ჩემი თვალით ვუყურე გუშინ გავრცელებულ ვიდეოში თუ როგორ გეგმავენ მკვლელები გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის სიკვდილს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუხროვანის სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.
გია კრიალაშვილის და იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ საქმეს გამოუძიებლად არ დატოვებს.
"ამ ვიდეოთი ახალი არაფერი გამიგია, თუმცა, ჩემი თვალით ვუყურე ეს მკვლელები როგორ გეგმავდნენ გიას და კობას სიკვდილს. ის ორი გვამი, რომელსაც ითხოვდა მერაბიშვილი, ეს იყო მინიშნება იმის, რომ გია და კობა უნდა მოეკლათ. ეს იყო პრეზიდენტის ბრძანება.
მახსოვს მისი სიტყვები – მიწიდან ამოიღეთ გია, გვარიც არ უთქვამს, ვითომ არც ახსოვდა. ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ ლიკვიდაცია მომხდარიყო ამ ბიჭების. იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება ნათელს მოფენდა ამ საქმეს. დიდი იმედი მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის და ვიცი, რომ არ დატოვებს გამოუძიებლად უსამართლოდ ჩახოცილი ბიჭების საქმეებს", - აღნიშნა ლია კრიალაშვილმა.
ინტერნეტში გუშინ ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა.
Youtube-ზე ვიდეო გუშინ Appolon Osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერ უცნობია.