ვისი იარაღით მოკლა 31 წლის ახალგაზრდამ ექიმი

ვისი იარაღით მოკლა 31 წლის ახალგაზრდამ ექიმი

"დედა, მაპატიე, არ შემიძლია ამხელა ტკივილის ატანა. ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც მე ამ მდგომარეობაში ჩამაგდო", - ამ შინაარსის წერილი აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა 31 წლის ანზორ ბეკურაშვილის ავტომანქანაში, რომელიც იმ პოლიკლინიკასთან იდგა, სადაც 27 იანვარს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მიცკევიჩის ქუჩაზე, "დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში", სადაც ასევე ვენერიულ სნეულებათა დეპარტამენტია განთავსებული, ექიმსა და პაციენტს შორის დაპირისპირება სისხლის ღვრით დასრულდა.

ამ შემზარავი ფაქტის ირგვლივ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. ალბათ სამართალდამცავები დეტალებს გაარკვევენ, თუმცა საშინელი სურათი სახეზეა. 65 წლის დერმატოლოგ-ვენეროლოგი, პროფესორი ზურაბ ბენდელიანი სამუშაო კაბინეტში ისე დაიწვა, რომ ოჯახს მისი ცხედარიც არ ეღირსა. იქვე, მის სამუშაო კართან ეგდო მომაკვდავი ანზორ ბეკურაშვილი, რომლის ცხედარი დაწვას კლინიკის პაციენტებმა გადაარჩინეს. დაჭრილი სასწრაფოდ შენობის შესასვლელთან გადაასვენეს. თურმე ბიჭი ამ დროს სიკვდილს ებრძოდა.

მომხდარზე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ითქვა, რომ დაპირისპირების დროს ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთს ესროლეს. იმასაც ამბობენ, ექიმს მოკვლით ემუქრებოდნენ და ამიტომ ის იარაღს ატარებდაო, თუმცა განსხვავებულია ანზორის ძმის მონათხრობი. სამართალდამცავებისგან შეიტყო, რომ ორივე გარდაცვლილს ერთი და იმავე იარაღიდან აქვთ ნასროლი. როგორც ჩანს, ანზორმა ექიმს ესროლა, მერე საწვავი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და ამის შემდეგ იქვე, მის კაბინეტთან თავისივე იარაღით თავი მოიკლა. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ექიმს კაბინეტში პაციენტმა ხელყუმბარა შეუგდო, არ დასტურდება. პოლიკლინიკის მედპერსონალი ამბობს, რომ ხელყუმბარის აფეთქების ხმა არ გაუგონიათ და აფეთქება რომ მომხდარიყო, შენობაც ჩამოინგრეოდა.

პოლიკლინიკაში მომხდარს ახსნას ვერ უძებნიან.

მაია კილასონია, პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე:

- მისაღებში ვიჯექი, ძალიან ბევრი პაციენტი იყო შენობაში და უცებ საშინელი ბუღი დადგა. გამორბოდნენ შეშინებული პაციენტები. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, დერეფანში ზედიზედ ორი გასროლის ხმა გაისმა. კვამლი იდგა, მაგრამ დავინახე, ბიჭი იქვე ბატონი ზურაბის კაბინეტის მეორე მხარეს რომ ჩაიკეცა. იქვე ეგდო მისი იარაღიც. ცეცხლი გარეთ გამოვარდა და ორმა პაციენტმა დაჭრილი ბიჭი ფოიეში გამოათრია. შემოსასვლელში რომ დააწვინეს, ჯერ ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ რამდენიმე წამში გარდაიცვალა. ყველაფერი წამებში მოხდა. მერე გაუხსნეს მკერდი და ჩემი თვალით დავინახე, ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში რომ ჰქონდა. ამბობენ, კიდევ აქვს ერთი ჭრილობაო.

- როგორ ფიქრობთ, ადამიანი თვითმკვლელობის დროს ორ გასროლას შეძლებდა?

- გულახდილად ვამბობ - არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს ერთხელ ესროლოს და მერე ისევ ესროლოს, მაგრამ ფაქტია, ორი გასროლა ნამდვილად გავიგონე. ბატონი ზურაბი დაიწვა თავის კაბინეტში. სამწუხაროდ, ბატონი ზურაბი ფერფლად იყო ნაქცევი.

- მისი კაბინეტიდან ხმაური არ ისმოდა? ხომ არ უთქვამს ბატონ ზურაბს, რომ პაციენტთან პრობლემა ჰქონდა?

- არანაირი ხმაური არ გაგვიგონია. ბატონი ზურაბი უბრწყინვალესი პიროვნება იყო, კარგი სპეციალისტი და არც ის ვიცით, რა უთანხმოება იყო მათ შორის. მას არავისთვის უთქვამს, რომ კონფლიქტი ჰქონდა პაციენტთან. არც ის ვიცით, რა დაავადება ჰქონდა მას და რამდენხნიანი ურთიერთობა იყო მათ შორის.

- რა წერია პაციენტის ისტორიაში, რა აწუხებდა?

- არც ეს ვიცით. ბატონი ზურაბი თავის სამუშაო კაბინეტში ინახავდა ყველა პაციენტის ისტორიას და ეს ყველაფერი დაიწვა მის კაბინეტში.

- ამბობენ, რომ პაციენტი ვერ განიკურნა და ამიტომ თანხების უკან დაბრუნებას ითხოვდა.

- მკურნალობის თანხები ბუნებრივია, გადახდილი ექნებოდა პაციენტს, პროფესორს ჰონორარი აღებული ექნებოდა, მაგრამ არ ვიცი, ეს იყო თუ არა დაპირისპირების მიზეზი. ამ ბიჭმა თავი მოიკლა თუ არა, არც ეს ვიცით, ამასაც ექსპერტიზა დაადგენს. ბატონი ზურაბი იმდენად კეთილშობილი ადამიანი იყო, იმდენი მადლიერი პაციენტი ჰყავდა, რომ მომხდარი გვიკვირს.

- ამბობენ, რომ ბატონი ზურაბიც ატარებდა იარაღს. ისიც ითქვა, რომ ორივე მხრიდან იყო გასროლა.

- არ ვადასტურებ, რომ მას იარაღი ჰქონდა. თეთრთმიანი ბაბუა, 65 წლის პროფესორი გახლდათ. იარაღი ალბათ პაციენტის იყო.

შემთხვევის ადგილზე მისულს, იქა­უ­რობა დასუფთავებული დამხვდა. ორი ოთახი მთლიანად დამწვარია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მალე შეძლეს, თუმცა ოთახში უკვე დამწვარი პროფესორის დაფერფლილი ნაწილები დახვდათ.

ანზორ ბეკურაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდში ცხოვრობდა. მის სოფელში მიკროავტობუსით გავემგზავრე. თვალცრემლიანი მგზავ­რები მომხდარით შეწუხებული იყვნენ.

"არ ვიცი, რა ეშველება მერი ძალოს, როგორ გაუძლებს ამ ტრაგედიას? მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ვტირი, ისეთი კეთილი ბიჭი იყო, რომ გაოგნებული ვარ მომხდარით. ჩემი ძმის კლასელი იყო, სოფელში ასეთი პატიოსანი ბიჭები თითზე ჩამოსათვლელია, თქვენ არ იცით, რა კარგი, შრომისმოყვარე ბიჭია გარდაცვლილი. რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, არ ვიცი", - მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ოჯახში სამძიმრის სათქმელად მიდიოდა.

ქუჩა შეწუხებული თანასოფლელე­ბით იყო გადაჭედილი. ისინი ცხედრის მისვენებას ელოდნენ. ანზორ ბეკურაშვილის ცხედარს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდა და ის ტრაგედიის მეორე დღეს ჩაასვენეს სოფელში.

ცხედრის მისვენებას ელოდნენ ბიჭის მშობლები. გაოგნებული იდგა გამწარებული მამა, რომელმაც თურმე ეს ამბავი რომ გაიგო, სიმწრით სახლში ნივთები დაამტვრია. შვილის ქურთუკი გულში ჰქონდა ჩახუტებული შვილმკვდარ დედას და გამწარებული მოთქვამდა. სწორედ ამ დროს მოასვენეს ანზორი და მოთქმა-გოდებამ გადაფარა იქაურობა.

"ეს რა არის, დედი? წერილი დაწერაო, ამბობენ, არ მინდა შენი წერილი, შვილო, შენ მჭირდები! ასე რატომ გაგვიმეტე, არ ვიცი, რა ვქნა. შენ ხომ ჩემი ოჯახის ბურჯი იყავი... შენ ხომ ჩემი თბილი შვილი იყავი", - მოთქვამდა შვილმკვდარი დედა და შვილის ცხედარზე დაემხო. მერე იმ ჭრილობას დაადო ხელი, სადაც ტყვია ჰქონდა მოხვედრილი: "გულში გაქვს ჭრილობა, შვილო? ნელა მოგეფერები, არ გატკენ... თუ რამე გიჭირდა, რატომ არ მითხარი?" - მოთქვამდა დედა.

ბეკურაშვილებმა სამი შვილი გა­ზარდეს. ანზორი უფროსი შვილი იყო. მისი ძმა, ვიტალი სპეცრაზმელია, და - მაია ერთი წლის წინ დაქვრივდა, მეუღლე ავტოავარიით გარდაეცვალა. დარჩა მარტო, პატარასთან ერთად. ამის შემდეგ თურმე მაია ძმებმა სახლში წამოიყვანეს და მის შვილს საკუთარი შვილივით ზრდიდნენ. ტრაგედიიის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს. იმ საბედისწერო დღეს ანზორისთვის აღელვება არ შეუნიშნავთ. იმ დილითაც, ჩვეულებისამებრ, 2 წლის დისშვილი სოფელ გალავანში, ბაღში წაიყვანა, იქიდან სამსახურში უნდა წასულიყო, მაგრამ ირკვევა, რომ მკვლელობა განზრახული ჰქონდა. სახლიდან სპეცრაზმელი ძმის კუთვნილი ტაბელური იარაღი წამოიღო და ბაღში დისშვილის დატოვების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. ძმა ამბობს, რომ იარაღს სახლში ინახავდა. როგორც ჩანს, უფროსმა ძმამ იცოდა, სად ინახებოდა იარაღი. ძმას უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან სწორედ მისი იარაღია ამოღებული და ამ იარაღიდან აქვს ანზორს ორი ჭრილობა მიყენებული.

ვიტალი ბეკურაშვილი:

- არ ვიცი, რატომ დაატრიალა ასეთი უბედურება. არ უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. მე სახლში არ ვიყავი. მითხრეს, წერილი დატოვაო, თუმცა მე ის წერილი არ წამიკითხავს და შინაარსი არ ვიცი. ჩემს ძმას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მითხრეს, სამჯერაა გასროლილი ჩემი იარაღიდან. ვერ ამიხსნია, ორი ჭრილობა რატომ აქვს. თუ თავი მოიკლა, ორჯერ როგორ გაისროლა? არ ვიცი, რეალურად რა მოხდა ან რა დაპირისპირება იყო მათ შორის. ველოდები გამოძიებასა და ექსპერტიზას.

ანზორის სამსახურშიც მივედი იმ იმედით, რომ ტრაგედიის მიზეზს იქ მაინც მეტყოდნენ, თუმცა ვერც იქ გავარკვიე ვერაფერი.

შალვა ჩოხელი, თანამშრომელი:

- ვიცოდით, რომ მკურნალობდა, გულზე მაქვს პრობლემებიო, - ამბობდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, ძალიან ენერგიული იყო. თბილისში დადიოდა, მაგრამ სად დადიოდა სამკურნალოდ, არ ვიცოდით. სასმელს არ სვამდა, არც სიგარეტს ეწეოდა. ერთი წელია, წვეთი არ დაულევია, ამბობდა, დისშვილი მყავს დაფიცებული, რომ არ უნდა დავლიოო. ისე, დალევა არც უყვარდა. ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. ყველას გვიყვარდა სამსახურში. მუშად დაიწყო მუშაობა და დააწინაურეს, სანერგე მეურნეობაში ბრიგადირად მუშაობდა. ტრაგედიის დღეს, თბილისში ჩვენს ერთ თანამშრომელს უნახავს. ამბობს, მანქანის ფარები ავუნთე და ვანიშნე, მანქანა გაეჩერებინა, მაგრამ არ გაუჩერებიაო. ამას ვინ წარმოიდგენდა? დაღვრემილი არასოდეს შეგვინიშნავს.

ცოტათი განსხვავებულია სოფელ ბიწმენდის ყოფილი რწმუნებულის, ჯემალ სუხიაშვილის მონათხრობი:

- ჩვენში დარჩეს და უთანხოდ ვინ მკურნალობს რამეს? ვიცი, რომ ექიმთან ფულის გამო ჰქონდა შელაპარაკება. ამის გამო მოხდა ყველაფერი, დაზუსტებულად არ ვიცით, რა თანხას სთხოვდა. გამაფრთხილეს, არ ილაპარაკოო, მაგრამ აგერ არის სამეზობლო და ვერ იპოვით ერთ ადამიანსაც კი, ვინც მასზე ცუდს იტყვის. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. არ სვამდა, ორი ძმა იყო და დავპირდი, დავეხმარებოდი, ცალკე სახლი აეშენებინა. მითხრა, - ოჯახი მინდა შევქმნაო. ქვრივ დასაც უვლიდა. მის შვილზე დიდი ამაგი აქვს. ბრიგადირი იყო, მაგრამ ფიზიკურადაც მუშაობდა, შრომა არ ეთაკილებოდა. ავად რომ იყო, ეს არავის სცოდნია, ძმამაც არ იცოდა. ეტყობა, რაღაც ვენერიული დაავადება ჰქონდა, აბა, სხვა რა კავშირი უნდა ჰქონოდა ამ ექიმთან? ამბობენ, მკურნალობის თანხის დაბრუნებაზე ყოფილა ლაპარაკი. - თუ ვერ მიშველე, მაშინ დამიბრუნე ჩემი თანხაო, - უთქვამს. ადამიანს რომ გაამწარებ, მერე სად იშოვის იარაღს და რას გააკეთებს, არავინ იცის. თუ იმ ექიმზე კარგს ამბობენ, მოდი, ამ პატარა სოფლის ღირსეულ შვილზეც ვილაპარაკოთ, რაც იყო. მისი ცუდი არავის გაუგია, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამდა ის ბიჭი და ცხადია, ამ მდგომარეობამდე რაღაცამ მიიყვანა. აგვისტოს ომის მონაწილეც იყო, ორივე ძმა სამშობლოზე შეყვარებულია. მას არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონია...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ