დაახლოებით საამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, 26 მაისის საქმეზე, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის დაკითხვა დასრულდა.
ბურჯანაძე ბრალდების მხარის მოწმედ ითვლება, რომელმაც დღევანდელ დაკითხვაზე 26 მაისის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეში მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ბრალდებულები. ნინო ბურჯანაძემ დეტალურად გაიხსენა 26 მაისის აქციის დაშლა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ეს მიტინგის დაშლა არ ყოფილა.
"ჩემი დისკრედიტაცია ყოფილი ხელისუფლებიდან წამოსვლის ფაქტობრივად მეორე დღესვე დაიწყო და გაგრძელდა. ამას წინ უძღვოდა აგვისტოს ომის პერიოდი. კერძოდ, მე როდესაც ხელისუფლებიდან წავედი, აგვისტოს თვეში, მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა დავხმარებოდი და ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ვაგზავნიდი მეილებს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ვთხოვდი მათ დახმარებას. თუმცა, მე არსად არ ვჩანდი, ჩემი ინტერვიუები არსად არ გადიოდა, დისკრედიტაცია კი დაიწყო მას შემდეგ რაც "როიტერს" მივეცი ინტერვიუ და ვთქვი, რომ ახლა შეკითხვების დრო არ არის, მაგრამ დადგებოდა კითხვებზე პასუხებზე გაცემის დრო. სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია. მიხეილ სააკაშვილმა შეკრიბა ხალხი და მათ უთხრა, რომ ვინც აღნიშნულ კითხვებზე და მათ პასუხებზე ისაუბრებდა, ის გამოეცხადებინათ ქვეყნის მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე გაიხსენა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ერთი ჯარისკაცი რუსების 50-ს უდრის.
"მე მას ვუთხარი, რით გაუმკლავდებოდა რუსეთს. მან თქვა, რომ მათ დაჟანგებული ტექნიკა აქვთ, ჩვენ კი - კარგი. სიმართლე გითხრათ, ბრალდებული მერაბიშვილი დიდი ენთუზიაზმით ამ შემთხვევაში არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩემი დამსახურებაა, რომ 2008 წლის აპრილში აფხაზეთთან ომი არ დავიწყეთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ თუკი ეს ხელისუფლება არ გაასამართლებს, საქართველოში აუცილებლად იქნება ხელისუფლება, რომელიც "აღნიშნულ დანაშაულებრივ ორგანიზაციას გასამართლებს".
ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ნინო ბურჯანაძეს შეკითხვა დაუსვეს თუ რატომ შეხვდა რუსეთის ხელისუფლებას. აღნიშნულ შეკითხვაზე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ იგი ემზადებოდა არჩევნებისთვის და აინტერებდა რუსეთის ხელისუფლების განწყობა საქართველოსთან მიმართებაში, რათა ქართული საზოგადოებისთვის ცრუ დაპირება არ მიეცა. ბურჯანაძის თქმით, სწორედ ამ მიზნით შეხვდა რუსეთის ხელისუფლებას, რათა მათი დამოკიდებულება გაეგო საქართველოსთან მიმართებაში.
"ის ჯარი, რომელიც აგერ დგას, ბურჯანაძეს კი არ შემოუყვანია, არამედ სააკაშვილის უტვინობამ შემოიყვანა საქართველოში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.