საქართველოს დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე ორ ჯგუფად გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს, დელეგაციაში სულ 19 ადამიანი შედის. სპორტსმენები და ძირითადი ნაწილი სოჭში 6 თებერვალს გაემგზავრება, ხვალ კი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ჩავლენ საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.
"საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება ორ ნაწილად. ნაწილი მიდის ხვალ დილით, ხოლო ძირითადი ნაწილი დელეგაციის მიემგზავრება 6 თებერვალს, დილით. 19-კაციანი შემადგენლობაა, რომელთა შორის არიან სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდეტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტები და სხვები. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი", - განაცხადეს ოლიმპიურ კომიტეტში.
სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.
როგორც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, საქართველოს დელეგაცია სოჭში პირდაპირი რეისით გაემგზავრება. პირდაპირი რეისების განხორციელებას ხვალიდან დაიწყება.