საქობოში 29 წლის მამაკაცი ამნისტირებულმა პატიმარმა მოკლა

საქობოში 29 წლის მამაკაცი ამნისტირებულმა პატიმარმა მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 29 წლის გიორგი ლეკიშვილის მკვლელობის ბრალდებით, მისივე თანასოფლელი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცია დაკავებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქობოს რწმუნებულმა განუცხადა, ბრალდებული ნასამართლევია, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.

მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 იანვარს მოხდა. შსს-ს ცნობით, მამაკაცმა ახალგაზრდა ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი მდინარე ალაზანში გადააგდო. გვამის ძებნა სამძებრო-სამაშველო სამსახურმა სამი დღის შემდეგ შეწყვიტა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი მამაკაცი რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ თვითმხილველთან ერთად დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გარდაცვლილის გვამის მიმალვაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი და თვითმხილველი კი, რომელიც პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა, სასამართლომ 2 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

მოკლულის ოჯახის წევრები მკვლელობის თვითმხილველის და გვამის მიმალვაში ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათ 28 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს და წნორი - თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ გახსნა.

როგორც ლეკიშვილის ახლობლებმა განაცხადეს, აღნიშნულმა პირებმა გვამი კვალის დაფარვის მიზნით დამალეს, რის გამოც მოწმეების განმეორებით დაკავებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბრალდებულების და მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლების გადაწვით იმუქრებიან. გარდა ამისა, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ პოვნას ითხოვს.

"ვისი მანქანითაც გვამი წაიღეს და ალაზანში ჩააგდეს, ისიც 2 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს და ვინც დაინახა და ერთი დღე სახლში ჰყავდათ, ისიც. უკვე ორი კვირაა მიცვალებულს ვეძებთ და ვერ გვინახია. არის ვერსია, რომ ალაზანში კი არ ჩააგდეს, არამედ დამალეს, რომ კვალი დაფარონ", - განაცხადა მოკლულის ბიძამ ზაზა ჯოხარიძემ.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ