ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება შს სამინისტროსთვის არის პრიორიტეტი, - ამის შესახებ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს უწყებაში სოციალური კამპანიის - "შეიკარი ღვედი" პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სამინისტრო მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც გააგრძელებს.
"შს სამინისტროსთვის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი და ჩვენი სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ანალოგიურ აქციებს თავისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
აღსანიშნავია, რომ შს სამინისტროში სოციალური კამპანიის, "შეიკარი ღვედი" და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ასევე შალვა ობგაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: გივი ბერიკაშვილი, რობი კუხიანიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა ესწრებოდნენ.
შს სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალურ კამპანიას "შეიკარი ღვედი" დღეიდან იწყებს. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო და რადიო ეთერებში, ასევე კინოთეტრებში "რუსთაველი" და "ამირანი" განთავსდება.
კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები საუკეთესო დიზაინის, ფოტოსა და სლოგანის ავტორები. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 24 თებერვლამდე თავისი ნამუშევრები სოციალური კამპანიის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე "შეიკარი ღვედი" უნდა გააგზავნონ. კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც შს სამინისტრო მობილური ტელეფონით "აიფონ 5"-ით დაასაჩუქრებს.