მეთიუ ბრაიზა - რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა

მეთიუ ბრაიზა - რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა

კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით აცხადებს.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, ბრაიზა განმარტავს, რომ "საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელიც დაადგენს, დაირღვა თუ არა კანონი".

რაც შეეხება იმას, როგორია სააკაშვილის რეპუტაცია და მემკვიდრეობა არსებულ მომენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის შეფასებით, "მასზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ".

"მაგრამ ზოგადად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ვარდების რევოლუცია" და რეფორმები, რომლებიც მან გაატარა, ისტორიული მნიშვნელობის იყო. სააკაშვილამდე საქართველო, როგორც სახელმწიფო, თითქმის აღარ არსებობდა. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილმა საგარეო ასპარეზზე ქვეყანა ყველაზე ახლოს მიიყვანა ოცნების ასრულებასთან - მხედველობაში მაქვს ბუქარესტის სამიტი, სადაც მე, დღემდე ვთვლი, რომ საქართველო სავსებით იმსახურებდა მაპი-ის მიღებას. მეორე მხრივ, სააკაშვილის მცდელობებზე, გაეერთიანებინა საქართველო, ამერიკაში სხვადასხვა შეხედულება აქვთ: ერთნი, ძირითადად, რესპუბლიკელები, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი სწორად მოიქცა, რადგან სწორედ ეს სურდა მის ხალხს - გაერთიანებული ქვეყანა და ევროატლანტიკური მომავალი, მეორენი კი, მემარცხენეები, ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა მეტისმეტად იჩქარა ქვეყნის გაერთიანებისას, ზედმეტად აგრესიული იყო და მეტი ყურადღება უნდა მიექცია რუსეთის ფაქტორისთვის, მაგრამ ზოგადი კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელების აზრით, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, სასიკეთო იყო მისთვის და ეს ნაბიჯები შედიოდა ამერიკის, როგორც მისი პარტნიორის ინტერესებში", - აცხადებს ბრაიზა და იქვე დასძენს, რომ ასე მიიჩნევს ობამას ადმინისტრაციაც და პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა.

გარდა ამისა, ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სოჭის ოლიმპიადაზეც საუბრობს.

"მე ვფიქრობ, უნდა წახვიდეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ რეალობა და სხვებსაც შეახსენოთ: რუსეთი აგრძელებს საქართველოს სამხედრო ოკუპაციას და ეს ოკუპირებული ტერიტორიები ოლიმპიური სოფლიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. იმედგაცრუებული ვარ, რომ ამის შესახებ არ განაცხადა არც ერთმა მსოფლიო ლიდერმა: ეს ხომ თავად ოლიმპიადის, როგორც სამშვიდობო სულისკვეთების ღონისძიების შეურაცხყოფაა. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიან შეთანხმებას და იცით კი, რა შეთანხმებაა ეს? ეს იყო საშინელი, ყოვლად მიკერძოებული შეთანხმება - მისაღები იყო მხოლოდ მისი თავდაპირველი ვარიანტი, რომელზეც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი და ფინეთის ყოფილი საგარეო მინისტრი ალექსანდერ შტუბი, საბოლოოდ კი სარკოზის, საქართველოს მიმართ პუტინის სამხედრო მუქარის ფონზე, ყოვლად სამარცხვინო და უსამართლო შეთანხმებაზე მოუწია ხელის მოწერამ. ეს შეთანხმება იმდენად მიკერძოებლი იყო, რომ დიდი საფრთხეც კი ახლდა. იცით, კიდევ უფრო დიდი უსამართლობა რა იყო? რუსეთმა ეს შეთანხმებაც კი არ შეასრულა! ერთი სიტყვით, უნდა წახვიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე, მაგრამ ამაყად თავაწეულნი. პროვოკაციებს უნდა ერიდოთ, მაგრამ შეგიძლიათ კონკრეტულ ჟესტებს მიმართოთ: შეგიძლიათ, მაგალითად, სანაკრებო ფორმებზე ორი ნაჭერი მიგეკერებინათ: ერთი, სადაც საქართველოს კანონიერი საზღვრებია დატანილი, აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით, მეორე კი იმის ამსახველი, თუ რა დატოვა ამ საზღვრებიდან რუსეთმა. ეს არ არის პროვოკაცია, ეს არის საკუთარი პოზიციის გამოხატვა. უამრავი ადამიანი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს უყურებს, საკუთარ თავს ჰკითხავს? - რა არის ეს? რატომ აცვიათ მათ ასე? და თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, მსოფლიოს უთხრათ, რა გაწუხებთ", - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა