მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენილი ბავშვები და მოწინავე ადგილი შემაშფოთებელ რეიტინგში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენილი ბავშვები და მოწინავე ადგილი შემაშფოთებელ რეიტინგში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

ქალაქი რომ მაწანწალა და უპატრონო ძაღლებით არის სავსე, ფაქტია. თითქმის ნებისმიერ ადგილას (ცენტრსა თუ გარეუბანში) შეხვდებით მათ (ცხადია, გარეუბანში მეტია). შესაბამისად, ცხოველებისგან დაკბენილ-დაზიანებული უამრავი ადამიანიც არსებობს და ამჯერად სწორედ ამ საკითხით დავინტერესდით.

ლია კუთხაშვილი, დაზარალებული ბავშვის დედა:

- ჩემი შვილი, 10 წლის ნიკოლოზ კუთხაშვილი ხატვიდან შინ ბრუნდებოდა. თოვლი იყო და ბავშვი თოვლზე მოსრიალებდა. იმ დროს უკნიდან ძაღლი მიეპარა და ბარძაყზე უკბინა. საკმაოდ დიდი დაზიანება ჰქონდა. თითქმის ყველა კბილი ჩაასო. მართალია ნაკერები არ დასჭირდა, მაგრამ ბავშვთა მესამე კლინიკაში ავცერით. კარგად მოგვხედეს, პატივი გვცეს, თუმცა ასეთ სირთულეს მაინც გადავაწყდით: ბავშვის პირადი ნომერი დასჭირდათ, არადა, იმ დღეს სკოლაში დირექცია არ იმყოფებოდა. როგორი ახსნა არ დამჭირდა, რომ გამქცევი არ ვიყავი, თბილისში ვცხოვრობდით, მეუღლეც მახლდა, რომელიც მოძღვარია, ისიც უხსნიდა, მაგრამ პირადობის არქონის გამო 70 ლარის გადახდას მთხოვდნენ. მოკლედ, დიდი ბჭობისა და მოლაპარაკების შემდეგ, დავითანხმეთ, რომ პირად ნომერს მეორე დღეს მივუტანდით.

- ძაღლმა ბავშვი რომელ უბანში დაკბინა და თუ დააჭერინეთ შემდეგ ის ძაღლი?

- ეს შემთხვევა მუხიანში, მეორესა და პირველ მიკრორაიონებს შორის მოხდა. ვიცოდით ის ძაღლი, რომელიც იყო და გამოვიძახე მაშველები, მაგრამ კვლავ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით: შეიძლება ითქვას, რომ "პეპლების საჭერი ბადით" მოვიდნენ და მითხრეს, თუ ამ ძაღლს გამოუჩნდა ადამიანი, რომელიც აჭმევს, პატრონობს, მისი წაყვანის უფლება არ გვაქვსო... მეორედ კიდევ მომიწია დარეკვამ, სანამ სიტყვიერი შეურცხყოფა არ მივაყენე, მანამდე არავინ მოვიდა. იმ სამსახურის წარმომადგენლებმა განცხადება დამაწერინეს და მითხრეს, რომ 10 დღეში დაგირეკავთო, მაგრამ არ შემხმიანებიან.

- ახლა როგორ არის ბავშვი?

- გუშინ მეოთხე აცრა ჩაუტარდა და კიდევ ორი აცრა დარჩა. არ ვიცი, როგორ მოვიქცეთ, იმ ძაღლის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი, ხომ გითხარით, არ დაურეკავთ.

მოგვიანებით საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღავნელს, თემურ გიორგაძეს დაუკავშირდით, რომელის სამსახურსაც მაწანწალა და ქუჩის ძაღლების ბედიც აბარია.

- უპატრონო, მაწანწალა, შინაურ თუ აგერსიულ ძაღლებზე ზედამხედველობას ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტი ახორციელებს. ძალიან კარგი თავშესაფარი გვაქვს აშენებული. ეს სამსახური 2 წელია, რაც შემოგვიერთდა და ამ საქმიანობაში ჩავერთეთ. აქამდე ამ მიმართულებით არ მიმდინარეობდა ასეთი მუშაობა, რაც საზოგადოებაში და არასამთავრობო სექტორში უკმაყოფილებას იწვევდა. მოკლედ, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ყველაფერს ვახორციელებთ და შემოსული ზარების რეალიზაციას ვახდენთ.

- ზარები ძირითადად სად შემოდის?

- შემთხვევის ადგილებიდან შეიძლება 112-შიც დაირეკოს და პირდაპირ ჩვენთანაც. ამის გარეშეც რეიდებსაც ვატარებთ. მოგვყავს ძაღლები, სპეციალურად დამჭერები გვყავს, ტექნოლოგიურადაც განვითარებულია ჩვენი სამსახური.

- თქვენთან მოხვედრილ ძაღლებს რა პროცედურები უტარდებათ?

- ცივილიზებული მეთოდებით ვმუშაობთ, ვაძინებთ, თავშესაფარში მიგვყავს, სადაც მკურნალობა უტარდებათ. არის საოპერაციო, ლაბორატორია, კეთდება სინჯები, დგინდება, შეიძლება თუ არა იმ ძაღლის უკან დაბრუნება. თუ დავრწმუნდებით, რომ შეიძლება დაბრუნება, კასტრაცია-სტერილიზაციას ვუკეთებთ (გამრავლება რომ აღარ მოხდეს) და ჩვენს მანიშნებელს ვუკეთებთ, რომ აცრილია და ყველანაირად დაცულია. ის ჩვენი სამაგრი ყურზე უკეთდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად უსაფრთხოა. ასე რომ, თუ ვინმეს პრობლემები აქვს, მიმართონ 112-ს. მართალია ჯერ კიდევ არის ბევრი მაწანწალა ძაღლი, მაგრამ თანდათან ვამცირებთ მათ რიცხვს და ამ საკითხს კალაპოტში ვაყენებთ. მოკლედ, შეგვატყობინონ კონკრეტული შემთხვევების შესახებ და შემდგომ რეაგირებას მოვახდენთ...

- რეიდებს სად ატარებთ?

- მთელი ქალაქის მასშტაბით, უბნებში დავდივართ, სადმე თუ დადის აუცრელი ძაღლი, პატრონი რომ არ ჰყავს და არც ახლო-მახლო კორპუსის მაცხოვრებლები არ მზრუნველობენ, აგვყავს. აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ კი თუ ძაღლი უსაფრთხოა, ისევ იქ ვაბრუნებთ.

- ძაღლი, რომელიც სახიფათოა ადამიანებისთვის, მას როგორ ექცევით?

- მას ნემსი უკეთდება, ვაძინებთ და ასე იღუპება...

თეიმურაზ წიქორიძე, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება, უფლებადამცველი:

- დაკბენათა 90%-ის შემხვევაში, დაკბენა ჯიშიანი და კერძო მფლობელობაში მყოფი ძაღლების მიერ ხდება. ქუჩაში უკბენს თუ სახლში, ასეთ შემთხვევაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელი ჯიშის ძაღლია. შემდგომ მისი თავშესაფარში გადაყვანა მოხდება (ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა). შემდგომ მასზე 10-დღიანი დაკვირვება მიმდინარეობს. დაკბენილმა ადამიანმა კი რაბიოლოგიურ ცენტს უნდა მიმართოს, სადაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაუკეთდება. თუ 10 დღის განმავლობაში ძაღლი არ მოკვდება, ვაქცინაცია ჩერდება, თუ არადა, გრძელდება.

- ზოგადად რატომ კბენს ძაღლი ადამიანს?

- უმეტესად ბავშვების დაკბენის მიზეზი ის არის, რომ ისინი ხშირად ძაღლებს აწვალებენ, - ქვებს, ჯოხებს ესვრიან და ძაღლის მიმართ აგრესიას ავლენენ.

- როცა ქუჩაში მოულოდნელად გესხმის თავს?

- ეს ასე არ ხდება. თუმცა გამორიცხული არ არის მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს იმის ბრალი არ არის, რომ ის აუცილებლად ცოფიანია. ცოფი მაინც იშვიათად აქვთ.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი მაწანწალა და აგრესიული ძაღლებისგან, როცა ისინი ასე დაძრწიან ქალაქის ქუჩებში?

- ეს ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. მსოფლიოში ოფიციალური მონაცემებით, საქართველო ძაღლის მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობით მოწინავე ადგილზეა. წელიწადში დაახლოებით, 50-60000 ადამიანი იკბინება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველაზე აგრესიული ძაღლები არიან. ამის ბრალი ის არის, რომ ცხოველების მიმართ ყველაზე აგრესიული ხალხი საქართველოში ცხოვრობს და ცხოველიც მათ მიმართ ადეკვატურ რეაქციას ავლენს. თავშესაფარში, ვოლიერებში 300 ძაღლამდეა თავმოყრილი. აბსოლუტურად უცხო ცხოველთან, რომლებიც აგრესიულობის გამო არიან იქ ჩაკეტილები, ჩვეულებრივად შევდივარ და ვეკონტაქტები. როდესაც ცხოველი ხედავს, რომ ადამიანს მისი ეშინია, ან ცუდად არის მის მიმართ განწყობილი, ადამიანი ადრენალინს გამოყოფს, ეს ადრენალინი ცხოველზე მოქმედებს.

- მაგრამ რა ქნას ადამიანმა, როდესაც ქვეცნობიერად ძაღლის ეშინია?

- მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, არსებობს ბავშვებისთვის (საბავშვო ბაღიდან სკოლის პერიოდამდე) გაკვეთილები, რომელიც ცხოველებთან ურთიერთობას ეხება. ასეთი კულტურა ჩვენთან არ არსებობს. სანამ საქართველოში სალანძღავ სიტყვებად იქნება: ''მამაძაღლო'', ''შობელძაღლო'', ''ძაღლო'' და მშობელი პატარას ასე შეაშინებს: ძაღლი მოვა და ტაკოზე გიკბენს, ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს. ასეთ დროს ბავშვს ცხოველებისადმი შიში უვითარდება. მის მიმართ სიძულვილიც უჩნდება, რასაც ცხოველი კარგად გრძნობს და თავდაცვაზე გადადის. ეს თავდაცვა კი ხშირ შემთხვევაში, დაკბენით გამოიხატება. ჩვენთან შეგნებულ მშობლებს მოჰყავთ ბავშვები და უნდათ, რომ სპეციალური ტრენინგები ჩავუტაროთ, რომ ცხოველების მიმართ შიში დაძლიონ.

ცხოველი 30-40 მეტრის მანძილზე ყველაზე კარგად გრძნობს ადამიანის განწყობას. მსოფლიოს ცხოველთა დაცვის კონვენციაში წერია, სახელმწიფო ვალდებულია, ადრეული ასაკიდან მოხდეს ბავშების ამ მიმართულებით მეცადინეობა და ტრენინგები. ამაღლდეს ამ სიტუაციაში მათი მენტალიტეტი.

- სანამ ჩვენთან მენტალიტეტი ამ მიმართულებით ამაღლდება, რა გავაკეთოთ?

- ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენზეა ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებული. როგორ გინდათ, რომ ძაღლს უთხრათ, აღარ იყო აგრესიული?

- თქვენი თქმით, ძაღლის აგრესიულობა ადამიანის ბრალი ყოფილა...

- დიახ, ასეა... ცხოველს აქვს სიყვარულის, ურთიერთგაგების უნარი...

- კი, მაგრამ ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ ცირკში რა მოხდა? ლომმა თავისი მომვლელი დაგლიჯა...

- კი, ვიცი ეგ ფაქტი და შევისწავლე კიდეც. ის მომვლელი ლომთან გალიაში მთვრალი შევიდა და ფეხებზე დარტყმა დაუწყო და ამით მისი აგრესია გამოიწვია. ვიმეორებ, ცხოველის აგრესია დამოკიდებულია ადამიანზე, პარლამენტზე, რომელიც არ ღებულობს შესაბამის კანონს და მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს თესავს... ძაღლს სიყვარული და ერთგულების საოცარი უნარი გააჩნია. მინახავს ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს დაკვდომია. ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელიც თავისი საყვარელი პიროვნების საფლავზე მომკვდარა?

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ვეცადეთ, ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანისთვის მოგვესმინა და მათი აზრი თქვენთვისაც მოგვეწოდებინა, ფაქტია, რომ ეს საკითხი კვლავაც მწვავე პრობლემად რჩება.

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ambebi.ge''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია