77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

დემოგრაფიის სავალალო მდგომარეობაზე არაერთი სტატია მოვამზადეთ. ამ მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე "დემოგრაფიული განვითარების ფონდი" და შესაბამისი სამინისტროები უკვე მუშაობენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას გაეროს კიდევ ერთ და არანაკლებ საგანგაშო დასკვნაზე შევაჩერებთ, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს... სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვი იღუპება". ეს სამწუხარო რეალობაა. ბავშვთა სიკვდილიანობის მხრივ ევროპის 44 ქვეყნიდან საქართველო 42-ე ადგილზეა.

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი:

- როცა ვამბობთ, რომ უკიდურეს სიღარიბეში 77 000 ბავშვი ცხოვ­რობს, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ კვებისთვის არ არის განკუთვნილი. 205 ათასი ბავშვი ფარდობით სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 3.50 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, ბავშვთა ინტერესებს სათანადოდ არ ითვალისწინებს. საქართველოში ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბები არიან. ჩვენთან ბავშვთა განათლებაზე, ჯანდაცვაზე ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იხარჯება. ბავშვს, რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდება, არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, არ აქვს განვითარების შესაფერისი პირობები, რაც ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ქვეყანა ხომ ადამიანებმა უნდა განავითარონ. ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს. ჩვენ კვლევა (დასახლების სიდიდისა და მთასა თუ ბარში მდებარეობის მიხედვით) საქართველოს ყველა რეგიონში ერთდროულად ჩავატარეთ.

- დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემის მოსაგვარებლად რა ნაბიჯები გადაიდგა?

- ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგები ვაცნობეთ, დაიწყო მუშაობა, გადასინჯულიყო არსებული სოციალური დაცვის სისტემა. რამდენიმე მიმართულება შევისწავლეთ: რა მოხდება, თუ გაიზრდება ბენეფიციართა (შეღავათის მიმღებთა) რაოდენობა? რა მოხდება, თუ მიზნობრივი სოციალური დახმარება გაიზრდება? თუ ბავშვებისთვის სპეციალური ფულადი დახმარება იქნება შემოღებული? ეს სხვადასხვა ვარიანტი სიღარიბეს რამდენად შეამცირებს? ჩვენი გამოთვლებით, თუ ყველა ბავშვისთვის თვეში 30 ლარის დახმარება იქნება შემოღებული, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდება.

- ყველა ოჯახი დახმარებას არ საჭიროებს. თანხის მიზნობრივად მიმართვა რომ მოხდეს, არ იქნება უკეთესი?

- ეს ჩვენი რეკომენდაციაა, ყველა დეტალი ციფრებით გვაქვს გათვლილი. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს სწავლობს. ისინი მიიღებენ რეკომენდაციას, რომელიც შემდგომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

- საგანგაშოა თქვენი ერთი კვლევის შედეგი: ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპის 44 ქვეყნიდან საქართველო 42-ე ადგილზეა!

- ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა. საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800-მდე ბავშვი იღუპება. კრიტიკული პერიოდი დაბადებიდან 1 კვირაა.

- უმეტეს შემთხვევაში მიზეზი რა არის?

- კვების დეფიციტი. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, საკვების ქონა-არქონას არ ნიშნავს (თუმცა, ზოგიერთ ოჯახში ეს პრობლემაც მწვავედ დგას). ეს არის ძირითადად დედების ანემია, ძუძუთი არასწორად კვება. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა, მცირეწონიანობა. იმ მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც აუცილებელია როგორც დედის ჯანმრთელობისთვის, ასევე ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. მხოლოდ კვების დეფიციტით გამოწვეული პრობლემების გამო, წელიწადში 300 ბავშვი იღუპება. არასრულფასოვანი კვება გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, მის აკადემიურ მოსწრებაზე, საბოლოო ჯამში - ქვეყნის განვითარებაზე. საქართველოში ნახევარ მილიონამდე ქალსა და ბავშვს აღენიშნება კვების დეფიციტით გამოწვეული სხვადასხვა ტიპის დარღვევა. გამოვითვალეთ, სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში, არასრულფასოვანი კვების შედეგად 1.3 მილიარდი დოლარის ზარალი ადგება და 3400 ახალშობილი იღუპება. ამის საწინააღმდეგოდ, ძალიან მარტივი და იაფფასიანი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ეს არის სპეციალური დანამატი საკვებზე, რომელიც გაჯერებული იქნება ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. სახელმწიფოს ეს წელიწადში ბავშვზე მხოლოდ 7 ლარი უჯდება. მნიშვნელოვანია, მოხდეს ძუძუთი კვების პოპულარიზაცია და ფქვილის ფორტიპიკაცია (ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გამდიდრება). მთავრობასთან ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. პარლამენტმა წლევანდელი წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებთ. ამ კვლევის პრეზენტაციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.

- იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ბავშვის განვითარებისთვის საჭირო პირობები არ არის, მშობლებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაავადებები... ამ დროს რა უნდა მოხდეს?

- ბავშვის ოჯახიდან განრიდება უკიდურესი ზომაა და იმ შემთხვევაში ხდება, თუ მას საფრთხე ექმნება. ჩვენთვის გადამწყვეტი ბავშვის ინტერესებია. სახელმწიფო ერევა და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. საქართველოში უკვე ხორციელდება ბავშვთა ზრუნვის სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სხვადასხვა ტიპის მომსახურებები. ბავშვთა სახლები დაიხურა. ერთი ფორმა ეს არის ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება (უმეტესად ბავშვთა სახლებიდან დაბრუნებულ ბავშვებს ეხება), მეორე არის მინდობითი აღზრდის სამსახური - ე.წ. შვილობილობა და არის მცირე საოჯახო ტიპის სახლებიც, სადაც ერთ ოჯახში 8-10 ბავშვი იზრდება, ჰყავთ დედობილი და მამობილი. სახელმწიფო ამას აფინანსებს. ის თანხები, რომლებიც ბავშვთა სახლებისთვის იყო გამოყოფილი, ამ მიმართულებით "გადაისროლეს". ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდა ბევრად უკეთესია. სახელმწიფოს ბავშვთა სახლების შენახვა გაცილებით ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ამ ბავშვების დახმარება. ბავშვთა სახლებში მყოფი 5 000 ბავშვიდან ოჯახში 2 300 დაბრუნდა და სახელმწიფო ამ ოჯახებს ეხმარება. ბავშვების უმრავლესობა ბავშვთა სახლებში სიღარიბის გამო იყო მოხვედრილი. სადაც დაბრუნება ვერ მოხერხდა (ზოგან დისფუნქციური ოჯახია, ზოგან - ალკოჰოლიზმის პრობლემა), გამოიყენეს ალტერნატიული ფორმები კერძო საოჯახო ტიპის სახლებში და იმ ოჯახებში, სადაც ბავშვთა მინდობითი აღზრდა ხდება. მათ მდგომარეობას სოციალური მუშაკები აკონტროლებენ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია