წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების რიგებიდან საბოლოოდ გაქრება

წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების რიგებიდან საბოლოოდ გაქრება

დედაქალაქის გარეუბნებში წვრილი მაღაზიები ზედიზედ იხურება. ზოგიერთი მეწარმე იძულებულია სავაჭრო საქმიანობა დროებით შეაჩეროს. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსხვილი სავაჭრო ქსელი, დედაქალაქის ცენტრალური უბნების შემდეგ, გარეუბნებსაც მოედო. ბოლო რამდენიმე თვეა, ეს ტენდენცია მზარდია.

ახალი მაღაზიების საფასო პოლიტიკამ და მომსახურების გაუმჯობესებამ წვრილი მაღაზიები თამაშგარეშე დატოვა. მათი მფლობელები "რეზონანსთან" გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ უზარმაზარმა მაღაზიებმა მომხმარებელი გადაიბირა და უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდნენ.

სულ ახლახან რამდენიმე მაღაზია დაიხურა გლდანსა და ვარკეთილში. მათი ყოფილი მფლობელები ამბობენ, რომ რეალიზაცია მინიმუმამდე შეუმცირდათ და მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ცნობილმა სუპერმარკეტმა "ფრეშმა" გლდანში ახლომდებარე წვრილი მაღაზიების მომხმარებელი მომსახურების შედარებით კომფორტული პირობებით მიიზიდა. სულ რამდენიმე თვეა, რაც გარეუბანში "ფრეში" გამოჩნდა და მასთან ბაზრის წვრილ მოთამაშეებს კონკურენციის გაწევა უჭირთ.

ანალოგიური მდგომარეობაა ვაზისუბანსა და ვარკეთილში, სადაც "სმარტის", "ფრეშის", "ფრესკოს", "იოლის", "ნიკორას" და "ვეჯინის" სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა. "სმარტთან" კონკურენციაში დამარცხდა "პოპულიც".

რამდენადაც ცნობილია, პატარა მაღაზიების გარდა, პრობლემები აქვთ საშუალო დონის სუპერმარკეტებსაც, რომლებსაც მაღალი ბრენდის კომპანიების გვერდით საქმიანობის გაგრძელება უჭირთ. არ არის გამორიცხული, წვრილი სუპერმარკეტების ბედი მათაც გაიზიარონ.

გლდანში, მეექვსე მიკროს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის ყოფილი მფლობელი ზურა ზაქარიაძე ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტი 10 წლის წინ გახსნა და ბოლო დრომდე მაღაზიას შეუფერხებლად ამუშავებდა. შარშან ახლომახლო ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტი "გუდმარკი" გაიხსნა. ცოტა მოგვიანებით მას კიდევ ერთი სუპერმარკეტი დაემატა, გვერდიგვერდ სამი მაღაზიის არსებობა მჭიდროდ დასახლებული უბნისთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა. ორი მათგანი დაიკეტა.

"მომხმარებლის დეფიციტი არასდროს ყოფილა, კრიზისის პერიოდშიც კი. რაც ახალი სუპერმარკეტები გამოჩნდა, ყველა მყიდველი ერთბაშად შემომეცალა. ბოლოს ის კატეგორია შევინარჩუნე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და თვიდან თვემდე ნისიებით გააქვს თავი. ასეთ პირობებში მაღაზიამ ვერ იმუშავა", - ამბობს მაღაზიის მფლობელი.

ანალოგიურ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მფლობელები. მას შემდეგ, რაც აქ მრავალფუნქციური ცენტრი "ფრესკო" გაიხსნა, ახლომახლო ტერიტორიიდან წვრილი მაღაზიები, შეიძლება ითქვას, გაქრა.

"ობიექტი დაბალ ფასზე მუშაობს. მასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, პრობლემა "ფრესკოს" გახსნიდან რამდენიმე დღეშივე დაიწყო. ორი თვის შემდეგ კი მაღაზია დავხურე. სხვებმაც მალევე მომბაძეს. ხელისუფლების მხრიდან რაღაც ღონისძიება თუ არ შემუშავდა, თბილისში წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების სიიდან საბოლოოდ გაქრება", - ამბობს ვახო ბარქაია, მინიმარკეტის ყოფილი მეპატრონე.

მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის, მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ წვრილი სავაჭრო ობიექტების სრული გაკოტრება გარდაუვალია. რაც შეეხება სავაჭრო სფეროს ახალ მოთამაშეებს, კაპანაძის აზრით, ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი ახალი მაღაზია არ სჭირდება, რადგან მოსახლეობის მსყიდვითი უნარი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია.

"დიდი მაღაზიების ქსელის აქტიური ამუშავება პატარა სავაჭრო ობიექტების გაკოტრებას გამოიწვევს. ეს გარდაუვალი პროცესია, რომელც მრავალი ქვეყნისთვის ტენდენციად იქცა, მათ შორის, საქართველოსთვისაც. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კიდეც და ასეც იყო მოსალოდნელი. პატარა მაღაზიებს პირობითად წვრილ და საშუალო ბიზნესად თუ მოვიხსენიებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ", - აცხადებს კაპანაძე.

მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის სექტორში დასაქმების ხვედრითი წონა ყველაზე მაღალია. ჯამში, ამ ორ სფეროზე, საერთო დასაქმების 2/3 მოდის.

"ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივები არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი. პატარა მაღაზია, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში უამრავი გაიხსნა, გაკოტრების პირასაა. ზოგი უკვე დაიკეტა და ამ პროცესს ვერ გავექცევით. ფაქტია, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი სავაჭრო ობიექტი არ სჭირდება. ამდენად, წვრილი ვაჭრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში.

ქართული სამომხმარებლო ქცევიდან გამომდინარე, შემოსავლიანი მოქალაქეები აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს შემოსავალი იმ რაოდენობით, რომ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული შემოთავაზებებით ისარგებლონ. ეს ეტაპი ყველა ქვეყანამ გაიარა, დიდი მოთამაშეების გამოჩენას პატარები ყოველთვის ეწირებიან", - განმარტავს კაპანაძე.

მისივე თქმით, პრობლემები ამით არ ამოიწურება და საბოლოოდ მსხვილ მაღაზიებსაც გაუჭირდებათ, მათ შორის, ჰიპერმარკეტებსაც, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ.

"ოკეანის ვეშაპი თუ შევიდა პალიასტომის ტბაში, ეს არ ნიშნავს, რომ მასაც არ გაუჭირდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს, პრობლემები მსხვილ სავაჭრო ობიექტებსა და ჰიპერმარკეტებსაც შეექმნებათ. მოსახლეობის მსყიდვითი უნარი დაბალია და ეს ფაქტორი სავაჭრო სექტორზე გავლენას უსათუოდ მოახდენს. პირველ ეტაპზე, მცირე მაღაზიებს ექმნებათ პრობლემები და მათი გაკოტრება გარდაუვალია.

ზუსტად ამ წლიდან გამოჩნდება, რამდენად უღირთ მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება. ვფიქრობ, დარჩება ის მაღაზიები, სადაც ჰყავთ კარგი მენეჯერები და მომარაგების კარგი სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით შეწონილი, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი", - აცხადეს კაპანაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია