საპატრიარქოს მაღაზიაში ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს

საპატრიარქოს მაღაზიაში ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს

"ბარაქა, გოგი, ბარაქა", ეს ფრაზა ხშირად მახსენდება, მაგრამ ის, რაც აღმოჩნდა სიონის ტაძრის ტერიტორიის მიმდებარედ საეკლესიო მაღაზია "ბარაქაში", ამას რბილად დავარქმევდით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელმა" აღმოაჩინა, რომ საეკლესიო მაღაზია მცენარეული ცხიმის კარაქს "კარაქის" სახელწოდებით ყიდის. რაც შეეხება აქ განთავსებულ ხაჭოსა და არაჟანს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაჟანში რძის ცხიმის მასიური წილი 2,5%-ია, ხაჭოში კი - 1%. ანუ, მიღებული შედეგებით ირკვევა, რომ არც ერთი ამათგანი ნამდვილი რძის პროდუქტი არ არის და ამ დროს მომხმარებელთა უმრავლესობის მოლოდინი საეკლესიო მაღაზიებისადმი ნამდვილად მაღალია, რადგანაც, როგორც წესი, ეს პროდუქტის ნატურალურობასა და ნამდვილობას უკავშირდება.

საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, "ალია" არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებლის" წარმომადგენელს ლია თოდუას დაუკავშირდა.

- ჩვენ მოგვმართა მომხმარებელმა და გვითხრა, რომ სიონის გვერდით, მაღაზია "მონასტრის ბარაქაში" სულ ყიდულობდა ამ პროდუქტებს, რადგანაც მის შვილს ძალიან მოსწონდა და მოქალაქე, უბრალოდ, შემცველობით დაინტერესდა. ჩვენც მივაკითხეთ 15 იანვარს მაღაზიას და გამყიდველმა გვითხრა, რომ აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეურნეობებიდან ჩამოტანილი პროდუქტი იყიდება, რაზეც საპატრიარქომ მისცა კურთხევაო. მაცივარში გუნდებად იდო დაფასოებული პროდუქტი წარწერით "კარაქი", შეძენის დოკუმენტშიც "კარაქი" დაგვიწერეს. ჩვენ ეს პროდუქტი ვიყიდეთ, შემდეგ კი ლაბორატორიაში ჩავაბარეთ და შემოწმებისას გაირკვა, რომ ამაში რძის ცხიმი იყო ზოგში 0% და ზოგში - 10%. წესით, უნდა იყოს 100% რძის ცხიმი, რომ პროდუქტი ჩაითვალოს კარაქად, ასეთია საერთაშორისო სტანდარტი.

- კვლევის შედეგად რა გაირკვა? მცენარეული ცხიმია თუ ცხოველური?

- ჩვენ არ ვიცით, ეს რა არის, რა ცხიმია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის კარაქი. გარდა ამისა, აქ შევიძინეთ ხაჭო და არაჟანი, ესენიც ჩავაბარეთ ლაბორატორიას და მათში რძის ცხიმი იყო ისეთი დაბალი, რომ, შეიძლება პრაქტიკულად ჩაითვალოს, რომ ეს არ იყო რძის ცხიმი. თავად შემოწმება ჩატარდა სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში. ესაა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, ლაბორატორიები "ნორმა" და "მომავალი საუკუნე". ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტებიდან შეუძლებელია დადგინდეს იურიდიული პირი, რომელიც განაგებს სიონის ტაძრის ეზოში მდებარე "მონასტრის ბარაქას", რადგანაც ასეთი იურიდიული პირი სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

- შეიძლება თუ არა, ამ ფაქტს ფალსიფიკაცია ვუწოდოთ?

- საქმე ისაა, რომ ქვეყანაში არ არის დადგენილი ნორმები, ამ დროს საერთაშორისო სტანდარტი ითხოვს, რომ ასეთი პროდუქტები რძის დასახელებით არ იყიდებოდეს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კი ასეთ ნორმას არ ადგენს. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ერთადერთი შემიძლია, ის გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტია და იმედი გვაქვს, ამას ეკლესია მიხედავს და გამოასწორებს, რადგანაც ნდობის ღალატი ნამდვილად არ შეიძლება.

- და ეს რძის ნაწარმი კონკრეტულად ვინ ჩააბარა, ეს იკითხეთ მაღაზიაში?

- იქ აგვიხსნეს, რომ ეს არის დმანისიდან ჩამოტანილი ნაკურთხი რძის პროდუქტიო. გამყიდველმაც მეტი არაფერი იცოდა. გადავამოწმეთ სამჯერ, ჩავთვალეთ, რომ პირველ ლაბორატორიას შეეშალა და სამივეს ხომ არ შეეშლებოდა? ეს მაღაზია განთავსებულია ისეთ ადგილას, ტაძრის გვერდით და ჰქვია ისეთი სახელი, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მართლაც მონასტრის წარმოებაა.

- დაბოლოს, ეს პროდუქტი, რაც თქვენ შეამოწმეთ, ორგანიზმისთვის საზიანოა?

- გააჩნია, რა ცხიმია გამოყენებული. სამწუხაროდ, ასეთ ნარევ ცხიმებში, ანუ სპრედში, ხშირად არის მავნე ცხიმები, ანუ ტრანსცხიმები. საქართველოში ეს არც რეგულირდება და არც იზომება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სულ ერთხელ გაგვეგზავნა უცხოეთში ნიმუში და ვნახეთ, რომ საკმაოდ მაღალი, 8%-იანი შემადგენლობა იყო ქართულ ცხიმში. შესაბამისად, არის საფრთხე, რომ იყოს გამოყენებული ასეთი სპრედი და ამ შემთხვევაში ის ნამდვილად მავნეა. ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს, რომ არ დაუშვას მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, დარწმუნებულები ვართ, ეს ისეთივე მიუღებელია მათთვის, როგორც ჩვენთვის, ამიტომ, წესით, საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე შესაბამისი უნდა იყოს.

ახლა ვნახოთ, რა რეაქცია ექნება "საპატრიარქოს აღწერილ ფაქტზე". ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია საპატრიარქოსგან კომენტარის მიღების მცდელობა, ის მიხვდება, რამდენი ბარიერი უნდა გაიაროს, რომ მიზანს მიაღწიოს. მოკლედ, ვრეკავთ საპატრიარქოს პიართან, რომელიც გვამისამართებს პატრიარქის მდივან, მამა მიქაელ ბოტკოველთან.

- ეგ საიდან უნდა ვიცოდე, მე პატრიარქის მდივანი ვარ და რა ვიცი კარაქი და რძე?

- კი, მაგრამ ტაძრის ტერიტორიაზე არსებული საეკლესიო მაღაზიაა და არ გეხებათ? ვის ვკითხოთ, აბა?

- არ ვიცი. საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, ალბათ.

ვრეკავთ საიტზე მითითებულ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრში და იქაც უარით გვისტუმრებენ. ამის შემდეგ ვრეკავთ საპატრიარქოს კანცელარიაში, სადაც გვეუბნებიან, კახა მახათაძე გაგცემთ პასუხსო.

კახა მახათაძე:

- ამ ფაქტის გამო ჩვენც უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მართალი ბრძანდებით. ვერავის ენდობი. შეიძლება, ერთ დღეს მართლაც იყო ასეთი რამ. შეიძლება, ხვალ რომ ნახოთ, არაფერი არ იყოს.

- ხვალ, ვაიდა, საერთოდ ამ მაღაზიაში სულაც ვადაგასული პროდუქტი მომყიდონ?

- მანდ ვადაგასულს ვერ გაყიდიან, რადგანაც ყოველდღე მოდის ახალი. მაგრამ ეს პროდუქტი შემოდის ისეთი მცირე რაოდენობით, რომ ანალიზის გაკეთება რთულია. რაც მითხარით, ისე დავინტერესდით, ხვალ რომ მოვა ეს პროდუქტი, უკვე ჩვენ გავსინჯავთ ექსპერტიზაზე.

- ამ მაღაზიას სამართლებრივი შეხება აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან? და რატომ ხვდება იქ ასეთი პროდუქტი?

- ჩვენ გვაქვს ჩვენი მეურნეობები და ამიტომაც არის ეს მაღაზიები გახსნილი. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ეს მეურნეობები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და მრევლისგან ხანდახან მამაოს კურთხევით ვიღებთ პროდუქტს და მაგიტომ გამოგვეპარა.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია