როდის შეწყვეტს გიორგი კეკელიძე ბედუინობას - ამბები "ამბებისთვის"

როდის შეწყვეტს გიორგი კეკელიძე ბედუინობას - ამბები "ამბებისთვის"

მრავალმხრივია, ყველგან არის, ბევრს ასწრებს, - არა, მართლა ბევრი შეუძლია. ახალგაზრდაა, აქტიური, ენერგიული და თავისუფალი. წარმოშობით გურიიდან არის, იქ დაიბადა და ბავშობის მოგონებებიც ამ კუთხესთან აკავშირებს, მაგრამ დედაქალაქში ნიჭისა და მონდომების წყალობით ბევრს მიაღწია. უყვართ, მაგრამ მწარედ აკრიტიკებენ კიდეც. თავიდან განიცდიდა, დღეს კი მიაჩნია, რომ ეს ნორმაა, ასე უნდა იყოს...

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს მისი ცხოვრებიდან მთავარი ამბების მოყოლა ვთხოვე...

ჩემი ოზურგეთი...

- ოზურგეთი არც ინდუსტრიის მშენებელი ურბანული ცენტრი გახლავთ და არც - საკურორტო მხარე. ის პატარა, ოდნავ სევდიანი არქიტექტურისა და ნიჭიერი ხალხის ქალაქია, საკუთარი წინააღმდეგობრივი, მშფოთვარე ცხოვრებით. ჩემი ოზურგეთი ოთხმოცდაათიანების ფონზე წარიმართა - მაგრამ იმდროინდელ სირთულეებს მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა რომ ვიხსენებ, - მიკვირს როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ღიმილიანი სახით... ასეთია ჩემი ოზურგეთიც - გაორებული და განსაკუთრებული ადგილი, რომელიც თან მაშინებს და თან - მიზიდავს.

გიორგის ბებო

- ცოტა ხნის წინ დავწერე - თოვლზე სულ ეს მაგონდება - ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. "ზაგოზერნოსკენ " მივდიოდით. პური იმ დროს იქ იყიდებოდა. კაცი, მეტსახელად ბუკაკიე გახლდათ, ამ საქმის გამგებელი. ჰოდა, მივდიოდით მე და ბებიაჩემი, "ზუკუტურით" მივყავდი, ანუ ზურგზე მოკიდებული. ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ზღაპარს ჰგავდა... მოყოლით არ გამოდის, რადგან ჩვეულებრივი ამბებია, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი... ის მნიშვნელოვანი ქალი იყო, ჩემზე მეტად ჯიუტი და იდეალისტი. ძილის წინ "ფეხებს მითბილავდა" ცხელი წყლით და "ვეფხისტყაოსანს" მიყვებოდა. მკვეთრი გურული დიალექტითა და აქცენტით გამოირჩეოდა. პირველი ლექსიც მან მასწავლა, უცნაური და არასაბავშვო.

უოლტერ სკოტის "ლოხინვარ ჭაბუკი" და სიყვარული რომ სულვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ, მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება. დიახ, ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.

თვითონ ქართულს და გერმანულს სურების სკოლაში ასწავლიდა. პირველი გოგოც მისი მოსწავლე იყო, რომ მიყვარდა - ის მერვე კლასში იყო, მე - ოთხი წლის... მასწავლებლის მაგიდასთან ვიჯექი და გაზრდაზე ვოცნებობდი... უკან რომ ვბრუნდებოდით - ნაძვის კევებს მაღეჭინებდა. ძილის წინ ფეხები რომ არ "დამეთბილა"'და ერთი, თუნდაც პატარა ლექსი არ მესწავლა, მისთვის ქვეყანა დაიქცეოდა. თქვენ იცით სიზმრების წინასწარ მოყოლა? ბებიაჩემი მაყოლებდა, თან, კარგ ამბებს. ამბობდა, ასე უფრო უკეთესი სიზმრები დაგესიზმრებაო. მას მერე სულ ვცდილობ და არ გამომდის...

ბავშვობის მძიმე მოგონება

- ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი წარსულია. იმ პერიოდის მოგონებეში მძიმე რა არის?

- როცა ხეზე ჩამომხრჩვალი ბაბუაჩემი ვნახე. თავი მოიკლა...

ამბობენ, დედისერთა ეგოისტიაო...

- ვერ გეტყვით. შეიძლება ამ კუთხით რამე განსაკუთრებული ნიშნები არსებობს. ყველა ადამიანი ეგოისტია, ეს არის ადამიანად ყოფნის ნიშანი. დედისერთობის გამო განსაკუთრებულობას ვერ ვგრძნობ, ალბათ, და-ძმის ყოლის შემთხვევაშიც იგივე ხასიათის ვიქნებოდი...

ჩემი ცხოვრების მთავარი სასწაული

- წიგნი უცნაური რამეა. ცხადია, არა ფორმას ანუ საგანს, არამედ ტექსტს ვგულისხმობ. სიყვარულივითაა - ან არის, ან - არა. ძალად მისი კითხვა წარმოუდგენელი საქმეა. წიგნის "შეყვარება", მით უფრო სხვისთვის, წაგებული ამბავია. ან ხარ, ან არა ამით მოწამლული, მისი სიმპტომები ადრევე ჩანს. წიგნი ჩემთვის სხვის სხეულში ცხოვრებას ნიშნავს - განა არსებობს ამაზე უფრო დიდი და უნიკალური გამოცდილება?

დამოუკიდებლობის გემო

- დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება თუ გაქვთ?…

- სულ ახირებული გახლდით. მშობლებს ბავშობიდანვე უხდებოდათ ჩემი ძებნა, სახლში დაგვიანების გამო, ზაფხულობით ღამეებიც კი გამითენებია ჩაის ცოტა გაველურებულ პლანტაციებში - ომობანას თამაშის დროს რომ შემოვრჩებოდით. 16 წლიდან სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ხან სად, ხან - სად. ბინა თბილისში ახლაც არ მაქვს. ალბათ, ეს მომწონს კიდეც - თუმცა არც ისაა გამორიცხული, ადრე თუ გვიან ჩემი "ბედუინობა" შევწყვიტო...

მე - დირექტორი

- როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დაგნიშნეს, რა განიცადეთ?

- ამ გამოწვევას არ შევუშინებივარ. 2006 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად, დაავაარსე საიტი "ლიბ.გე" და მთელი ექვსი წელი დირექტორ-ვრედაქტორობდი. ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გარკვეული გეგმებით მივედი. ბიბლიოთეკა უამრავ პროექტშია ჩართული - ვფიქრობ, უკვე კულტრულ ბრენდად იქცა. აქვს რამდენიმე ტელეხიდი, რომელსაც ჩვენი პროექტების პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. დაიწყო აქტიური დიგიტალიზაცია  - გაციფრებულია ათასობით ბეჭდური, ვიზუალური და აუდიომასალა.

2014 წლიდან მოიმატა ხელფასებმა, დაიძრა მნიშვნელოვანი ინიციატივები (ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", ინტერნეტტელევიზია და ა.შ.), ბოლო წლების მანძილზე ბიბლიოთეკას ყველაზე მეტი ბეჭდური წიგნი შეემატა, გაიხსნა სხვადასხვა ახალი დარბაზი. დავაარსეთ ემიგრაციის, რეპრესირებული წიგნის და ორი ელექტრონული - ლიბერთი და ქართველოლოგის დარბაზები, ეს უკანასკნელნი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხერხდა. კერძო ბიზნესის დახმარებითვე მალე განვაახლებთ ემიგრაციის დარბაზს და საბავშვო ოთახს. ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად გავხსენით ქართული ენის კორპუსის კაბინეტი, რაც მართლა ფუნდამენტური საქმეა. საზღვარგარეთ ვხსნით მცირე ქართულ ბიბლიოთეკებს - კიევში, ვენაში, სტამბოლში, პრატოში, ბაქოში, პრეტორიაში. მალე მიუნხენში, ნიცაში და ბარსელონაში გაიხსნება. ბიბლიოთეკამ მოიპოვა არაერთი უმნიშვნელოვანესი ემიგრანტული ან საქართველოსთან დაკავშირებული არქივი - ბეჭდური თუ ელექტრონული სახით, მათ შორის ამერიკიდან და საფრანგეთიდან. ბევრი უცხოური ცენტრი უფასოდ ასწავლის ბიბლიოთეკარებს ენას, ბიბლიოთეკის შენობები (ავლაბრის არალეგალური სტამბა, სადაც ორი მუზემის - საბჭოთა კვლევის და წიგნის ტექნოლოგიური გახნსას ვგეგმავთ) ბიბლიოთეკას გადმოეცა. ჩვენი ინიცატივით, ყოველთვიურად თითო შეზღუდული შესაძლებლობის პირი ჩვენთან შეასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს. შეიქმნა ელექტრონული განვითარების სინდიკატი, რომელიც წიგნებით და კომპიუტერებით ეხმარება სოფლის ბიბლიოთეკებს. გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, არაერთი სასაჩუქრე წიგნი. განახლდა ბიბლიოთეკის საიტი. მალე შევიძენთ ერთიან საბიბლიოთეკო პროგრამასაც, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს. დაიწყო აქცია - გამომცემელთა თვე (ყოველთვიური წიგნის გამოფენები), ამუშავდა მკითხველთა და სადისკუსიო კლუბები. მოკლედ, ვმუშაობთ - ყოველდღიური სტრესული რუტინისა ან მოულოდნელი სიძნელეების ფონზე, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საქმე ამ მსხვერპლად ღირს.

ნოვატორობა მიყვარს

- სიახლეები ალბათ ის მთავარი ინსტრუმენტია, რაც დეპრესიებთან ბრძოლაში მამარჯვებინებს. შესაბამისად, რომც არ მიყვარდეს, ჩემი წამალია...

რითმა მატარებს თუ ვატარებ...

- ეს პოეტი კაცი ამდენ საქმეს რომ აკეთებთ, ლექსს როდის წერთ?

- რითმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლექსის წერა ჩემი ცხოვრების გარდაუვალი საქმეა. პოეზიას მენეჯერულ საქმიანობაში არ ვრთავ - საბედნიეროდ შემიძლია ამგვარი მეტამორფოზა. საერთოდაც მეტამორფოზების ადამიანი ვარ. ლექსებს ყოველთვის ჰყავთ კონკრეტული ემოციური ადრესატები. ოდები - ნათია გულიაშვილის "ეპოქაში" გამოვიდა. შარშანდელი ლექსების მინიატურული კრებული, რომელიც ჩემს მეგობარ, მხატვარ მაი ლაშაურთან ერთად მოვამზადე, კუს, ანუ ნათია სვანიძეს მივუძღვენი. მოკლედ, ეს ჩემი ცალკე სუნთქვაა - სულ სხვა ადამინებითა და ვნებებით. მალე, ჩემი ახალი კრებული გამოვა.

სერიოზული გამოწვევა

- ახლა ჩემთვის სერიოზული გამოწვევა კინემატოგრაფია. სერიოზულად მინდა ამ საქმის შესწავალა. ასევე ბუნებრივია ჩემი ლექტორული ამბავიც ("თავისუფალ" და "აგრარულ" უნივერსიტეტში) ბევრ შრომას მოითხოვს. მინდა, აღვადგინო ლიტერატურული გადაცემა "ინტერპრეტაციაც", რომელიც სასკოლო წიგნებს ეხებოდა. რაც შეეხება ბიბლიოთეკას - მინდა, მისი ფუნქციების გატანა თბილისს გარეთ და პირველი კორპუსის გარემონტებაც...

საზოგადო მოღვაწე?

- იმდენ საქმეს აკეთებთ, მაგას საზოგადო მოღვაწეობა ჰქვია...

- ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი განსაზღვრებაა, ამიტომაც მაგ კატეგორიას თავს ვერ მივაკუთვნებ...

აუდიტორია მიყვარს

- დიახ, მიყვარს, ამისკენ მიდრეკილი ვარ. ლაპარაკი ჩემი სტიქიაა...

რას ფიქრობენ ჩემზე

- ადამიანი როდესაც ასეთი აქტიურია, მასზე ბევრს ლაპარაკობენ (ხან კარგს, ხან შურით). ყოველთვის იცით, თქვენზე რას ამბობენ?

- ფიქრობენ კარგსაც და ცუდსაც. ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანზე. თავიდან კრიტიკაზე, თანაც თუ დაუსაბუთებელი იყო, ვნერვიულობდი. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი საქმიანობის თანმდევი ამბავია. რაც შეეხება კითხვას, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად მისვამენ - მასონობასა და ორგიებზე, ლამის გაზეპირებული პასუხი მაქვს და აქ აღარ გავიმეორებ...

ამბიციური განაცხადი

- ჩემი ამბიციური განაცხადია, რომ ლიტერატორობა გადავწყვიტე.

როცა პირადი პირადია

- რამდენჯერმე მიყვარდა. ეს მეტ-ნაკლებად ცხადია. ვინც მიყვარდა, ყველა ჩემში რჩება. ისინიც, ვისთანაც შეიძლება ერთი შეხედვით, უფრო მსუბუქი ურთიერთობა მქონია. ახლა ლილე ლოლიშვილთან ერთად ვარ, შესინაშნავ ადამიანთან და ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან. ის, რომ პრესა ხშირად წერს ამის შესახებ, ნაკლებად მაღიზიანებს. ერთია, რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილს შთაბეჭდილება რჩებოდეს, თითქოს ამ საქმეში ცოტა ზედაპირული ვარ, იმის გამო რომ აქამდე ხშირად ვიცვლიდი, "Facebook"-ის ენით რომ ვთქვათ - "რილეიშენშიპებს". თუმცა ყველაფერი სრულიად პირიქითაა ქვედინებებში, სრულიად პირიქით. არსებობს ამბები, რომელზეც ღიად ვსაუბრობ, მაგრამ არსებობს ამ ამბებში მოქცეული ამბები, რაც მხოლოდ ჩემთვის რჩება. ჩემთვის და მისთვის, ვინც ამ ამბავს იზიარებს. ეს ასეც დარჩება…

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია