წერეთლის N72-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, დამწვარია შენობის სახურავი, დაახლოებით 15-20 კვადრატული მეტრი.
ამასთან, ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, შენობის ერთ ნაწილში განთავსებულია საბავშვო ბაღი. მათივე თქმით, შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებს რესტორანი, მეორე სართულზე სასწავლო ინსტიტუტი, ხოლო შენობის მესამე სართულზე ცხოვრობენ დევნილები. რამდენიმე დევნილს, ხანძრის გამო სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
დევნილების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის. შენობაში ხანძარი წარსულში 3-4-ჯერ გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური.