზე ერთმა ბინადარმა მეორეს 700 ლარი მოჰპარა. ტუალეტის ქაღალდები რომ დავურიგეთ, წავიდნენ და ხელზე მოვაჭრეებს ჩააბარეს. ტანსაცმელი მოსახლეობას მოაქვს, თავად ირჩევენ, ირგებენ. სარეცხისთვის თასები ვუყიდეთ, სარეცხ საშუალებებს ერთჯერად ჭიქებში ვუყრით, რომ არ გაიტანონ და არ გაყიდონ. დღეს დილით საუზმე 181-მა ადამიანმა მიიღო. პირველ დღეებში ყველა გახარებული იყო. გაყინული ქუჩიდან თბილ კარავში რომ მოვიდნენ, უხაროდათ. მოთხოვნილება თანდათან გაეზარდათ, პრეტენზიებს გამოთქვამენ.

"კათარზისის" "ოთახიდან" სამედიცინო კარავში გადავინაცვლე

ეთერ კაკაურიძე, ექიმი:

- ყოველდღიურად 50-დან 80-მდე ადამიანი მოდის. ზოგს წნევის გასინჯვა უნდა, ზოგს სხვა ჩივილები აქვს. მდგომარეობას ადგილზე ვსწავლობთ და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ.

- დაფინანსების საკითხი როგორ არის?

- საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ. ხშირია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები.

- აქ რომელი მედიკამენტები გაქვთ?

- მედიკამენტებით ამბულატორიულ დონეზე გვაქვს მომარაგება. ბრონქიტის, მსუბუქი პნევმონიის, ჰიპერტონიკებისთვის მარეგულირებლები, მოყინვის, ჭრილობების დასამუშავებელი საშუალებები გვაქვს.

იმის გასარკვევად, თუ რას უპირებს სახელმწიფო ამ ადამიანებს და როგორი ტიპის თავშესაფრის აშენებას გეგმავს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას მივმართე.

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ თავშესაფარში კვირაში 2-ჯერ მაინც მივდივარ. ყველას ვიცნობ და თავადაც მიცნობენ. ძალიან უშუალო ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის შესრულება არის შესაძლებელი, რისი მოთხოვნა, სურვილი და ჩვენი მხრიდან შეთავაზებაც არის, გარდა იმისა, რასაც თავშესაფარში მყოფ ადამიანთა ერთი ნაწილი ითხოვს. ეს არის ბინებით დაკმაყოფილება.

- ბინების მუდმივ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ?

- დიახ და პრობლემაც ეს არის.

- თქვენ მათ ჰპირდებით, რომ გაზაფხულიდან უკეთეს პირობებში იცხოვრებენ. რის გაკეთებას აპირებთ?

- მათ კონსტრუქციულად აშენებულ სენდვიჩ-პანელურ სპეციალურ სახლში გადავიყვანთ. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრომ ფართობის რამდენიმე ალტერნატივა შემოგვთავაზა. არჩევანს ერთ-ერთზე გავაკეთებთ და ნაგებობის მშენებლობას დავიწყებთ. თავშესაფარი 200 ადამიანზე იქნება გათვლილი, იქ უკეთესი ჰიგიენური პირობები ექნებათ, სამზარეულო, სასადილო და კაპიტალურად შემოღობილი ეზო ექნება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება გააანალიზა და ის მინიმალურად აუცილებელი სტანდარტები, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ, სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა მომზადებული. შემდგომ, მთავრობის სხდომაზე რეგულაციები დამტკიცდება. ეს იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, როგორ დავალაგოთ ინფრასტრუქტურა, რომ შემდგომში ამ ადამიანებისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზება იყოს შესაძლებელი.

- ის ფართობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ შემოგთავაზათ, თბილისის ტერიტორიაზეა?

- გარეუბანშია. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თავშესაფარი დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ ნახევარი კილომეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

- უსახლკაროები თავშესაფარში გარდაცვალებამდე იცხოვრებენ?

- რა თქმა უნდა, ისინი სპეციალური სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდებიან.

- ეს პროგრამა რას მოიცავს?

- დეტალებს უფრო კარგად ჯანდაცვის სამინისტროში ჩამოაყალიბებენ. თავშესაფარი ინფრასტრუქტურულად დალაგებული და მოწესრიგებული უნდა იყოს, მეორე მხრივ, უნდა იყოს ჰიგიენური პირობები და კვების რაციონი დაცული. თითოეულმა მობინა­დ­­რემ ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელი კალორიების რაოდენობა (2000-2300 კალორია) უნდა მიიღოს. სანიტარული კვანძები, მანძილი სახლიდან ავტობუსის გაჩერებამდე და ა.შ. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.

- ანუ ამ ადამიანებზე პატრონაჟს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო იღებს?

- დიახ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

- მშენებლობას როდიდან დაიწყებთ?

- დავალებები უკვე გაცემულია, ჩვენი ქვემდებარე მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო ნახაზებს, დოკუმენტაციას ამზადებს. ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს, რის შემდეგაც მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება დაფინანსების გამოყოფაზე და მშენებლობა დაიწყება.

- მანამდე მოსკოვის გამზირიდან მათი გადაყვანა სხვა ადგილზე ხომ არ იგეგმება? მითხრეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია.

- მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია მეც მაქვს. ამიტომ ვარჩევთ ისეთ ადგილს, რომელიც დასახლებული პუნქტიდან მოშორებული იქნება. მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, ამ ადამიანებს გადავიყვანთ მიმდებარე ტერიტორიაზე და პარალელურ რეჟიმში დაიწყება მშენებლობის პროცესიც. როგორც მეუბნებიან, მშენებლობა 2 თვეში დასრულდება. მანამდე იქ კარვები ჩაიდგმება.

- ეს, რაც შეეხება თბილისში არსებულ თავშესაფარს, მაგრამ უსახლკაროებისთვის ანალოგიური თავშესაფრები გორსა და ქუთაისშიც არის მოწყობილი. იქ მყოფ ადამიანებს რას უპირებთ?

- მათზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აიღებენ. თბილისის მერიამ ეს საკითხი წლების მანძილზე ვერ მოაწესრიგა. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მოგვეგვარებინა ეს საკითხი და საჭიროების მიხედვით, სხვა სამინისტროებიც დაგვხმარებოდნენ. თავდაცვის სამინისტრომ კარვები, საწოლები გაუგზავნა. შეშით მუდმივად ვამარაგებთ, მაგრამ ორგანიზებას მუნიციპალიტეტები უწევენ. ქუთაისში სულ სამი ადამიანია, გორში - 10-მდე. რეგიონებში ეს საკითხი მწვავედ არ დგას.

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი თავშესაფარში ცხოვრებას ქუჩაში ყოფნას ამჯობინებს და სამართალდამცავებს კარვებში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან.

- ასეთებიც არიან, მაგრამ საპატრულო პოლიციას მიენიჭება უფლება, თავშესაფარში იძულების წესით გადაიყვანოს.

- ბატონო დავით, სამინისტროს გასული წლის საქმიანობას როგორ შეაფასებთ? ოპონენტები მუდმივად შეჩერებულ პროექტებზე გსაყვედურობენ.

- მე მათ ოპონენტებს ვერ ვუწოდებ. ოპონენტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჯანსაღად გაკრიტიკებენ, მაგრამ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ოპონენტი არ არის. სჯობს, მათ სახელი საზოგადოებამ დაარქვას. 2013 წელს 130 მილიონი ლარით მეტი სამუშაოები შევასრულეთ, ვიდრე 2012 წელს. 1 მილიარდამდე ღირებულების ტენდერები გამოცხადდა და ამ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩენილა. საქმით დავამტკიცეთ, რომ მშენებლობისას ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.

- წელს რა გეგმები გაქვთ?

- 2014 წელს სხვადასხვა სამუშაოში 900 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას ვგეგმავთ. პრიორიტეტი იქნება გზების მშენებლობა. გარდა ამისა, 200 კილომეტრზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები მოწესრიგდება. 25 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სამუშაოები დაიწყება. ეს სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სოფლის პროგრამის ფარგლებში 50 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდება. 2014 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისით გადამწყვეტი წელი იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით, რეფორმამ შედეგი გამოიღოს. რეგიონებში არსებულ პრობლემებს ჩვენი ჯგუფები ადგილზე სწავლობენ. ამ კაბინეტში ძალიან ცოტა დროს ვატარებ, მოსახლეობასთან შეხვედრები ხშირად გვაქვს და გადაწყვეტილებებს მათი აზრის გათვალისწინებით ვიღებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია