რუბრიკის მორიგი სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელსაც ახალი Honda CR-V გავატესტინეთ. ვინც ანატოლი ბოისას მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" იცნობს, შევახსენებთ, რომ ამ ტელეპროექტში იგი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრის სტატუსით მიიწვიეს. 2004 წლიდან დღემდე, ბოისას ეროვნული გუნდის მაისურით 31 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.
Honda CR-V-ს გამოცდისთვის უკეთეს კანდიდატს, ალბათ, ვერც შევარჩევდით, რადგან კალათბურთელები ცხოვრებაშიც ზემოდან დაგვყურებენ (მარტივი მიზეზის გამო - მაღლები არიან) და მანქანებსაც ისეთებს ირჩევენ, ზემოდან რომ აკონტროლონ "მოედნის" მთელი პერიმეტრი. კალათბურთში ხომ არსებობს გამოთქმა: პასს ყოველ წამს, მოედნის ნებისმიერ წერტილში უნდა ელოდოო. ასეთივე ყურადღებაა საჭირო ავტომობილის მართვისას.
ახალ CR-V-ში პირველად ვჯდებიო - თქვა ანატოლი ბოისამ, მეუღლეს, თეა ბოისას კარი გამოუღო და წლინახევრის მომავალ კალათბურთელ დათასთან ერთად "ჰონდაში" შეაცილა. შემდეგ თვითონ მოთავსდა და მძღოლის პოზიციიდან პირველივე შთაბეჭდილება გაგვიზიარა: ”არ მეგონა ასეთი სივრცე თუ იქნებოდა, ამ მხრივ ზოგიერთ უფრო დიდ ქროსოვერსაც სჯობს. შესაძლოა, სივრცის შთაბეჭდილებას კოკპიტიც ქმნის, რომელიც ამ კლასის ზოგიერთ სხვა წარმომადგენელს ზედმეტად აქვს გამოწეული.”
ანატოლი ბოისა 194 სმ სიმაღლის კალათბურთელია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, მანქანაში, სკამის ბოლომდე გაწევის შემთხვევაშიც რომ ვერ ჩაეტიოს. Honda CR-V-ში ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია. საჭე დასწია - ასე მირჩევნიაო. აღმოჩნდა, რომ საჭე წინაც იწევა და ანატოლიზე გაცილებით მაღალ კალათბურთელებსაც (და არა მხოლოდ) თავისუფლად შეუძლიათ სპორტულად მართონ Honda CR-V.
ვიდრე ბოისა ავტომობილს დაძრავდა, მეუღლეს გადახედა... საკუთარი შთაბეჭდილება თეა ბოისამაც გაგვიზიარა: ”მცირე ზომის მანქანა მყავდა, რომელშიც საბავშვო ეტლი არ ეტეოდა. თუმცა ავტომობილი იმდენად პატარა არ იყო, რამდენადაც ეტლი იყო დიდი. Honda CR-V საოჯახოდ გაცილებით უკეთესია. როცა პატარა გყავს, 2-3 დღით გამგზავრების შემთხვევაშიც კი ბევრი ბარგი გიგროვდება, რაც CR-V-ში თავისუფლად მოთავსდება. თან ყველგანმავალია და ბაკურიანსა თუ რაჭაში წასასვლელად შესაფერისია. წარმოშობით რაჭიდან ვარ და იქ ჩასვლა ძალიან მიყვარს.