რა ელით ტექდათვალიერებისას მათ, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავთ?

რა ელით ტექდათვალიერებისას მათ, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავთ?

მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მთავრობის დადგენილებით 2004 წელს დროებით გაუქმდა. მისი აღდგენა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 1-ელ იანვარს, ვინაიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონმდებლობა არ იყო მომზადებული, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მთავრობის დადგენილებით გადავადდა ერთი წლით. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და ტექდათვალიერება 2015 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყება.

"ალიას" კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წევრი, ვასო ურუშაძე ესაუბრა:

- მთავრობა ამბობს, რომ ვალდებულება გვაქვს, ტექდათვალიერება ნელ-ნელა ევროკავშირის სტანდარტებზე გადავიყვანოთ. რა სტანდარტებია ევროპაში და რა სტანდარტებით უნდა მოხდეს საქართველოში მანქანების შემოწმება?

- როგორც ქალბატონი ნათია თავის განცხადებაში გვეუბნება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა არავინ საუბრობს, კონკრეტულად რა სტანდარტებთან გვაქვს საქმე და რისთვის უნდა იყვნენ მზად ქართველი ავტომოფლობელები. დღეს საქართველოში რეგისტრირებული 900 000 ავტომობილიდან, უმრავლესობა მეორადი და ტექნიკურად გაუმართავია, რადგან დაახლოებით 70%-მდე ძველი ავტომობილია. ვინაიდან საქართველოში სოციალური ფონი არცთუ ისე სახარბიელოა, მთავრობა ძველი ავტომობილების იმპორტს ვერ აკრძალავს. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ და აღვნიშნავთ იმასაც, რომ ევროკავშირის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, საქართველოში არსებული ავტომობილების დაახლოებით 80% ევროპის საერთაშორისო სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. ევროსტანდარტებით, ავტომობილი სამასამდე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა გვეუბნებიან, რომ საქართველოში იქნება მხოლოდ 50 კრიტერიუმი, რაც ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ხანია მოძველებულია. ამ 50 კრიტერიუმის ჩამონათვალშიც კი ხვდება ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგრეგატი - კატალიზატორი. როდესაც ძრავში მიმდინარეობს არასრული წვა, წარმოიშობა განსაკუთრებულად მავნე ტოქსიკური აირები გამონაბოლქვის სახით, კატალიზატორი კი მდებარობს მაყუჩის ბოლო ნაწილში, სადაც უნდა გაიაროს გამონაბოლქვმა და მოახდინოს გამონაბოლქვის გაწმენდა განსაკუთრებით მძიმე, მომწამვლელი ტოქსიკური აირებისგან, რომ არ გამოიტყორცნოს ატმოსფეროში. ამ კუთხით ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს... უმრავლესობის მიერ კატალიზატორი ამოღებულია ხმარებიდან, რაც განაპირობა ორმა ფაქტორმა: 1. ძრავის მუშაობისას გამოყოფილი სიმძლავრიდან დიდი ნაწილი მიდის ავტომობილის აგრეგატებზე და საბურავამდე მიდის ენერგიის მხოლოდ 40%. კატალიზატორის მოხსნის მეშვეობითაც ვიღებთ დამატებით 5% ენერგიას, რაც ამცირებს საწვავის ხარჯს და გვაძლევს ეკონომიურ შედეგს; 2. კატალიზატორში გამოყენებულია ძვირადღირებული ლითონი, რომელიც 1 კილოგრამი 100 ლარი ღირს, რის გამოც მძღოლები ამას ხსნიდნენ და აბარებდნენ. როდესაც ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგება, მძღოლებს მოუწევთ შეიძინონ კატალიზატორები, რაც ბაზარზე 300-დან 5000 ლარის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა, მძღოლებს მოუწევთ უპასუხონ კიდევ 49 გამოწვევას, ეს არის მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა, აირბაგები, საქარე მინები და სხვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: 30 სექტემბერს, სადაზღვევო ზედამხედვლეობის სამსახურის უფროსმა, ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ვტომობილების სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენ მივმართეთ ბატონ ლაშას წერილობით, მოვითხოვეთ გასაჯაროებულიყო კანონპროექტზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა, თავად კანონპროექტის სავარაუდო პირველადი სახე და სხვა წვრილმანები, ასევე მოვითხოვეთ, ჩავრთულიყავით კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ამაზე პასუხიც ვერ მივიღეთ. საინტერესოა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმებით შეირჩა გერმანული კომპანია? უკვე ერთი წელია, ეს პროცესი მიმდნარეობს ფარულად, არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა გამოწვევის წინაშე დგებიან ავტომფლობელები, როგორ და ვინ მოახდენს ამ ყველაფრის განხორციელებას, ვინ იქნება პასუხისმგებელი პირი, რომელი უწყება გაუწევს მონიტორინგს და ასე შემდეგ.

არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა - საქართველოში დღეს მანქანების დიდი ნაწილი გადაყვანილია გაზზე. საინტერესოა, ტექდათვალიერების დროს წვის შემოწმება მოხდება გაზზე თუ ბენზინზე? ამაზე "ალიას" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ოთარ დანელია პასუხობს:

- თუ გაზის აგრეგატი დამონტაჟებულია ყველა ნორმის დაცვით, მანქანას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ბენზინზე გადაყვანა არ არის საჭირო, ვინც რით დადის, ისევე ივლის.

- ევროპაში როგორ არის, გაზის სტანდარტები არსებობს?

- კი, არის სპეციალური ნორმები. ჩვენთან სხვადასხვა თაობის აგრეგატებია, როცა გერმანელები ჩამოვლენ და შეამოწმებენ, მერე უფრო ბევრი გვეცოდინება. თუმცა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ გავარკვიეთ, რომ დღეს ჩვენთანაც საკმაოდ ნორმალურად აყენებენ. შეიძლება ოდნავ რეგულირებაზე იყოს საუბარი.

- როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გაზის ლიცენზირებულ აგრეგატებს ასევე ლიცენზირებული წესით ამონტაჟებენ.

- აქ იმაზეა საუბარი, რომ ყველა ნორმა მაქსიმალურადაა დაცული.

- საქართველოში ავტომობილების უმეტესობას მაყუჩიდან ამოცლილი აქვს კატალიზატორი, ამას რა ვუყოთ?

- ეგ ყველამ უნდა დააყენოს, მაგრამ რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ეს არის გრძელვადიანი გეგმა, ჩვენ ვიწყებთ 2015 წელს, მაგრამ ვამთავრებთ 2019 წელს.

- ანუ ყველაფრის გამოსწორებას პირველივე ეტაპზე არ იწყებთ?

- ჩვენ ვიწყებთ ეტაპობრივად, 2015 წლიდან შემოწმდება სტანდარტების რაღაც რაოდენობა, ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. მომდევნო წლებში ამას კიდევ დაემატება რაღაც რაოდენობა. ამის შესახებ ყველას ეცოდინება და ასევე იქნება საშეღავათო პერიოდები.

- ამ ეტაპზე 50 სტანდარტი გვაქვსო მითხრეს, ეს ცოტა ბევრი ხომ არ არის?

- ამჯერად 44 სტანდარტია. ეს გადაიხედება და შევჯერდებით, ჯერ დრო კიდევ გვაქვს. ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ავტომფლობელები დაზარალდნენ.

როგორც ავტომოფლობელთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე ამბობს "ალიასთან" საუბარში, ევროპას საერთოდ თავი რომ გავანებოთ, ავტომობილის მოწესრიგება აუცილებელია. ვინაიდან ტექდათვალიერების საკითხი ძალიან აქტუალურია და ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ყველა დეტალზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ უფრო ვრცელ წერილს და ბატონ ოთარ დანელიას ინტერვიუს ორშაბათს "ქრონიკაში" შემოგთავაზებთ.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია