სახეჩამოკაწრული ბავშვი და სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი - ინციდენტი თბილისის ბაგა-ბაღში

სახეჩამოკაწრული ბავშვი და სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი - ინციდენტი თბილისის ბაგა-ბაღში

რედაქციაში დაგვიკავშირდნენ, რომ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღში ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც დეტალების გარკვევა დავიწყეთ: 2-3-წლიანთა ბაგა-ჯგუფში, სამხრობისას, პატარა აღსაზრდელი მოულოდნელად დაესხა თავს მეორე ბავშვს და სახე ჩამოჰკაწრა. ჯგუფში მხოლოდ აღმზრდელი ლალი მაისურაძე იმყოფებოდა, აღმზრდელის თანაშემწე, დირექტორის ნებართვით, იმ დღეს განთავისუფლებული იყო, რომელიც ამ უკანასკნელმა მისი ადგილი დამლაგებლით ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, ინცინდენტის დროს, ჩამნაცვლებელი დამლაგებელი ოთახში არ იმყოფებოდა. ფაქტი ასეთია: სახეჩამოკაწრული ბავშვი, სამართლიანად შეშფოთებული მშობელი, სამსახურიდან განთავისუფლებული აღმზრდელი. დაზარალებული ბავშვის მშობელმა საჭირო ზომების მიღებისთვის განცხადებით N211 ბაღის დირექტორს, მაია ქვლივიძეს მიმართა. ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ აღმზრდელ ლალი მაისურაძეს და თქვენგან, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელისგან, ველით ადეკვატურ რეაგირებას მომხდარზე". ბაღის დირექტორის ადეკვატური მოქმედება აღმზრდელის "მგლის ბილეთით" სამსახურიდან დათხოვნა აღმოჩნდა. ანუ, ბრძანებაში, რომლითაც აღმზრდელი ლალი მაისურაძე გაათავისუფლეს, წერია: "საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის "ზ" და "თ" პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: განთავისუფლებულ იქნას ბაგა-ბაღის 2-3 წლიანთა ჯგუფის აღმზრდელი ლ. მაისურაძე. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე". მკითხველისთვის უკეთ გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ამ მუხლით განთავისუფლებული პირი, საჯარო სამსახურში ვეღარასოდეს იმუშავებს და ვერც ერთი თვის სახელფასო კომპენსაციას მიიღებს.

კითხვა, მიიღო თუ არა დამსახურებული "სასჯელი" აღმზრდელმა და გამოუტანა თუ არა სამართლიანი "განაჩენი" ბაღის დირექტორმა მაია ქვლივიძემ კოლეგას? არის თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება პრევენციული ზომების მიღება-გატარება ბაღის სხვა ბავშვების მიმართ, თუ, მისი გადირექტორებიდან ახლა უკვე მე-8 თანამშრომლის განთავისუფლება პირადი დაინტერესების საფუძველია?

რადგან ქვლივიძე ჩვენს კითხვებზე მხოლოდ ზოგადად პასუხობდა, ამიტომ პასუხი ამ შეკითხვაზე თბილისის ბაგა-ბაღების სამმართველოს სააგენტოს სამსახურის უფროსმა, რამაზ სულამანიძემ გაგვცა:

- როცა აღმზრდელის უყურადღებობა და დაუდევარი მოქმედება ატარებს პერმანენტულ ხასიათს, ბაღის დირექტორს, ბუნებრივია, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს პედაგოგი, მით უმეტეს, თუ არის მშობლის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ეს ადამიანი არ მუშაობდეს ბაღში, იმიტომ, რომ მისი შვილის მსგავსად, სხვაც შეიძლება დადგეს იგივე პრობლემის ან ანალოგიურის წინაშე.

- ჩვენ გავეცანით მშობლის განცხადებას, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა ამ პედაგოგის განთავისუფლებაზე, იქ არ წაგვიკითხავს...

- შეიძლება ეს კონკრეტულად არ ეწერა მათ განცხადებაში, მაგრამ ითქვა...(?) ჩვენ რაიმე პრობლემა ამ აღმზრდელის მიმართ არ გვქონია, უბრალოდ, დირექტორს ჰქონდა პრობლემა. დირექტორი ამ შემთხვევაში არის დამქირავებელი... როცა პრობლემა დგება, ბაღში ის არის პასუხისმგებელი, გადაწყვეტილებას იღებს სწორედ ბაღის დირექტორი. სააგენტო არ ჩავრეულვართ არც ვინმეს განთავისუფლებაში და არც ვინმეს დანიშვნაში. N211 ბაღის დირექტორმა სააგენტოში წარმოადგინა მშობლის საჩივარი და ზოგადად აღწერა სიტუაცია. ჩვენ ვურჩიეთ - მიეღო მას გადაწყვეტილება ისე, როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ.

- კადრები ახსენეთ, ამავე ბაღის დირექტორის მოადგილე პროფესიით სტომატოლოგია...

- არანაირი პრობლემა იმაში არ არის, თუ ამ ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე სტომატოლოგია. ამას არაფერი არ კრძალავს. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს უმაღლესი განათლება(?!). ეს შტატი, არანაირად არ არის დაკავშირებული სააღმზრდელო პროცესთან, მაშინ, როცა აღმზრდელი აუცილებლად უნდა იყოს დაწყებითი სწავლების პედაგოგი(?).

- მაშინ, რა ფუნქცია აქვთ და რაში ერიცხებათ ხელფასი (600 ლარი) ბაღის დირექტორის მოადგილეებს?

- ბაღის დირექტორის მოადგილეებს სხვადასხვა ბაღში სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დირექტორის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება. (სტომატოლოგი! - თ.მ.) მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, კადრი, რომელიც დამხვდა, უსაფუძვლოდ გავათავისუფლო.

N211 ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციის "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარეს, გია ბურჯანაძესაც ვთხოვეთ.

- ბატონო გია, როგორც ვიცით, თბილისის N211 ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ საქმის კურსში ბრძანდებით?

- ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენი კავშირის შესაბამისი კომისია გავიდა ადგილზე საქმის არსებითად შესასწავლად. მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომისიის წევრები არიან კომპეტენტური, პროფესიონალი კადრები რომლებსაც წლების გამოცდილება და თანამდებობები აკავშირებთ სკოლამდელ სისტემასთან. აღმოჩნდა, რომ "გასასამართლებელ" აღმზრდელს არაერთგზის ჰქონდა გამოცხადებული საყვედური პროფესიული გადაცდომების გამო, როგორც ძველი, ასევე ახალი დირექტორებისგან, მაგრამ ისეთი ინციდენტისგან, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ბავშვებს შორის, დაზღვეული თვითონ მშობელიც კი არ არის სახლში. მართალია, აღმზრდელის დაბნეულობამ მშობელი გააღიზიანა, მაგრამ როცა ხარ დირექტორი და გაქვს პრეტენზია - რომ ხარ კარგი მენეჯერი, სწორედ ასეთ სიტუაციებში უნდა გამოიჩინო პროფესიონალიზმი და არა ის მარტივი ქმედება, რასაც ნებისმიერი გაართმევდა თავს, თანაც უმარტივესად.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენი კომისია არავითარ შემთხვევაში არ აფარებს ხელს აღმზრდელს, რომელმაც ვერ მოასწრო თავდამსხმელი ბავშვის დაბლოკვა და მეორე ბავშვის გადარჩენა დაკაწვრისგან. უბრალოდ, იმის მაგივრად, რომ ბაღის დირექტორს, მაია ქვლივიძეს, შუამავლის როლი ეკისრა მშობელსა და აღმზრდელს შორის, განემუხტა სიტუაცია, პირიქით, ასე ვთქვათ, სათავისოდ გამოიყენა ეს კონკრეტული შემთხვევა... დირექტორი, შემთხვევით მომხდარ ინციდენტებს შეგნებულად და მიზანმიმართულად განთავისუფლების ბრძანების კვალიფიკაციას არ უნდა ანიჭებდეს! დაუდგება ქალბატონი მაია თავმდებად და მისცემს გარანტიას დაზარალებული ან სხვა ბავშვის მშობელს, რომ მგსავსი არაფერი არასოდეს მოხდება მის ბაღში?

- თქვენ ეწინააღმდეგებით დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - აღმზრდელის დათხოვნას სამსახურიდან?

- დიახ, მას შეეძლო და ეს ჩვენი კომისიის წევრებმაც შესთავაზეს კოლეგიალურად, რაზეც ქალბატონი მაია თითქოს თანახმა იყო, რომ აღმზრდელი ლალი მაისურაძე გადაეყვანა სხვა ასაკობრივ ჯგუფში და ჩამოექვეითებინა, ანუ გადაეყვანა აღმზრდელის თანაშემწედ. გამოეცხადებინა მისთვის სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით და პირველივე, ოდნავი გადაცდენისთანავე, გაეთავისუფლებინა ეს აღმზრდელი სამსახურიდან. ამ საქციელით ის სინდისის წინაშეც მართალი იქნებოდა, კოლეგისა და დაზარალებული ბავშვის მშობლის წინაშეც, მაგრამ, როცა ადამიანს ჩასაფრებულის პოზიცია გაქვს და პენსიამდე 3 წელდარჩენილ ქვრივ პედაგოგს უსახსროდ ქუჩაში ტოვებ (ვგულისხმობ იმ მუხლს რომლითაც გაათავისუფლა) ელემენტარულად, არაჰუმანური ხარ. დირექტორი, რომელიც თავის თანამშრომელს კოლეგიალობას არ გაუწევს (და მხოლოდ შერჩევითი სიმპათიებით მოქმედებს), ის ვერც ერთ ბავშვს ვერ დაიცავს! საერთოდ, ჯოხს დაბალ ღობეს გადაატეხენ ხოლმე... გადანაწილდეს პასუხისმგებლობა თანაბრად დირექტორზეც და აღმზრდელზეც! ხომ გახსოვთ, რამდენი სკოლის დირექტორი გაწირეს და მოსხნეს "ნაციონალებმა" მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სკოლის ბავშვები პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგს ესწრებოდნენ...

- რაღაცა იცით და გვიმალავთ?

- ვიცი ის, რაც მაგ უბანში იცის ყველამ. N211 ბაღის დირექტორს, მაია ქვლივიძეს, არანაირი კონკურსი არ აქვს გავლილი, არის ტექნიკური განათლებით და რაც მთავარია, გახლდათ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი აქტიური კოორდინატორი. დაახლოებით 4 წელია მუშაობს აღნიშნულ ბაღში, ჯერ დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ ნაციონალებმა "დაასაჩუქრეს" და დააწინაურეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ის სპორტის სასახლებში მუშაობდა... ანუ, არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა სკოლამდელი აღზრდის სისტემაში(?!)

"ქრონიკამ" გაარკვია, რომ განთავისუფლებული აღმზრდელის ადგილზე დაინიშნა და დაწინაურდა პირი, რომლის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომშიც წერია: პედაგოგიური სასწავლებლის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კვალიფიკაციის გრაფაში კი: დაწყებითი კლასების მასწავლებელი, განსხვავებით იმ განთავისუფლებული აღმზრდელისგან, რომელის კვალიფიკაციაცაა - სკოლამდელი აზრდის მეთოდიკა(!) ისე, ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდა და პედაგოგიკა-ფსიქოლოგია, თავისი სპეციფიკით, ძირეულად განსხვავდება დაწყებით განათლების პედაგოგიური სპეციფიკისგან. იმედია, გაითვალისწინებთ.

თამუნა მჭედლიშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია