ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა

ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა

მომღერალი ირმა სოხაძე პოლიტიკაში კარგად ერკვევა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ნებისმიერი ადამიანი უნებურად ამ სფეროშია ჩართული. თვითონაც საინფორმაციო გამოშვებებს ადევნებს თვალყურს და მიუხედავად მუშაობის ნელი ტემპისა, ახალი ხელისუფლების გულშემატკივარიცაა.

- მიმაჩნია, რომ არაპოლიტიკოსი ადამიანი პოლიტიკით დაინტერესებული არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ამ სფეროს გულგრილად გვერდს ვერ ავუვლით. ყოველთვის ისე ხდება, რომ მოლოდინი შედეგს აჭარბებს, მაგრამ ჯერ კიდევ იმედი მაქვს და მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოცემულ დაპირებებს გაამართლებს. შესაძლოა, ეს იმაზე შენელებულ ტემპში მოხდეს, ვიდრე ჩვენ ველოდით, მაგრამ უთუოდ გაამართლებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკით დაინტერესებულიც ვარ, მიყურადებულიც და შესაბამისად, სასიკეთო ძვრებსაც ველოდები.

- თქვენი აზრით, ახალ ხელისუფლებას მოცემული დაპირებიდან არაფერი შეუსრულებია?

- თუ შეასრულა, საკმაოდ ნელა ასრულებს. ჯანდაცვაში დანერგეს გარკვეული სიახლეები, რაც ადამიანებამდე ვერავინ მიიტანა. დაზღვეული ვარ, მაგრამ ვერ გავარკვიე, სად ვარ დაზღვეული. სოფლის მეურნეობაშიც რაღაც სასიკეთო ძვრებია, მაგრამ ხეირი და სიკეთე ჯერ ვერავინ ვიგრძენით. მოკლედ, ახალ ხელისუფლებას მენეჯმენტი არ უვარგა თუ პიარი, ვერ გავიგე. დღეს მთავრობა თავისთვის არის, ადამიანები ჩვენთვის ვართ. ხალხი ისევ უპატრონოდაა და ამის გამო ცოტა გაგულისებულები არიან. არავის გვინდა, რომ შოშიებივით გავაღოთ პირები და ვიღაცამ გამოგვკვებოს, მაგრამ ამ ლუკმის მოპოვების საშუალება რომ მოგვცენ, ეს კი ნამდვილად გვინდა.

- წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის სხვაობა თუ იგრძნობა?

- წინა ხელისუფლება თავისი შედეგებით ტრაგიკული იყო. მათი გახსენებაც არ მინდა და არც ის მინდა, რომ ახალი ხელისუფლება მათ შევადარო. თუმცა, თუ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის შენებას ასე გააგრძელებს, ცოტა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება და არც ეს გამიხარდება. ამტკიცებენ, რომ გააკეთეს ის, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებიათ.

- მოკლედ, ახალ ხელისუფლებას მიესალმებით, მაგრამ მათი მუშაობის ტემპი არ მოგწონთ. თქვენი აზრით, ამ ერთ წელიწადში დიდი შეცდომა დაუშვეს?

- სიზანტე ხომ შეცდომის ტოლფასია. გარდა ამისა, ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც არა და არ გახდა საზოგადოებრივი. პირიქით, უფრო შორდება საზოგადოებას. რა გახდა ამ ბორდის არჩევა, რა არის ასეთი გადაუწყვეტელი? რა საჭირო იყო მეორე კონკურსის გამოცხადება? ამბობენ, კანონი ამის უფლებას გვაძლევსო. კანონში იმდენი რამ წერია და ისეთი "მიხვეულ-მოხვეულია", რომ ყველაფრის უფლება შეიძლება "იპოვო", მაგრამ ეს ხომ ჩვენი დისკრედი­ტაციაა, რომ არ გვაღირსეს ნორმალური ტელევიზია, ბორდი და მენეჯმენტი?! ეს დანაშაული არ არის? რა თქმა უნდა - არის. ტელევიზია ერთ წელიწადში ჭკუაზე როგორ ვერ მოიყვანეს? ცოტა უკეთესი რომ გახდეს, გემოვნებიანი და პატიოსანი პროფესიონალები რომ მოვიდნენ, ხომ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ ეს არავის უნდა. ამ ყველაფრის მიმართ ისევ პირად ინტერესებსა და არასახარბიელო დამოკიდებულებას ვხედავ, რაც გულს მიკლავს.

- გასულ კვირას, ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერნეტში ატვირთული ვიდეოჩანაწერი გახლდათ, რომელიც მუხროვანის ამბოხებას უკავშირდება. ამ ყველაფერზე რა აზრის ბრძანდებით?

- ამბობენ, დასკვნების გამოტანა საჭირო არ არისო, მაგრამ ყველამ კარგად გავიგეთ, რაც ვანო მერაბიშვილმა ამ ჩანაწერში თქვა. ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. არ ვიცი, მერაბიშვილმა ვინმეს მკვლელობა ბრძანა თუ უკვე მკვდრების ამოთხრა. ეს გვამები რუსები უნდა ყოფილიყვნენ თუ სხვა ეროვნების, ეს გაურკვეველია. გვამებს რომ ითხოვს, ეს ყველამ მოვისმინეთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორასი კაცის თანდასწრებით ასეთი განკარგულება რატომ გასცა, ცოტა გაურკვეველია. ეს მისი მხრიდან ან ძალიან თავგასული უტიფრობაა, ან სერიოზული დანაშაული.

- მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, მერაბიშვილს დანაშაულს მაინც ვერ უმტკიცებენ...

- ჩემთვის ცოტა გამაოგნებელია, რომ მერაბიშვილსაც და კიდევ სხვებსაც, ამდენი დანაშაულის მიუხედავად, მაინც ვერაფერს უმტკიცებენ. როგორ შეიძლება, ამდენი მტკიცებულების მიუხედავად, დასკვნა ვერ გამოიტანონ და ბრალი ვერ დაუმტკიცონ? ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ამდენი არაპროფესიონალი და არაკვალიფიციური ადამიანი იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ყველა ერთად მოაგროვო. ალბათ იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა. სულ კადრების სიმცირეზე საუბრობენ. ყველა სფეროშია პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანი, უბრალოდ მათი ამა თუ იმ სფეროში მოყვანა ვიღაცას არ უნდა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია