ხათუნა ტატანაშვილი 16 წელია ბენზინის ჩამსხმელად მუშაობს. კაცურ საქმეს მაშინ შეეჭიდა, როცა 18 წლის ასაკში ოჯახი დაენგრა და მცირეწლოვანი შვილით შემოსავლის გარეშე დარჩა.
- ჩემი შვილი ახლა 20 წლისაა. მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებ. პირველად სწორედ მის გამო დავიწყე მუშაობა "იბერკომპანის" ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში. გოჩა ენუქიძე და ვიტალი ადამია როგორც საკუთარ შვილს, ისე მექცეოდნენ. ბენზინის ჩამსხმელად დამაწყებინეს მუშაობა. მძიმე სამუშაოა, მაგრამ ამ სამსახურმა გადამატანინა ის ტკივილი, რაც ცხოვრებამ მომაყენა, ამით გავზარდე შვილი და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი ოჯახი. არასდროს მქონია აქაურობის დატოვების სურვილი. მავსებდა ამ ბიჭებთან ურთიერთობა.
- არასდროს გიფიქრიათ, სხვა სამსახურში გეცადათ ბედი?
- არა. თავიდან, როცა ბენზინის ჩამსხმელად დავიწყე მუშაობა, ეს უცხო იყო თბილისისთვის. მოგეხსენებათ ქართველი კაცების ამბავი - ქალის დამცირება მათთვის არაფერია. ბავშვი ვიყავი და ხშირად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. ყოფილა შემთხვევა, მიტირია, მაგრამ ერთხელ ისე გავმწარდი, ბენზინიც კი შევასხი ერთ კლიენტს. დღემდე მიჭირს იმ ამბის გახსენება. მიუხედავად ამისა, არასოდეს მიფიქრია სამსახურის დატოვება, რადგან შვილი მყავდა გასაზრდელი.
- ახლა თუ შეიცვალა დამოკიდებულება?
- რა თქმა უნდა, შეიცვალა, ახლა ზოგი კაცად აღმიქვამს... ორი უკიდურესობაა, ქართველი კაცი ან კარგია, ან ცუდი. დღე არ გავა, ყვავილი ან სუნამო არ მომართვან. შეიძლება ითქვას, რომ პირადი კლიენტები მყავს, მოდიან და კითხულობენ, ხათუნა სად არისო. ახლაც ხომ გაიგონეთ, პატრულმა ჩაიარა და რაციით დამიძახა, ხათუნა დეიდა, როგორ ხარო? ზოგმა ჩემი შვილის ამბავიც კი იცის. ამ სამსახურის წყალობით გავიცანი ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც შემდეგ მთავრობის წევრი გახდა, ზოგი კი ჩამოქვეითდა, მაგრამ ჩემთან კარგი ურთიერთობა აქვთ და როგორც დაბალი ფენის წარმომადგენელს, ისე არ მიყურებენ.
- ვინ არიან თქვენი კლიენტები?
- მთელი თბილისი აქ დადის. მთავრობის ზოგიერთი წევრი ისეთი თავმდაბალია, გაგიჟდები, თვითონ გადმოდიან მანქანიდან, ხსნიან "ბაკს", მეუბნებიან, შენ არ შეგაწუხებო. ხშირად მოდიან ცნობილი ადამიანები - გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, დუტა სხირტლაძე, თემურ წიკლაური. ბატონმა თემურმა 22 იანვარს საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზეც კი დამპატიჟა, მაგრამ ვმუშაობდი და წასვლა ვერ მოვახერხე. დუტა სხირტლაძეზე ხომ ნუღარ იტყვი, სიცოცხლეა დუტა, ვგიჟდები ამ ადამიანზე. ენით ვერ აღვწერ, რა ადამიანია. ტრასაზეც რომ გაიაროს, მისიგნალებს, ყვირის, ხათო, როგორ ხარო და ორივე ხელით მესალმება... კახიმ, გივიმ და თემურ წიკლაურმა ძალიან თბილი მოკითხვა იციან, მეუბნებიან, შვილო, ბენზინი ჩაგვისხიო. კიდევ ხატია შამუგია მიყვარს ძალიან, ცოტა ხნის წინ მოვიდა და მითხრა, ხათო, ერთი პარლამენტარის ინტერვიუ წავიკითხე, შენზე წერდაო. ისეთი სამსახური მაქვს, ყველას სახე თუ დავიმახსოვრე, გავგიჟდები. მანქანა რომ შემოდის ჩვენთან, სუნით ვგრძნობ, ბენზინია თუ დიზელი. დღეს შემოვიდა ერთი ბიჭი და ვუთხარი, "დიზელი ხარ, ხომ?", იმან კი მიპასუხა, დათო ვარო. ზოგიერთი უცნაური მოთხოვნით მოდის. როცა მეკითხებიან, "პრემიუმი" სად გაქვთო ვეუბნები, კარადაში-მეთქი. ითხოვენ, "პრემიუმი" დიზელი მინდა და "ლუკოილი" ჩამისხიო... ერთხელ შუა გზაზე გააჩერა ბიჭმა და დამიძახა, ბენზინი ჩამისხიო, ვუთხარი, აქედან თუ გამოვიქნევ, არ ვიცი და, ისე როგორ ჩაგისხა-მეთქი... რამდენიმე წლის წინ ბიჭები მომადგნენ კაბრიოლეტით, გავედი, მეგონა, ბენზინის ჩასხმა უნდოდათ, ერთი მათგანი მეუბნება, აქ მაგარი ქერათმიანი ნაშა მუშაობსო. ვუპასუხე, ქერათმიანი ნაშა დედაშენია-მეთქი...
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)