იური ვაზაგაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის საიდუმლო დეტალებს ახმაურებს

იური ვაზაგაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის საიდუმლო დეტალებს ახმაურებს

2006 წლის 2 მაისს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა შეწუხებულმა დამირეკა და მითხრა, ინტერვიუ მინდა მოგცე, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ჩემსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შორის შემდგარი შეხვედრის დეტალები საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიტანოო. ბუნებრივია, შვილდახვრეტილ მამას ოფისში ვესტუმრე და საშუალება მივეცი, საკუთარი გულისტკივილი "ასავალ-დასავალის" საშუალებით გაეზიარებინა საქართველოს მოსახლეობისთვის. სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღეში, 9 თებერვალს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახვრეტილი ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა - იგი წელს 30 წლის გახდებოდა. ზურას ოჯახის წევრები და მეგობრები სწორედ ამ დღეს იუსტიციის სახლთან შეიკრიბებიან, სადაც ის სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა და სადაც დახვრეტილი ბიჭების მემორიალური დაფაა განთავსებული.

- ბატონო იური, ჩვენი საუბარი იმ თემით უნდა დავიწყოთ, რაზეც დღეს მთელი საქართველო აღშფოთებული და დაშოკილი ლაპარაკობს - გავრცელდა სკანდალური ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ იძლევა მერაბიშვილი ორი ადამიანის მკვლელობის ბრძანებას და თავის ქვეშევრდომებს ორი გვამის მოტანას ავალებს. თქვენ, როცა ამ კადრებს უყურებდით, ალბათ, თქვენი შვილის დახვრეტის სცენა წარმოგიდგათ თვალწინ. თანაც, იმ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ხომ ზუსტად ორი კაცი მოკლეს - ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. რას გვეტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

- პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო "ასავალ-დასავალს" იმისათვის, რომ 9 წლის განმავლობაში უკომპრომისოდ ებრძოდით სააკაშვილის მკვლელ რეჟიმს. ერთად ვიბრძოდით, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვდით და სამწუხაროა, რომ დღესაც გვიწევს ამ მოთხოვნის დაყენება.

ასევე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გია კრიალაშვილის ოჯახს. გავრცელებულ კადრებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა ხელისუფლება გვყავდა 9 წლის განმავლობაში და როგორი რეჟიმის ქვეშ ვცხოვრობდით, მკვლელების ბანდა მართავდა ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, კიდევ უარესი კადრებიც არსებობს, რადგან ესენი უარეს სისაძაგლეებს სჩადიოდნენ.

პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი დილით შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მიდიოდა, თანამშრომლებს ასე ესალმებოდა - აბა, ბიჭებო, რას შვრებით, დღეს არავინ უნდა მოვკლათო?! სპეციალური რუკა ჰქონიათ შედგენილი, თბილისის რომელ უბანში რამდენი ახალგაზრდა უნდა მოეკლათ, რომ ხალხში შიშს დაესადგურებინა!

- თითქოს ძნელად დასაჯერებელია, რასაც ამბობთ, მაგრამ გავრცელებული კადრების შემდეგ აღარაფერი მიკვირს...

- რაც შეეხება ჩემი ოჯახის ტრაგედიას, 9 თებერვალს ჩემი შვილის ზურას დაბადების დღეა, იგი 30 წლის გახდებოდა, თუმცა, არ მინდა, სიტყვა "გახდებოდა" ვთქვა - ჩემთვის იგი 9 თებერვალს 30 წლის გახდება.

დარწმუნებული ვრა, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ისევ მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა, რადგან ახალმა ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ სამართლიანობის აღსადგენად რეალური ნაბიჯების გადადგმას არ ცდილობს. ერთი წლის განმავლობაში კბილაშვილმა, ნაცვლიშვილმა და თბილისის ყოფილმა პროკურორმა მწარიაშვილმა არცერთი გახმაურებული საქმე არ გამოიძიეს და იგივე გრძელდება დღესაც.

არადა, დღეს მთავრობაშიც და პარლამენტშიც უმეტესობა ის ხალხია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა და ყველა მიტინგზე თუ პრესკონფერენციაზე გაჰყვიროდა, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელები დაისაჯონო. დღეს რამ დაადუმათ? სავარძლებში ჯდომა გაუტკბათ და სამართლიანობა აღარ ახსოვთ?!

- სამაგიეროდ, "სამართალს ეძებს" მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია...

- საზოგადოებისთვის ამაზე დიდი დაცინვა რა უნდა იყოს?! თურმე, მერაბიშვილი საკნიდან გაუყვანიათ და ამას აპროტესტებენ. ვთქვათ, გაიყვანეს. რა უქნეს მერე, გააუპატიურეს? სცემეს? აწამეს? ჩვენი არჩეული ხელისუფლება ნაცდამნაშავეების წინაშე თავისმართლების პოზიციაში იყენებს თავს და ამას ვუყურებთ უკვე თითქმის ორი წელია. ამოგვივიდა ყელში!

ახალი ხელისუფლების სირცხვილია, რომ დამნაშავე ნაციონალები დღეს ასე "ბლატაობენ"!

- ბატონო იური, ახლა მივადგეთ მთავარ თემას, რის გამოც თქვენ მე შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეთ. მახსოვს, ორი თუ სამი თვის წინათ პირად საუბარში მომიყევით თქვენი და შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის შეხვედრის დეტალები, თუმცა, მაშინ ამის გასაჯაროება არ გსურდათ. რა შეიცვალა მას შემდეგ?

- შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, ეს ინიციატივა წამოვიდა თვითონ ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძისაგან. ვისაუბრეთ, მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო და გულახდილად საუბრობდა.

ჭიკაიძეს დავუსვი კითხვა - როგორ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დალაგებას და პოლიციას და საზოგადოებას შორის ნდობის დამყარებას, როდესაც სისტემაში მაღალ თანამდებობებზე ჰყავს სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი დამნაშავეები? ასევე ვუთხარი, რომ მის მიერ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნული გიორგი დალაქიშვილი არის ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე. ასევე დალაქიშვილის მოადგილე მირზოევი არის ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე. ჭიკაიძეს ვკითხე, ეს ხალხი მაღალ თანამდებობებზე სპეციალურად ხომ არ გყავთ დანიშნული, რომ რიგითმა პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ გაბედონ-მეთქი?

- რა იყო ამ ყველაფერზე მინისტრის პასუხი?

- ჭიკაიძის პასუხი იყო ასეთი - მე დაველაპარაკე დალაქიშვილს და მას თქვენი შვილის მკვლელობაში დანაშაული არ მიუძღვის, რადგან შემთხვევის ადგილიდან 150 მეტრის მოშორებით იდგაო. ამის პასუხად მინისტრს წინ დავუდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი სპეცოპერაციის სქემა, რომლის თანახმადაც დალაქიშვილი იყო ცააძის ჯგუფში და მანქანა, რომელშიც იგი იჯდა, საცობში გაჩერებული იყო ჩემი შვილის მანქანის წინ, ანუ არა 150, არამედ 3-4 მეტრში. ჭიკაიძეს ვუთხარი, დალაქიშვილი გატყუებს-მეთქი. ამაზე მიპასუხა, დალაქიშვილი მე ვერ მომატყუებსო.

დალაქიშვილის მოადგილე მირზოევზე კი ჭიკაიძემ ისეთი რამე მითხრა, გაოგნებული დავრჩი.

- რა გითხრათ?

- თქვენ იცით, მირზოევს რამხელა დამსახურება აქვს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაშიო? ე.ი. რადგან დამსახურება აქვს, დანაშაულზე პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?! მინისტრისაგან ასეთ რამეს რომ მოისმენ, იქ დამთავრებულია ყველაფერი.

პირდაპირ გეუბნებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის ჭიკაიძესა და მერაბიშვილს შორის. მერაბიშვილიც აწინაურებდა დამნაშავეებს და ჭიკაიძეც აწინაურებს დამნაშავეებს!

"მოვუწოდებ ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს, დროზე მოვიდეს გონს და გაწმინდოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეებისაგან!" გეკითხებით ხალხო, როგორ შეიძლება, დედაქალაქის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მკვლელობის თანამონაწილეები იყვნენ და პროკურატურა მათ დაკითხვასაც ვერ ბედავდეს?!

- ბატონო იური, მოდით, ამ ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ...

- მე არ ვამბობ, რომ დალაქიშვილმა და მირზოევმა უშუალოდ ესროლეს ტყვია ჩემს შვილს და მოკლეს, მაგრამ დადგენილი ფაქტია, რომ ისინი სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. მე ვითხოვ, რომ ეს ადამიანები დაიკითხონ და გამოძიებას მისცენ მართალი ჩვენება, უთხრან სიმართლე...

ხალხი სიმართლის საპოვნელად მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურაში და იქ კაბინეტებში ხვდებიან ის დამნაშავეები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ხალხს არბევდნენ, ატერორებდნენ, ქონებას ართმევდნენ, თავებს უხეთქავდნენ, გამოძიებას აყალბებდნენ... გაგიჟებულია ხალხი! ქართველი ხალხი ამას არ ითხოვდა 9 წლის განმავლობაში, ხალხი ითხოვდა დამნაშავეების დასჯას და არა მათ ჯდომას თბილ კაბინეტებში.

ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ერთი წუთით ჩვენს ადგილას წარმოიდგინეთ თავი - შვილები დაგვიხოცეს, უდანაშაულო ბავშვები მიწაში ჩაგვიწვინეს და ამის გამკეთებლები დღესაც თანამდებობებზე სხედან. ამას ვინ აიტანს?! რაც მოხდება, ყველაფერზე ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა!

მე მოვუწოდებ ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს, დროზე მოვიდეს გონს და გაწმინდოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეებისაგან!

- ბატონო იური, როგორც ვიცით, თქვენ და შინაგან საქმეთა მინისტრის შეთანხმება გქონდათ, რომ თქვენი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო, რატომ გადაწყვიტეთ დღეს ამ შეთანხმების დარღვევა?

- მე ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირობა მივეცი, რომ დაველოდებოდი, რას მოიმოქმედებდა ახალ წლამდე და მანამდე ამ შეხვედრის დეტალებს არ გავასაჯაროებდი. ეს პირობა დავიცავი და ახალ წლამდე არაფერი მითქვამს, მეტიც, კიდევ ერთი თვე ველოდე, მაგრამ დღეს იძულებული ვარ, ყველაფერი ღიად ვილაპარაკო, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ვხედავ სრულ უმოქმედობას ამ საკითხში!

აქვე მინდა, შევეხო მთავარ პროკურატურასაც... ასევე პირადად შევხვდი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და მან მითხრა, თქვენი შვილის მკვლელობის გამოძიება გაფუჭებულია, წინა ხელისუფლებამ გააფუჭაო. მე პირდაპირ ვუთხარი შოთაძეს, ვინც ეს გამოძიება გააფუჭა - თენგიზ ხარებავა, შაქრო ზაალიშვილი, ფრანგ ანკოსი და სხვები აგერ გყავს პროკურატურაში, შენი ქვეშევრდომები არიან და რატომ არ სთხოვ პასუხს-მეთქი?!

აქვე მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დღემდე უშედეგოდ ეძებს სამართალს, მივმართავ ყოფილ პოლიტპატიმრებს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატერორებულ ბიზნესმენებს, ქონებაწართმეულ მოქალაქეებს, ჩემსავით გაუბედურებულ მშობლებს - ყველამ ვიცით ჩვენ-ჩვენს საქმეზე ვინ იყო გამომძიებელი, ვინ - პროკურორი და მოსამართლე. მოიტანეთ ამ ადამიანების სურათები, გვარ-სახელები, რომლებსაც მე დავბეჭდავ და გავავრცელებ!

- ამით რისი მიღწევა გინდათ?

- მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ და ვაიძულოთ შინაგან საქმეთა სამინისტროც და პროკურატურაც, რომ დამნაშავეები თანამდებობებიდან მაინც გაათავისუფლონ! წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გვეშველება და უარეს დღეში ჩავცვივდებით!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ