ავტომანქანები ტროტუარებზე - როგორ ირღვევა მოსიარულეთა უფლებები

ავტომანქანები ტროტუარებზე - როგორ ირღვევა მოსიარულეთა უფლებები

დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე ავტომანქანები საკმაოდ დიდი რაოდენობითაა გაჩერებული, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ამ საკითხის მოწესრიგება კომპანია "სითი პარკის" ვალდებულებაა, რომელთან დალაპარაკებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ.

თავად "სითი პარკში" პარკირების ორ მეთოდზე საუბრობენ, როდესაც ტროტუარზე მანქანის გაჩერება შესაძლებელია და როდესაც არ შეიძლება. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტაბიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რეაგირებას დარღვევის შემთხვევაშიც ვერ მოახდენენ, რადგან კონკრეტული ადგილი ჯერ მერიამ უნდა შეისწავლოს და რეაგირება კომპანიას სთხოვოს.

"რეზონანსმა" პრობლემა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, რუსთაველის გამზირზე და კოსტავას ქუჩაზე შეისწავლა. მანქანებით გადატვირთულია რუსთაველის გადამკვეთი ქუჩები, თუმცა ქუჩის ტროტუარებზე ავტომანქანები ნაკლებად, მაგრამ მაინც შეინიშნება. განსაკუთრებული პრობლემაა ფოსტის ტერიტორია, აქ ტროტუარზე უამრავი მანქანა გვხვდება. ასეთი ვითარებაა კოსტავას ქუჩაზეც, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8კორპუსის შესასვლელთან.

როგორც "სითი პარკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ გაგვირკვია, ფოსტის წინ ავტომანქანები წესების დარღვევით არის გაჩერებული, რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას, იქ ავტომობილები წესების სრული დაცვითაა გაჩერებული.

"ფოსტის ტერიტორიაზე ავტომობილების გაჩერება მხოლოდ სასტუმრო "რედისონთან" შეიძლება, რაც შეეხება კოსტავას ქუჩას, იქ ნებადართულია.

"დარღვევებზე ჩვენ ყოველთვის ვრეაგირებთ. თუ არის შესაძლებელი, რომ რუსთაველის ამ კონკრეტულ ადგილას პარკირება მოეწყოს, ეს ჯერ მერიამ უნდა შეისწავლოს და მან უნდა გადმოსცეს ეს ადგილი კომპანიას. ჩვენ არ განვსაზღვრავთ, სად უნდა იყოს პარკირება და სად არა, ეს მერიის კომპეტენციაა", - გვითხრა ტაბიძემ.

იგი "რეზონანსთან" საბურისას ამბობს, რომ პარკირების ორი მეთოდი არსებობს: პარკირება ტროტუარზე და მანქანების სავალ ნაწილზე.

"თბილისის მერია სწავლობს ადგილებს, რის შემდეგაც ადგილების გაკონტროლების საშუალება კომპანიას გადმოეცემა. ჩვენ ვახდენთ ოპერირებას, მონტაჟდება სპეციალური ნიშნები, თუ სად არის შესაძლებელი მანქანების გაჩერება და სად - არა;

"იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საშუალება, რომ ტროტუარზე ავტომობილიც გაჩერდეს და ამავე დროს ფეხით მოსიარულეებსაც არ შეექმნათ პრობლემა, ამ შემთხვევაში ტროტუარზე პარკირება დასაშვებია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ის შემთხვევაა, თუ ტროტუარი ამის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე შესაძლებელია, რომ ავტომანქანაც გაჩერდეს და ფეხით მოსიარულესაც არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა. ზოგჯერ მძღოლებს ჰგონიათ, რომ მანქანა ისე უნდა გააჩერონ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის გავლის შესაძლებლობა იყოს, რაც არასწორია. გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა გარემოება, მაგალითად, როდესაც ადამიანი ეტლით ბავშვს ასეირნებს, გადაადგილების პრობლემა მასაც არ უნდა შეექმნას.

"თუ ტროტუარის სიგანე მანქანის გაჩერების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშინ ტროტუარზე კეთდება სპეციალური ნიშანი, რომ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევებში ავტომობილების მძღოლებს ეწერებათ 10-ლარიანი ჯარიმა, თუ იგი ისეა გაჩერებული, რომ ასე ვთქვათ, წესებს ძალიან უხეშად არღვევს, მაშინ სპეციალურად დაცულ ადგილას გადაგვყავს", - გვითხრა ლევან ტაბიძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება პარკირების სამსახურს ეხება.

"სითი-პარკი არის სამსახური რომელსაც ევალება ასეთი საკითხების მოწესრიგება. ეს კომპანია ბიუჯეტიდან ფინანსდება და თავისი მოვალეობა კარგად უნდა შეასრულოს. საკრებულო ტროტუარზე გაჩერებულ მანქანებთან დაკავშირებით ვერავითარ რეაგირებას ვერ მოვახდენთ.

"გეთანხმებით, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. დახვეწას საჭიროებს ის საკითხიც, რომ მანქანების გაჩერება ყველა ადგილზე არ იყოს ნებადართული, რათა ქალაქი თავნება მძღოლების თავშეყრის ადგილად არ იქცეს. თუკი მძღოლს კანონი აძლევს საშუალებას, რომ ავტომანქანა ნებისმიერ ადგილას გააჩეროს, მაშინ ის ამას, რა თქმა უნდა, გააკეთებს. ანუ რეგულაციები დასახვეწია, დღეის მდგომარეობით კი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მძღოლებს, არამედ ვისაც ამის მოწესრიგება ევალება, ამ შემთხვევაში "სითი პარკს", - ამბობს გაბუნია.

დეპუტატის თქმით, დიდი ხანია ითხოვენ, რომ "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება გადაიხედოს.

"ამ ეტაპზე საკრებულოს "სითი პარკთან" დაკავშირებით ბერკეტები არ გააჩნია. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმე გავუშვათ სახლში, ან მასთან ხელშეკრულება გავწყვიტოთ. იმ კომპანიებმა, რომლებსაც მუშაობაში ხარვეზები აქვთ, ჩვენი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ, უნდა შეასრულონ თავისი მოვალეობები და მათი მომსახურების ხარისხი უფრო მაღალი იყოს.

"ახლა საკრებულოს მხოლოდ გაფრთხილების ბერკეტი აქვს. ჩვენ კომპანიას დაველაპარაკებით, არა მგონია, რომ მათ საკრებულოსთან კონფლიქტი უნდოდეთ. და თუ გვინდა, რომ 21-ე საუკუნის ქვეყანა ვიყოთ, მაშინ ასეთი საკითხები უნდა მოვაწესრიგოთ", - უთხრა გაბუნიამ "რეზონანსს".

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია