ახალი შუქნიშნები - სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა თუ ავარიებისა და საცობების გაზრდილი რისკი?!

ახალი შუქნიშნები - სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა თუ ავარიებისა და საცობების გაზრდილი რისკი?!

დიდი ხანი არაა, რაც დედაქალაქში უკუთვლის რეჟიმის მქონე შუქნიშნებს თანდათან ახალი, ე.წ. "ჭკვიანი" შუქნიშნები ანაცვლებს. მერიის სატრანსპორტო სამსახურის განცხადებით, ახალი დიოდური შუქნიშნები ავტომატურად საზღვრავენ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას და ამის შესაბამისად არეგულირებენ მწვანე ფერის ხანგრძლივობას. ეს კი გზაჯვარედინზე მანქანების უფრო დიდი ნაკადების გატარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დიოდური შუქნიშნები უკუთვლის რეჟიმის მქონე შუქნიშნებთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათი მონტაჟისა და ექსპლუატაციისათვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ტექნიკური განვითარება და მიზანი - განიმუხტოს და მოწესრიგდეს ტრანსპორტის მოძრაობა, - მისასალმებელია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ახალ წამოწყებას ბევრი არ მიესალმება... საკითხში გასარკვევად ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დამოუკიდებელ ექსპერტს, რევაზ ველიჯანაშვილს მივმართეთ...

- ბატონო რევაზ, სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი შუქნიშნები მძღოლის დროს ზოგავს და ძველთან შედარებით სხვა ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა, მოქალაქეებისა თუ პროფესიონალების მხრიდან პრეტენზიებიც არსებობს. როგორ შეაფასებთ ამ სიახლეს?

- ტექნიკურ გაუმჯობესებას მივესალმები, მაგრამ გონივრულად უნდა მოვარგოთ გარემოს, ქალაქს... პრიორიტეტი უსაფრთხო მოძრაობა უნდა იყოს და არა - ტრანსპორტის ნაკადის გავლის სისწრაფე. კარგია, რომ შუქნიშნის ფერების ხანგრძლივობას ცენტრალური სათვალთვალო კამერა შეცვლის, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ კამერასთან ციფრული ათვლა იქნებოდა მიერთებული. ამით მძღოლს წინმსწრები ინფორმაცია ექნებოდა, რამდენ ხანში შეიცვლება შუქნიშნის ფერი. ე.წ. "ჭკვი­ანი შუქნიშანი" ფერის ხანგრძლივობას ტრანსპორტის ნაკადის მიხედვით ზრდის. კი ბატონო, ნაკადი გაივლის მალე, მაგრამ მეორე გზაჯვარედინზე შექმნის საცობს. ეს მიდგომა, რეალურად, არაფერს ცვლის. ციფრული ტაბლოიდები გაცილებით უკეთესად არეგულირებენ მოძრაობას. ახლა კი მძღოლს ზოგჯერ ბოლო წამს უწევს დაძვრა და ზედ გზაზე მოუსწრებს წითელი ფერი...

- ქვეითად მოსიარულეებისთვის თუ ცვლის რამეს ახალი შუქნიშნები?

- უკუთვლის წამმზომის არსებობისას ფეხით მოსიარულემ წინასწარ იცოდა, რამდენი წამი ჰქონდა გადასასვლელად. ხშირად დამინახავს, მოხუცები როგორ აკვირდებოდნენ ტაბლოს იმის გასათვლელად, მოასწრებდნენ თუ არა გადასვლას. ახალი შუქნიშნების პირობებში მოძრაობაში მყოფმა მძღოლმა არ იცის, როდის მოუწევს შეზღუდვა. ამის გამო იძულებულია, სწრაფად გასავლელად სიჩქარეს მოუმატოს. ეს, თავისთავად, ფეხით მოსიარულესაც საფრთხეს უქმნის.

- ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ასეთი შუქნიშნებია და ამართლებს კიდეც...

- კი ბატონო, ნამდვილად ასეა, მაგრამ რაც მთავარია - ამ შუქნიშნებს ყველგან წინმსწრები ინფორმაცია უძღვის, - ციფრულ ათვლას ვგულისხმობ. გარდა ამისა, ეს მეთოდი მისაღებია იმ ქვეყნებში, სადაც მძღოლისა და კანონის დამოკიდებულება ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ამის მაგალითად თუნდაც ის გამოდგება, რომ გზებზე ზოლები დახაზულია, მაგრამ მძღოლების 90% ამას ყურადღებას არ აქცევს. არადა, ზოლში მოძრაობა კანონის მოთხოვნაა. რატომ არ სჯიან ამისთვის?! მაგალითად, ამერიკაში მძღოლი ერთ ზედმეტ მოძრაობასაც არ გააკეთებს.

- ამბობენ, რომ ახალი შუქნიშნები გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს...

- თუ ეკონომიური თვალსაზრისით მივუდგებით, ადამიანთა დასახიჩრება სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მოხმარებული ელექტროენერგია. დანამდვილებით ვამბობ, რომ ახალი შუქნიშნების პირობებში, რომელსაც თან ციფრული ათვლა არ ახლავს, ავარიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ისედაც ხომ, "წითელი ჯვრის" კვლევის მიხედვით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში დასახიჩრებული ადამიანების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ! გარდა ამისა, ჯარიმებისა და მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის გამო ადამიანთა მატერიალური რესურსი შემცირდება. ისედაც დამძიმებული ეკოლოგიური მდგომარეობა აუტანელი გახდება - გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლმა არ იცის, რამდენ ხანს იდგება გზაჯვარედინზე და როდის აინთება მწვანე ფერი, ძრავას ვერ გამორთავს. შესაბამისად, მეტი იქნება გამონაბოლქვიც და ხმაურიც... ზოგიერთი სატერფულსაც აწვება ამ დროს. ამით კიდევ უფრო მეტ საწვავს აწვდის ავტომობილს და მის ტექნიკურ პარამეტრებსაც აუარესებს. გარდა ამისა, დროის ცაიტნოტი მძღოლზე ახდენს ფსიქოლოგიურ გავლენას, ეს კი, ბუნებრივია, საერთო მოძრაობაზეც აისახება... გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, თუკი სპეციალისტებს მოუსმენენ... ამ შუქნიშნებისთვის გამოყოფილი თანხა, ფაქტობრივად, გადაყრილი გამოდის. აქვს კი გადასაყრელი ამდენი არამიზნობრივად დახარჯული თანხა ჩვენს ქვეყანას?!.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია