მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ?!

მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ?!

პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 5 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც ზოგიერთი მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ შემოსავალსაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მოადგილეების ერთი ნაწილის ყოველთვიური შემოსავალი 7000 ლარს, ნაწილის კი სულაც 10 000 ლარს აჭარბებდა. რასაკვირველია, მოადგილეს მინისტრზე მაღალი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს და აუცილებელია, რომ სამინისტროებში დანამატები შემცირდეს.

მართალია, მინისტრის მოადგილის ყოველთვიური ხელფასი არც ისე მაღალია (კანონით მინისტრის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2950 ლარს შეადგენს, დანარჩენი მოადგილეების 2720 ლარს), თუმცა პრემიებით და ყოველთვიური დანამატებით მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გელეგაშვილის მიერ 2014 წლის 3 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მან წინა წელს ხელფასის სახით 62 288 ლარი მიიღო, ანუ თვეში 5190 ლარი.

2013 წელს ხელფასის სახით 85 500 ლარი მიიღო იუსტიციის მინისტრის მოდაგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ, ანუ თანამდებობრივმა სარგომ თვეში ხელფასისა და დანამატის სახით 7 125 ლარი შეადგინა. ალექსანდრე ბურჭულაძეს დეკლარაცია 2014 წლის 5 იანვარს აქვს ჩაბარებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დავით ლეჟავას ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2014 წლის 8 იანვარს არის შევსებული, წერია, რომ მან წინა წელს მინისტრის მოადგილედ მუშაობისთვის 99 480 ლარი აიღო, ანუ თვეში 8 290 ლარი.

2014 წლის 6 იანვარს აქვს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოდაგილეს ალექსანდრე მარგიშვილს. დეკლარაციის მიხედვით მარგიშვილმა წინა წელს ხელფასის სახით 69 352,50 ლარი აიღო, ანუ თვეში 5 779,3 ლარი.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას 2013 წელს ხელფასის სახით 89 828 ლარი მიიღო, ანუ მისი თანამდებობრივი სარგო თვეში, საშუალოდ, 7 485 ლარს შეადგენდა. ტაბატაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 16 იანვარს აქვს შევსებული.

2012 წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მარიამ ვალიშვილმა 127 718 ლარი მიიღო, ანუ მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 10 064 ლარს შეადგენდა. ვალიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 4 ნოემბერს აქვს შევსებული.

2013 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის მხედვით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წინა წელს 68 581 ლარი მიიღო, ანუ თვეში 5 715 ლარი.

ეს არის მინისტრთა მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მცირე ჩამონათვალი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თუ ხელფასის გადანაწილების პრინციპი წელსაც ანალოგიური დარჩა, მინისტრის მოადგილეები თავად მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. მინისტრის მოადგილის ხელფასზე დანამატს მინისტრები განსაზღვრავენ და აქედან გამომდინარე, არც ისაა გამორიცხული, რომ მინისტრების ანალოგიურად ყოველთვიური შემოსავალი მათაც შეუმცირდეთ.

ასეთი პრეცედენტი კი უკვე მოხდა, როგორც რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ყოველთვიური დანამატი 250 ლარით, ხოლო მოადგილეებს 30-30 ლარით შეუმცირდათ. კერძოდ, სახელფასო დანამატი მინისტრის პირველ მოადგილეს 2 950 ლარიდან 2 700 ლარამდე შეუმცირდათ, მოადგილეებს კი 2 720 ლარიდან 2 690 ლარამდე.

ამ ბრძანების შემდეგ რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ხელზე ასაღები ანაზღაურება (საშემოსავლოს გარეშე) თვეში 4 510 ლარი იქნება, მოადგილეების კი - 4 328 ლარი. აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილეებს დავით ნარმანიაზე მაღალი ხელფასი არ ექნებათ. ცნობისათვის, კანონით მინისტრის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 950 ლარს შეადგენს, დანარჩენი მოადგილეებისა – 2 720 ლარს.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ პრემია და დანამატი კონკრეტული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ინიშნება და ამას თავად მინისტრი წყვეტს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მოდაგილეების ხელფასის ან ხელფასზე დანამატის შეცმირების საკითხი არც დამდგარა. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოდაგილეს კი არ შეხებია ხელფასის არც მომატება და არც დაკლება.

რაც შეეხება მინისტრების ხელფასს, როგორც ცნობილია, მათი თანამდებობრივი სარგო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 1 300 ლარით შემცირდა. ანუ თუ აქამდე მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი 6 300 ლარს შეადგენდა, ამის შემდეგ ისინი თვეში მხოლოდ 5 ათას ლარს აიღებენ.

ხელფასების შემცირება კი მხოლოდ სახელფასო დანამატის კომპონენტში მოხდა, ანუ მინისტრებს შემოსავალი ექსპრემიერ ივანიშვილის ბრძანებით გამოცემული 4 335-ლარიანი დანამატიდან დააკლდათ, ყოველთვიური სარგო კი ისევ 3 540 ლარი რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ღარიბაშვილის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, მინისტრის ყოველთვიური სარგო არა 5000, არამედ 6 250 ლარამდე უმცირდებათ, რადგან 20%-იანი საშემოსავლოს გამოკლების შედეგად 5000 ლარი სწორედ ამ ციფრიდან გამოდის. საბოლოოდ კი, მინისტრის ხელფასი არა 1 300 ლარით, (6 300 ლარიდან 5 000 ლარამდე) არამედ 1 675 ლარით (7 875 ლარიდან 6 200 ლარამდე) შემცირდა.

საერთოდ, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთათვის, მათ შორის მინისტრებისთვის, მაღალი ხელფასების დანიშვნა ექსპერტებისა და საზოგადოების აღშფოთების საგანი არაერთხელ გამხდარა.

"საერთოდ, ჩვენ, გადასახადის გადამხდელები, საჯარო მოხელეებს ხელფასს ვუხდით კარგი მუშაობისთვის. თუ ისინი ცუდად მუშაობენ, მათ პრემია კი არ უნდა დაუნიშნონ, სამსახურიდან უნდა გაუშვან. რაც შეეხება საჯარო სამსახურში დასაქმებულს, ის წარმატებული, პროდუქტიული ვერ იქნება, შრომისნაყოფიერება ადეკვატური არ იქნება, თუკი საჯარო სამსახურის რეფორმა არ განხორციელდა და საკითხი ჯეროვნად არ მოწესრიგდა.

რეალურად პრემიებისა და დანამატების საკითხი კანონით უნდა მოწესრიგდეს. აქ შრომის დაფასების, ანუ წახალისების ნაწილი უნდა დარჩეს, მაგრამ საჭიროა, გარკვეული ჩარჩოს დაწესება და ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება. სხვანაირად საჯარო სამსახური მუდმივად კეთილდღეობასთან იქნება ასოცირებული, რაც ძალიან ცუდია", - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა