თბილისში უხვი რაოდენობის ნალექის მოსვლის გამო გზებზე ავტომანქანების მოცურების შედეგად ავარიული სიტუაციები შეიქმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარასკევ საღამოს მარტო თბილისში 316 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. მოქალაქეები კი საავადმყოფოებს ძირითადად მოტეხილობების გამო მიმართავდნენ.
სამედიცინო სასწრაოფ დახმარების უფროსის მოადგილე მზია ჯოხაძე ამბობს, რომ თოვლის მოსვლის შემდეგ გამოძახების რაოდენობა გაზრდილი არაა, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა მოიმატა.
"პარასკევ საღამოს სულ 1551 გამოძახება იყო, რომელთაგან უმეტესობა მოტეხილობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები არიან. ჰოსპიტალიზაციის 339 შემთხვევა გვქონდა, 60 ტრავმის შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ნახევარი იყო ჰოსპიტალიზებული. ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ ორჯერ იმატა, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამჯერ დაგვჭირდა სამაშველო სამსახურის დახმარებაც, რადგან გზებზე მოძრაობა შეზღუდული იყო", - უთხრა "მთელ კვირას" მზია ჯოხაძემ.
როგორც "მთელ კვირას" ასევე თბილისის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოდან აცნობეს, თოვლის მოსვლის შემდეგ მოტეხილობების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. მათი ინფორმაციით, საავადმყოფოში შაბათს 28 პაციენტია მიღებული, რომლებსაც ლავიწის მოტეხილობა, იდაყვისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას გადიან, ზოგიერთი მათგანი მოთავსებულია სტაციონარშიც.
თოვლის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოშიც პარასკევს 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "მთელ კვირას" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ავტომობილები სავალი ნაწილიდან იყვნენ გადასული და ყველა მანქანა დროულად ამოიყვანეს, იყო საცობებისა და საავარიო სიტუაციების საშიშროება. უბედური შემთხვევები არ ყოფილა.
"ორი დღეა, გაძლიერებულ რეჟიმზე ვართ გადასული და შემოსულ ზარებზე კვლავაც დროულ რეაგირებას მოვახდენთ. არის დამატებითი ჯგუფები და შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა. სანამ ცუდი ამინდები იქნება, ამ რეჟიმზე დავრჩებით. გზაზე სისტემატურად მარილის მოყრის შემდეგ გამოძახების რიცხვმაც იკლო, ფაქტობრივად შაბათს გამოძახება არ ყოფილა", - აღნიშნა გიორგაძემ.
უამინდობის გამო, თბილისში ტაქსის ტარიფებმაც მოიმატა. 2 ლარამდე გაძვირდა ტარიფები ტაქსის გამოძახების სერვისზე. ამასთან, ტაქსებზე, რომლებც გამოძახების სერვისის გარეშე მუშაობენ, ტარიფი თითქმის გაორმაგდა.
შსს-ს 112 პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 70-მდე შეტყობინება დაფიქსირდა, რომლის 90%, დაახლოებით 55-60 ერთეული გამოძახება დედაქალაქიდან იყო. მათი თქმით, შეტყობინებები უამინდობით შექმნილ პრობლემებს და სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე მომხდარ მსუბუქ ავტოავარიებს შეეხებოდა. მიუხედავად ამისა, მომხდარი ყველა შეჯახება მსხვერპლისა და დაშავებულების გარეშე დასრულდა.
112-ის სამსახურში სამაშველო დახმარების თხოვნით 30-მა ადამიანმა დარეკა, რომელთაც დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტით გადაადგილება ვერ შეძლეს და ტექნიკური სამსახურის დახმარებას ითხოვდნენ.
112-ზე ზარების დიდი ნაწილი თბილისის ქუჩებში მოსიარულე მძღოლებმა განახორციელეს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტივობა ვაკე-საბურთალოს, ვარკეთილის და ფონიჭალის რაიონებიდან იყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "პირველი" ავრცელებს.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსულ უხვ ნალექს ზღვისპირა რაიონებში შტორმით გამოწვეული პრობლემებიც ემატება. ბათუმში 5 ბალიანმა შტორმმა ახალი ბულვარის ნაწილი ჩამოშალა და სამაშველო კოშკურები დააზიანა. ძლიერი ტალღების გამო ბათუმის იახტკლუბში ერთმანეთს რამდენიმე გემიც შეეჯახა.
უამინდობამ და უხვმა ნალექმა ფოთის პორტის სრული დატვირთვით მუშაობაც შეაფერხა. სპეციალისტები უახლოესი ორი დღის განმავლობაში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას ვარაუდობენ.
უამინდობის გამო ზოგიერთი ავიარეისიც გადაიდო. კომპანია "პეგასუსის" კუთვნილ თვითმფრინავს სტამბოლის მიმართულებით ფრენა უნდა განეხორციელებინა, მაგრამ აფრენისას თვითმფრინავი, სიჩქარის აკრეფისას მოყინულ და თოვლიან ბილიკზე მოსრიალდა და ასაფრენი ზოლიდან გადავიდა. საბედნიეროდ, ყველა მგზავრის დროულად გადმოსვლა მოხერხდა და არავინ დაშავებულა.
სალომე აბულაძე