დაანგრევენ თუ არა ავლაბრის რეზიდენციას და ქუთაისის პარლამენტს - რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს

დაანგრევენ თუ არა ავლაბრის რეზიდენციას და ქუთაისის პარლამენტს - რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს

ავლაბრის რეზიდენცია, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ქუთაისის პარლამენტის შენობა - ეს იმ ძვირადღირებული შენობების სამეულია, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში, სავარაუდოდ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. რაც შეეხება ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ყველაზე მაღალი შენობაა, როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აჭარის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ შენობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული და ის, სავარაუდოდ, გაიყიდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას. უმრავლესობის წევრებმა ამ თემაზე რამდენიმე ვარიანტი განიხილეს. კოალიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობასაც შესაძლოა, საგანმანათლებლო ფუნქცია დაეკისროს, თუმცა მის ბედს საბოლოოდ ქუთაისის სარკებულო და მერია გადაწყვეტენ. ეს საკითხი კი ოფიციალურად დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც პარლამენტი თბილისში დაბრუნდება.

ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აშენებული ძვირადღირებული შენობები არაერთხელ გამხდარა დავის განხილვის საგანი. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში არ იმუშავებდა. მარგველაშვილის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში განთავსდება, რომლის გარემონტებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ჯამში 15 მილიონი ლარი ჯდება.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ეს შენობა ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. რა უნდა განთავსდეს რეზიდენციაში, ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სასახლე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტად გადაკეთდება.

"მთელ კვირასთან" საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა, რომ მისი ბედი საქართველოში არსებულ სხვა რეზიდენციებთან ერთად გადაწყდება.

"მესმის საზოგადოების ინტერესი ამ თემის გარშემო, თუმცა, ეს ასე ნაჩქარევად გადასაწყვეტი არ არის. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ აქ უნივერსიტეტი განთავსებულიყო. ვნახოთ, ავლაბრისა და დანარჩენი რეზიდენციების ბედიც განხილვის შედეგად გადაწყდება", - გვითხრა მჟავანაძემ.

განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ რაიმე ტიპის მუშაობა და განხილვა ამ საკითხზე ჯერ არ დაწყებულა.

ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განთავსებაზე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შენობა "ხალხს უნდა დაუბრუნდეს" და ამისათვის საუკეთესო ვარიანტი შენობის სტუდენტებისთვის დათმობაა.

არქიტექტორი და ავლაბრის რეზიდენციის დამპროექტებელი გიგა ბათიაშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნული შენობა თავდაპირველად დაპროექტდა, როგორც "საქართველოს სახლი", სადაც თავმოყრილი უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს კულტურული და ისტორიული მიღწევები. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ შენობა სასწავლო დაწესებულებისთვის გამოუსადეგარია.

ბათიაშვილის აზრს იზიარებს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძეც. "მთელ კვირასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი კონკურსის ჩატარება იქნება.

"ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტი იქ შესვლას არ აპირებს, ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება განთავსდეს კავკასიის ან საქართველოს სახლი, სადაც იქნება საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები.

"მე შიდა დაგეგმარებას კარგად არ ვიცნობ და, შესაბამისად, ზუსტად იმის თქმა, რისი განთავსება ჯობია, რთულია. მიუხედავად ამისა, საუნივერსიტეტოდ მისი გამოყენება არც ისე მიზანშეწონილად მიმაჩნია. ეს ერთ-ერთი აზრია და არა ერთადერთი. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუკი მის გამოყენებაზე გამოცხადდება კონკურსი, შეგროვდება იდეები და შემდეგ საზოგადოება ერთობლივად იმსჯელებს ამ საკითხზე.

"რაც შეეხება ახალ რეზიდენციას ათონელზე, ცუდი შენობა არ არის, თუმცა, მე მგონია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციად ყველაზე შესაფერისი ახალგაზრდობის სასახლეა. კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოს პრეზიდენტი იმ შენობაში იქნებოდა, სადაც 1918 წლის 21 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა", - უთხრა "მთელ კვირას" ვარდოსანიძემ.

გარდა ამისა, ვარდოსანიძე ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შენობის ყველაზე ოპტიმალური გამოყენება სასტუმროდ ან ოფისად გადაკეთება იქნება. რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტის შენობას, არქიტექტორს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება განთავსდეს 340 მილიონიან შენობაში.

ბათუმის ბულვარში მდგარი საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დავის საგანი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იმ მიზეზით გახდა, რომ, საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, შენობა ასწლოვან ბულვარს ამახინჯებდა. შენობის კონსტრუქცია არქიტექტორებმა მასზე მიშენებულ ეშმაკის ბორბალის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ითქვა, რომ უნივერსიტეტში ბათუმის მერია და საკრებულო განთავსებულიყო, თუმცა, დღეს აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ შენობაში მერია-საკრებულო აღარ განთავსდება.

"მთელ კვირასთან" საუბრისას აჭარის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება.

"განიხილება რამდენიმე საკითხი. შესაძლოა, შენობა იჯარით გაიცეს და გაიყიდოს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შენობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული. ვნახოთ, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნება მოძიებული. როგორც ვიცით, შენობა დასასრულებელია და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო", - განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი ფიქრობს, რომ ამ შენობების რაციონალურად გამოყენება უკვე შეუძლებელია და მათი საბოლოო ბედი უფუნქციოდ დარჩენა და სიძველისგან დანგრევაა.

"პარლამენტის და ამ დიდი ძვირადღირებული შენობების გადატანა-გადმოტანა ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ყოვლად დაუშვებელი ფუფუნება და ფულის ფლანგვაა. ჩვენი ხელისუფლება ხშირად იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდნენ, მაგალითად, არაბი შეიხები, რომლებიც თავიანთ ღირსებად თვლიან იმას, რომ ამერიკის ცნობილ კაზინოებში რამდენიმე მილიონი დოლარი გადაყარონ.

"ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნისათვის შესაძლოა, მიზანშეწონილიც იყოს ის, რომ დედაქალაქიდან რაც შეიძლება მეტი დაწესებულების გატანა მოხდეს, თუმცა, ეს სურვილები ჩვენთან რეალობის სრული იგნორირებაა.

"ამ შენობების რაციონალურად გამოყენება დღეს უკვე შეუძლებელია. როგორ შეიძლება, ქუთაისის პარლამენტის შენობა რაციონალურად გამოვიყენოთ? ყველამ იცის, რომ ამ შენობების საბოლოო ბედი დანგრევაა. ვინ უნდა გამოიყენოს ან რისთვის?

"ამიტომაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი შენობები იმ ფუნქციებს დაიტოვებდნენ, რაც ჰქონდათ. მე მიმაჩნია, რომ ქუთაისამდე მონორელსის გაყვანა და ინფრასტრუქტურის შექმნა უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე გადასვლა-გადმოსვლა.

"თეორიულად შეიძლება ამხელა გიგანტი შენობა, რომელსაც უფუნქციოდ დარჩენა ემუქრება, ვიღაცას გადასცენ ან გადააკეთონ, მაგრამ მეეჭვება, საკუთარი თავის შენახვა შეძლოს. კარგი იქნება, თუკი ამაზე პროფესიული დონის განხილვა მოხდება და ეს შენობები ღირებული ფუნქციებით დაიტვირთება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია