გიგი უგულავამ თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლოში დღეს შევიდა. როგორც სარჩელის შეტანის შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, სარჩელის მიზანი არის ფართო და არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე.
"ჩვენ დღეს შევიტანეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც ჩემი უფლებამოსილების უკანონო შეწყვეტას ეხება. მინდა საზოგადოებას განვუმარტო ამ სარჩელის მიზანი. ამ სარჩელის მიზანი და არც ჩემი სურვილი არ არის, რომ მერის ოფისში დავბრუნდე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც 5 თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მერებსა და გამგებლებს. სარჩელის მიზანი არის ფართო და არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე და არც ჩემამდე. ამ სარჩელით ჩვენ გინდა, დავამსხვრიოთ ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ტენდეცია, რომელიც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შექმნა - ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც არ მოეწონება არჩეული მერი ან გამგებელი, შეეძლოს სასამართლოს გამოყენებით ჩამოაშოროს არჩეული თანამდებობის პირი თანამდებობას. შემდეგ კი, წლების განმავლობაში, თანამდებობის პირმა ამტკიცოს უდანაშაულობა, იმის მაგივრად, რომ შეასრულოს ის დანაპირები, რაც ხალხმა გამოუცხადა არჩევნების შემდეგ",-აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ როდესაც ვაპირებთ თვითმმართველობის განვითარებას, ყველა მერისა და გამგებლის არჩევას პირდაპირი წესით, ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი თავის ქმედებაში, ანგარიშვალდებული ხალხთან, რითაც მათ არჩევითობას ვუსმევთ ხაზს.
"მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველა მთავრობას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, გაუქრეს სურვილი, თავისი პოლიტიკური ოპონენტი სასამართლოს ხელით დაჩაგროს და დასაჯოს. ჩემს შემთხვევაში კარგად გამოჩნდა, რომ სასამართლოს საშუალებით დღევანდელმა მთავრობამ თავისი პოლიტიკური არჩეული ოპონენტი მოიშორა თავიდან. ამიტომ ჩვენი მიზანი არ დადის რომელიმე პერსონაზე. ჩვენი სარჩელის არსი ამაში მდგომარებს, რომ სასამართლო არ იყოს პოლიტიკოსების დაპირისპირების ადგილი. სასამართლო იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების ადგილი და პოლიტიკოსებმა დავა და ოპონირება გადაიტანონ პოლიტიკურ სივრცეში იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ფართოდ შეხედავს პრობლემას. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ არჩეული მერი საერთოდ არ შეიძლება იყოს გადაყენებული. არა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მაგრამ, არჩეული თანამდებობის პირის გადაყენების სტანდარტი არ შეიძლება იყოს ის, რა სტანდარტიც გამოიყენეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, როდესაც ღამის პირველ საათზე, მხარეების მონაწილეობის, არგუმენტების გაცნობის გარეშე მოხდა თანამდებობის პირის გადაყენება. ჩვენ თუ ეს პრეცედენტი დღესვე არ მოვკალით, ხვალ და ზეგ პრაქტიკა გახდება და შემდეგ უკვე თვითმმართველობა საქართველოში საერთოდ დასამარდება",-აღნიშნა გიგი უგულავამ.