რას მოგვითხრობს ახალი წიგნი ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე

რას მოგვითხრობს ახალი წიგნი ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე

"თუ ძველი "ქართლის ცხოვრება" მეფეების ისტორიაა, ახალი "ქართლის ცხოვრება" ხალხის არჩეული სახელმწიფოს ხელმძღვანელების ისტორიაა" - ეს გახლავთ იმ სამტომეული გამოცემის წინასიტყვაობა, რომლის პრეზენტაციაც 6 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები, ინტერვიუებია თავმოყრილი ეროვნული ბიბლიოთეკის იმ პირველ გამოცემათა სერიაში, რომელსაც "საქართველოს სახელმწიფო ხელმძღვანელების ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები" ქვია.

"ამბები.გე" ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს დაუკავშირდა.

- რას გვეტყვით თქვენს ახალ პროექტზე?

- ეს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ემზარ ჯგერენაიას დეპარტამენტმა მოამზადა. აღნიშნული განყოფილება ეროვნულ ბიბლიოთეკაში განათლებასა და კულტურას კურირებს. პროექტი უშუალოდ ქალბატონმა მზია ხოსიტაშვილმა (აღნიშნული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი) განახორციელა. პროექტის იდეა გულისხმობს, შევკრიბოთ და ერთ მთლიან კორპუსად ვაქციოთ საქართველოს პირველი პირების მოღვაწეობისას გაკეთებული მიმართვები, ბრძანებულებები, დოკუმენტები, განცხადებები და ოფიციალური, საჯარო ინტერვიუები. ეს ყველაფერი ამ წუთასაც შექმნის პროცესშია და ამ შემთხვევაში პირველი ნაწილი ზვიად გამსახურდიას სამტომეულის გამოცემით დაგვირგვინდა. რაც ერთგვარი პირუთვნელი ასახვაა, ყოველგვარი განხილვებისა და კომენტარების გარეშე იმ პერიოდისა, რა პერიოდიც საქართველომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს გაიარა.

- ე.ი. ასეთივე ნაშრომი სხვა პრეზიდენტებსაც მიეძღვნებათ?

- დიახ და არა მარტო პრეზიდენტებს, გამოცემები მომზადდება პარლამენტის თავმჯდომარეებსა და პრემიერ-მინისტრებზე. ასეთი პრაქტიკა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და იქ უფრო ფართოდ არის ამ მხრივ მუშაობა გაჩაღებული, თუმცა ეს ჩვენი ნაშრომიც ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ასე რომ, გამოიცა ზვიად გამსახურდიას სამტომეული, სადაც მისი პრეზიდენტობის დროინდელი მასალებია ასახული.

- აღნიშნულ წიგნში არ რის ფოტომასლა. რატომ?

- მხოლოდ ტექსტურ მასალაზეა ყველაფერი აგებული... გეტყვით, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა შევარდნაძის პერიოდზეც და თითქმის უკვე დავასრულეთ მისი ინტერვიუების გადმოტანა. შევარდნაძის ტომეულების გამოცემას წელიწადი დასჭირდება.

- წყარო ამ მასალებისთვის ცხადია, ადრეული წლების ქართული პრესაა. თუმცა, რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, ალბათ, მასზე უამრავი მასალა (გროზნოში ყოფნის პერიოდს ვგულისხმობ) დაკარგულია.

- კი, ეს ბატონმა ცოტნე გამსახურდიამაც აღნიშნა. გროზნოს პერიოდს თუ ვინმე მიაკვლევს და მოგვაწვდის, მასზე სიამოვნებით ვიმუშავებდით და დანართის სახით გამოვცემდით...

- თუ ის უკვე მაშინდელი რუსეთის "კაგებეს" მიერ არ არის მიტაცებული...

- თუ ასეა, მაშინ უძლურები ვართ, მაგრამ თუ მსგავსი მასალა აღმოჩნდება, სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ... მოკლედ, ეს ყველაფერი ადამიანებისთვის იმ დროის შეხსენებაა, როდესაც ქვეყანაში ხალხმა პირველი პრეზიდენტი აირჩია, რასაც სულ მალე სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა.

ალბათ, საინტერესოა რა სახის ბრძანებულები გამოდიოდა მაშინ, როგორი მუშაობის სტილი არსებობდა, ინტერვიუები... ეს ყველაფერი ხშირად ლეგენდების ნაწილია ხოლმე. სიმართლე დამახინჯებული ფორმით არის ხშირად მოწოდებული. ამიტომ, აღნიშნული გამოცემა აცოცხლებს იმ პერიოდს, რომელიც ბუნებრივია, ყველას გვახსოვს, მაგრამ ბევრი რამ გაანალიზებული არ გვაქვს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია