თბილისის უფლებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა პირველ კომენტარს სავარაუდოდ დღეს გააკეთებს. გიგი უგულავა დღეს სასამართლო პროცესს დაესწრება.
ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეო-მასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ; შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა.
რაც შეეხევა პროცესს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების თაობაზე.
წინა პროცესი მას შემდეგ დასრულდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა კეზერაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, ბრალდების მხარემ, კეზერაშვილის საქმის წარმოების გამოყოფა მხოლოდ იმ მოტივით მოითხოვა, რომ მის საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მას შემდეგ, რაც დამთავრდებოდა საექსტრადაციო პროცედურები, საქმე გაგრძელებულიყო კეზერაშვილის მონაწილეობით.
პროკურორმა აღნიშნა, რომ საექსტრადაციო პროცედურების განხილვა საფრანგეთის სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. პროკურორის შუამდგომლობა მიუღებლად და დაუსაბუთებლად შეაფასა დაცვის მხარემ.
დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.