ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს

ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს

თუ საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სპორტი ყოველთვის არის პოლიტიკისგან განცალკევების შესაძლებლობა.

"იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, დიპლომატიის ან სამხედრო სფეროში არ თანამშრომლობენ, ეს შეხვედრის შესაძლებლობაა. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რჩება ძლიერი. ის ფაქტი, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა საქართველოს ზუსტად სოჭის ოლიმპიადის დროს, შეიძლება უშუალოდ სოჭთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის გზავნილი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ეს არ შეიცვლება. თუ საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. როგორც კანადელი, არ ვარ დარწმუნებული, ჰყავს თუ არა საქართველოს ჰოკეის გუნდი, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, ახალი მთავრობის მიდგომა, რომელიც "არც ისე ახალია", კარგია.

ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ წინა მთავრობის მიდგომისგან ის ფუნდამენტურად არ განსხვავდება.

"ეს არის მყარად დგომა ევროატლანტიკურ გზაზე, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ და ასევე რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობა. ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის. ჩვენ ამის გვჯერა, ასევე გვსურს ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის ის, რაც დამფუძნებელ ქარტიაში წერია და ეს არ შეიცვლება. ქართველ ხალხს შეუძლია, ამაში დარწმუნებული იყოს. კითხვები არის მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, როდის და როგორ და ეს დიდწილად ასპირანტ ქვეყანაზეა დამოკიდებული. ასე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მიმართულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება", - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრებს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც გამოეხმაურა.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს.

"პრემიერს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს. ჩვენი მოსაზრება წლიურ ეროვნულ გეგმაზე ძალიან პოზიტიურია. ასე რომ, ვფიქრობ, ელჩებს ექნებათ სურვილი, მოისმინონ როგორ მიმდინარეობს მზადება. თქვენ წინ გელოდებათ ადგილობრივი არჩევნები. ვისაუბრებთ ავღანეთის მომავალზე, ნატო-ს სამიტზე. ვფიქრობ, ძალიან ლეგიტიმურია, ქართველი ხალხი კონკრეტულ წინგადადგმულ ნაბიჯს ელოდეს. რა ფორმას მიიღებს ეს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს პოზიცია ნათელია – მან გაატარა რეფორმები, შეაქვს წვლილი საერთაშორისო მისიაში და ელჩებმა ეს იციან", - აღნიშნა აპატურაიმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა