სექსუალური დანაშაულის კანონში ცვლილებები შედის

სექსუალური დანაშაულის კანონში ცვლილებები შედის

სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კავშირი "საფარი" და "წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცვლილებების საკუთარ პროექტს სთავაზობს. კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას განცხადებით, ცვლილებების პროექტში ჩნდება ახალი მუხლები და დეფინიციები. მაგალითად, იცვლება გაუპატიურების დეფინიცია, რაც პატარაიას ინფორმაციით, აქამდე მოცემული არ იყო. ასევე ქრება მუხლები, რომელიც ცალკე გამოყოფდა გაუკუღმართებულ ქმედებებს, მამათმავლობას. კოდექსში შემოდის ახალი მუხლი - გადაკიდება.

"გარდა ამისა, იყო მთელი რიგი დანაშაულები, რომელიც ჩვენს სივრცეში არ არსებობდა და პროკურორებს უწევდათ, მუქარაში გაეყვანათ, ან სხვა დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცათ კონკრეტული სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის", - განმარტა პატარაიამ.

ცალკეულ ნორმებში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია, სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვასა და სისხლის სამართლის რეფორმაზე მუშაობს. მისივე თქმით, ბევრი რამ მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში გადასინჯვას მოითხოვს.

"ჩვენ თითქმის დავამთავრეთ მუშაობა ზოგადი ნაწილის გადასინჯვაზე. ახლა ვიწყებთ მუშაობას კერძო ნაწილის გადასინჯვაზე, როგორც სანქციების კუთხით, ასევე ცალკეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის კუთხით. სექსუალური ხასიათის დანაშაულებში რომ ბევრი რამ საკმაოდ მოძველებულია შემადგენლობის კუთხით, ეს სრულიად აშკარაა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მომზადებული კანონპროექტის ფონზე, რომელიც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ჩვენ ნამდვილად ვიმუშავებთ ამ ვერსიაზე და ბევრ რამეს გადავიღებთ, თუ ყველაფერს არა," - აღნიშნა ბარამიძემ.

რითია მნიშვნელოვანი ახალი ცვლილებები და რა სიახლეს ამატებენ არასამთავრობოები სისხლის სამართლის კოდექსს?

საქმეში უკეთ გარკვევისთვის დავუკავშირდით "საფარის" ხელმძღვანელს ბაია პატარაიას:

- მოკლედ, იცვლება გაუპატიურების დეფინიცია და ეს არის ისეთი სახის სექსუალური კონტაქტის იძულება, რომელიც არ არის გაუპატიურება, მაგრამ სხვა ქმედებას მოიცავს.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, ისეთი ფიზიკური კონტაქტის იძულებას, რომელიც არ არის უშუალოდ შეღწევა, მაგრამ არის ისეთი შეხების იძულება, რომელიც არ სურს მსხვრეპლს და მას აიძულებენ. რაც შეეხება "გადაკიდებას", ესაა სრულიად ახალი მუხლი, ამას იცნობს ევროპული და ამერიკული კანონმდებლობა "სტოლქინგის" სახელით და ამ სიტყვას არც თარგმნიან, ისეა უკვე მიღებულ ფორმად, რაც ნიშნავს განმეორებითი ხასიათის შევიწროებას, დევნას, მუქარას, რაც მსხვერპლში იწვევს ნერვულ სტრესს, საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, ცხოვრების წესი შეცვალოს.

- თქვენ ამბობთ, რომ არსებობს მთელი რიგი დანაშაულები, რაც ჩვენს სივრცეში კონკრეტულად არ არსებობდაო?

- იყო ისეთი ტიპის დანაშაულები, რომლებიც გადმოტანილი იყო საბჭოთა კოდექსიდან და სხვაგან არსად რომ არ მოიპოვება, ევროპულ სახელმწიფოებს ვგულისხმობ და ამ დროს შინაარსით რომ ძალიან ჰგავდა გაუპატიურებას, იგივე მამათმავლობა, ლესბოსელობა და სექსუალური კონტაქტის იძულება. აქამდე გაუპატიურებაში მოიაზრებოდა მხოლოდ ის, როცა მამაკაცი ქალს აუპატიურებს, ახლა პირდაპირ დაიწერა, რომ ასეთ ქმედებაში ანალური სექსიც შედის და სხვა ტიპის გაუპატიურებებიც.

- რამ გამოიწვია დღეს ამ მუხლების დამატება?

- ამ მუხლების შეცვლა ისედაც იგეგმებოდა, რადგანაც მოძველებული იყო, ამის შეცვლის რეკომენდაციებს გვაძლევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რათა საერთაშორისო შესაბამისობაში მოსულიყო მუხლები. რაც შეეხება ახალი მუხლების დამატებას, ეს დრომ მოიტანა, იგივე - გადაკიდება. ამის ძალიან ბევრი მსხვერპლი არსებობს და რადგანაც კოდექსში არ არსებობდა ამის შესატყვისი, აქამდე ამ ქმედებას ჩვენში მუქარის მუხლს უფარდებდნენ, ან მარტო შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლებოდნენ.

- პარალელურად, მკაცრდება სასჯელი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით?

- რამდენიმე თვის წინ ამ სახის დანაშაულთან დაკავშირებით ისედაც გამკაცრდა სასჯელი, ამიტომ ამაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ არც ერთი დანაშაული არ დარჩეს კოდექსის მიღმა და მთავარია, ჩვენ მოვიცვათ ყველა დანაშაული კოდექსის საშუალებით. ჩვენ ყველა დანაშაულს თავის სახელს ვარქმევთ, რაც რეალურად არსებობს. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ახლა უკვე იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მუშაობა ბოლომდე გაგრძელდება, სანამ კანონში ცვლილება პრალამენტში წარსადგენად გამზადდება.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ