რა ხდება "კრიტში", გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში

რა ხდება "კრიტში", გეგუთის, რუსთავისა და ქსნის კოლონიებში

იმის მიუხედავად, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ისმის, მინისტრთა კაბინეტის წევრები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად მიდის და მათ სამინისტროებში არსებული პრობლემები უმნიშველოა. არადა, აშკარაა, რომ რამდენიმე მინისტრს მართვა უჭირს და ეს ყველაზე მეტად სოზარ სუბარს ეხება. სასჯელაღსრულების სამინისტროს მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ და თუ ნაციონალური მოძრაობის დროს ეს სისტემა ბოლომდე დახურულ-ჩარაზული იყო, სუბარმა გახსნა. რეალურად, ამან სიკეთე არ მოიტანა, რადგან ძალიან ბევრი მინუსი გამოჩნდა. შედეგად, კვლავ დაიწყო საქმეების კულუარებში გარჩევა და სამინისტროდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება უფრო და უფრო გაჭირდა.

რეალურად, ხელისუფლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა - თუ ნაციონალური მოძრაობის დროს პატიმრებს არანაირი უფლებები არ ჰქონდათ და ყველაფერს ცემა-ტყეპით წყვეტდნენ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატიმრებმა ზედმეტი თავისუფლება მიიღეს. შედეგად, სასჯელაღსრულების სისტემებში ჯერ მობილური ტელეფონები გაჩნდა, მერე კომპიუტერები და უკაბელო ინტერნეტი, ბოლოს კი, ისიც ითქვა, პატიმრები არც სასმელისა და ნარკოტიკის უქონლობას უჩივიანო. დღესაც კი, საქართველოს ციხეებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პატიმრები შიმშილობენ და არაერთი მოთხოვნა აქვთ. არსებობს ვარაუდი, რომ აქციები გარედანაა მართული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათ ერთიანი მოთხოვნები არ გააჩნიათ, ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია.

და მაინც, რა ხდება ციხეებში და რას ითხოვენ, რეალურად, პატიმრები? "ვერსიამ" პრესისთვის უპრეცედენტო რამ გააკეთა და სასჯელაღსრულების ოთხი დაწესებულების პატიმარს ესაუბრა. როგორც გაირკვა, ხმამაღალ გამოთქმულ პროტესტს იქით, კიდევ ერთი პროტესტი იმალება - ჩუმი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული. მაშ ასე, ჩვენ მეექვსე (ე.წ. კრიტი) დაწესებულების ქალი მსჯავრდებული, გეგუთის, რუსთავისა და ქსნის პატიმრები გვესაუბრებიან.

ირმა, მეექვსე დაწესებულების მსჯავრდებული: - ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. გვინდა, საქმეებს გადახედონ და ვისაც ვადამდე ადრე გათავისუფლება ეხება, გაათავისუფლონ. ვისაც მიაჩნიათ, რომ უკანონო პატიმარია, იმათ საქმეებს გადახედონ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, კარი გააღეთ და ყველა გაგვიშვითო? ექვსი ქალი ვშიმშილობთ და კიდევ ორი დაგვემატება. არ შეიძლება, ადამიანი, მაგალითად, 7-8 წელი იჯდეს და მერე ვადამდე ადრე არ გაათავისუფლო. გაიძახიან, რაღა გინდათ, ხომ აღარ გცემენო? მადლობა, რომ აღარ გვცემენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, სხვა არაფერი გვეკუთვნის? გარედან მართული პროცესიაო, ამას წინათ თქვეს. ვაი, თქვენს პატრონს, მე ვიღაცის ინტერესების გულისთვის არც ვიშიმშილებ და არც თავს დავიჩეხავ... არადა, ამას ვაპირებთ.

გეგი, გეგუთი: - მხოლოდ ის არაა საქმე, რომ ადმინისტრაციამ ძალიან გაამკაცრა რეჟიმი და ნელ-ნელა ძველ დროს აბრუნებს - დაგვპირდნენ, საქმეები გადაიხედებაო და მოგვატყუეს. პირადად, ეკა ბესელია დაგვპირდა და მოგვატყუა. მედალს მეორე მხარეც აქვს. აქაური ადმინისტრაცია ე.წ. მაყურებლებს შეეკრა და იმათი ხელით სურს, გვმართოს. ახლა მასა შიმშილობს და მაყურებლები ვერაფერს ბედავენ, თორემ იყო დრო, როცა ერთი-ორი კაცი შიმშილობდა და ადმინისტრაციის მითითებით, მაყურებლები სასტიკად უსწორდებოდნენ. ციხეებში თამაშებიც დაიწყო, ჩვენი ზონიდან ყოველდღიურად ათი კაცი მაინც რეკავს ახლობლებთან, ფული წავაგე და მიშველეთო. "სტავკა", ერთი შეხედვით, დიდი არ არის, 2-3 ათასი ლარია, მაგრამ აბა იშოვეთ ეს თანხა, როგორია? სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მარტო თუ ვხვდებით, ამ თემაზე ვესაუბრებით, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანს. ბევრ პატიმარს აქვს შეხებული ვადაზე ადრე გათავისუფლება, ე.წ. უდო, მაგრამ უარს ეუბნებიან. სხვათა შორის, იმ პატიმართაგან, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს, უმრავლესობამ მაყურებლების ზეწოლას ვერ გაუძლო. ვინმემ, იქნებ, მოახერხოს და თამაშები აკრძალოს, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, ციხეში შიდა ბუნტი მოხდება და მერე პატიმრები თავს კი არ დაიჩეხავენ, მაყურებლებს დაერევიან...

რეზო, ქსანი: - ჩვენთან მთავარი პრობლემა ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული რეჟიმია. თავიდან მაქსიმალურად მოუშვეს და ახლა როცა რეჟიმის დაბრუნება სურთ, პატიმრებს არ გვინდა დავთმოთ. არადა, განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. ზამთარში თბილი ტანსაცმელი რომ შემოვიდეს, რატომ უნდა შეუთანხმო ან ციხის უფროსს, ან მაყურებელს? თუ ეჭვი აქვთ, რომ ტანსაცმელში ნარკოტიკი იქნება დამალული, გაჩხრიკონ და თუ იპოვიან, დაგვსაჯონ. აქ სხვა "თავია დამარხული". როცა ზონის უფროსი გვეუბნება, ტანსაცმელს შემოგატანინებო, სანაცვლოდ, სხვა რამეს გთხოვს და ეს ხშირად ჩაშვებაა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხშირად დადიან, მაგრამ საერთოდ არაფერს აკეთებენ. ჯერ ჩვენ გვესაუბრებიან, მერე კიზონის უფროსთან მიდიან და ეუბნებიან, ესა და ეს პატიმარი უკმაყოფილოაო და მათი წასვლის შემდეგ ჩვენზე ზეწოლა იწყება. ასე აქვთ სისტემა აწყობილი და არც იმის მჯერა, რომ უჩა ნანუაშვილი სოზარ სუბარს სერიოზულად აკრიტიკებს ხოლმე. ისინი ერთად მოქმედებენ...

გელა, რუსთავი: - ნებისმიერ დროს, ვიმეორებ, ნებისმიერ დროს მოდით და ნახავთ, რომ მინიმუმ ორი კაცი შიმშილობს. ძირითადი მოთხოვნა საქმეების გადახედვაა, მაგრამ ზოგი შიმშილობას იმიტომ იწყებს, რომ თამაშებს აერიდოს და ფული არ წააგოს. მაყურებლები გვავიწროვებენ და ამაზე ადმინისტრაცია თვალს ხუჭავს. ვინმე ერთხელ მაინც დაინტერესდა, რატომ წავიდა თანამდებობიდან ირაკლი კორძაია? მანაც ზეწოლას ვერ გაუძლო. პატიმრები მას სთხოვდნენ, გვიშველეო, მაგრამ რეალურად, ვეღარაფერს აკეთებდა, ზონის უფროსი ეუბნებოდა, სხვანაირად ვერ ვიჭერ სიტუაციასო და... როგორც ვიცი, ქურდებიც ურეკავდნენ კორძაიას და ათას რამეს სთხოვდნენ. შედეგად, გაცლა არჩია და ვითომც არაფერი, ისე გადადგა. აქ ერთი ფსიქოლოგი იყო, ქეთევან მაჩხაშვილი, ნაციონალების დროსაც კი პატიმრებმა მადლობის წერილი დაუწერეს. ეს ქალბატონი მოსხნეს და ისეთი ფსიქოლოგი დაგვინიშნეს, დამშვიდების ნაცვლად, გვაგიჟებს და ეს აწყობს ადმინისტრაციას. ნერვებაშლილი პატიმარი უფრო ადვილი სამართავია.

P.S. სხვათა შორის, არავინ მალავს, რომ ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული რეჟიმის გარდა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი და თამაშებია. თავანის ჩაბარება კიდევ ნებისმიერი პატიმრისთვის ღირსების საქმეა და თავნის ფულზე ციხიდან ჩვეულებრივი მობილურებით ირეკება. ყველა, ვიმეორებთ ყველა, ზონისა თუ ციხის ადმინისტრაციაში დგას მოწყობილობა, რომელიც მობილურის სიგნალს იჭერს, ანუ თუ მავთულხლართს იქიდან ირეკება, ადმინისტრაციამ იცის. შესაბამისად, ყველა პატიმართან ჩვენი საუბრის შესახებ იცის და... არაფერს აკეთებს.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ