"უკვდავთა თაღს" დღეს პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი შეემატება

"უკვდავთა თაღს" დღეს პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი შეემატება

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის "უკვდავთა თაღს", სადაც ელდარ შენგელაიას, ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის ხელის ანაბეჭდები ინახება, მალე მსოფლიო დონის ქართველი ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდიც შეემატება.

"უკვდავთა თაღის" გაკეთების იდეა მუზეუმის დირექტორს, გიორგი კალანდიას ერთი წლის წინ გაუჩნდა. პირველმა ანაბეჭდმა კი 2013 წლის 26 იანვარს, ბატონ ელდარ შენგელაის 80 წლის იუბილეზე "დაიდო ბინა".

გიორგი კალანდია:

- ნანახი მაქვს ჰოლივუდში ბულვარი, სადაც ცნობილი ადამიანების ანაბეჭდები და ვარსკვლავებია დატოვებული. ასევე, დუბლინში, რივერდანსის საგამოფენო დარბაზის წინ, მოცეკვავეების ხელის ანაბეჭდებია. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ძალიან მომინდა, საქართველოშიც ყოფილიყო ასეთი ადგილი ჩვენი დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის. როგორც ვიცი, ეს რომაელთა ძველი წესია. ასეთი ლეგენდა არსებობს: რომაელები ტოვებდნენ სახისა და ხელის ანაბეჭდებს და ეს იყო ერთგვარი კავშირის საშუალება მომავალთან. გადმოცემის მიხედვით, ამ ადამიანების ანაბეჭდს ხელს თუ მიადებდი, მისი ენერგია, ნიჭი და შესაძლებლობა გადმოგეცემოდა... ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და კახი კავსაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, ელდარ შენგელაიასა და გივი ბერიკაშვილის ანაბეჭდებს ეხება, სურათებს იღებენ. ქართული კინოხელოვნება ხომ ამ ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია.

- პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი როდის გაიხსნება?

- 12 თებერვალს. პაატა ბურჭულაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ჩვენ ვცდილობთ, ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწეებთან ერთად, ქვეყნის საზღვრებს მიღმა ცნობილი პიროვნებების ანაბეჭდებიც გავაკეთოთ. მუზეუმში ბევრი უცხოელი დამთვალიერებელი მოდის და როდესაც ამ თაღს გაივლიან, გვინდა, ანაბეჭდებზე მიწერილი სახელები იცოდნენ. გაისად ბატონ პაატას 60 წელი შეუსრულდება და ალბათ, ეს თარიღი პომპეზურად აღინიშნება. ჩვენ ერთი წლით დავასწარით ამ ამბავს და მისი ანაბეჭდი "უკვდავთა თაღში" მანამდე დაიდებს ბინას, ვიდრე ის 60-ის გახდება. იმ დღეს, როდესაც ბატონმა პაატამ ჩვენს მუზეუმში ანაბეჭდები დატოვა, გვქონდა საშუალება, დაგვეთვალიერებინა ის საგანძური, რომელიც უშუალოდ მის მოღვაწეობას უკავშირდება. მისთვისაც ბევრი რამ საინტერესო და აღმოჩენა იყო: ჩვენს კოლექციაში ნახა ისეთი ფოტოები, რომლის არსებობაც არ იცოდა. დაგვპირდა, რომ მომავალშიც ითანამშრომლებს ჩვენთან და ბევრ საინტერესო მასალას მოგვაწვდის.

- უახლოეს მომავალში კიდევ რომელი ხელოვანის ანაბეჭდების გახსნა იგეგმება?

- 17 იანვარს ოთარ კობერიძის ანაბეჭდის გახსნა გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით და ალბათ ამას გაზაფხულზე მოვახერხებთ. 9 მაისს ფილმის - "ჯარისკაცის მამა" გადაღებიდან 50 წლის იუბილეა. გვინდა, რეზო ჩხეიძის ანაბეჭდიც გავხსნათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ელისო ვირსალაძისა და თენგიზ არჩვაძის ანაბეჭდების გაკეთება.

- ბატონო პაატა, 12 თებერვალს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელოვნების სასახლის "უკვდავთა თაღში" თქვენი ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნება...

პაატა ბურჭულაძე:

- ამ ინიციატივისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუზეუმის მესვეურებს. ცოტა ხნის წინ დავათვალიერე მათი არქივები და ძალიან საინტერესო ისტორიული მასალები ვიხილე. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანებს ასე უყვართ თავიანთი საქმე და უფრთხილდებიან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.

- ზუსტად იმ დღეს, როდესაც მუზეუმში თქვენი ანაბეჭდი გაიხსნება, ავსტრიის საპატიო ჯილდო გადმოგეცემათ და ამ საპატიო მისიის აღსასრულებლად, საქართველოს ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის ხელმძღვანელი - გეორგ შპრინგერი ეწვევა...

- ეს ჯილდო ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა. ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო ხელოვნებასა და მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის, ცნობილ მუსიკოსთა შორის მიღებული აქვთ: ფრენკ სინატრასა და ჰერბერტ ფონ კარაიანს. 12 თებერვალს, 12 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

- დაბოლოს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდი "იავნანა" 3 მარტს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამჯერად რომელი მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ თბილისში?

- 3 მარტს "იავნანას" 10 წელი უსრულდება. ამ დღეს გაიმართება 24-საათიანი ტელემარათონი "რუსთავი 2"-ის ეთერში, საღამოს 10 საათზე კი დაიწყება გალა-კონცერტი. ველოდებით განსაკუთრებულ სტუმრებს: ლეგენდარულ ბარიტონს რენატო ბრუზონის და აღიარებულ ტენორს მარჩელო ჯორდანის. ვფიქრობ, ამ დღეს სადღესასწაულო განწყობა ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც 10 წლის მანძილზე ჩვენთან ერთად ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. "იავნანა" ყველა იმ ადამიანის ფონდია, ვისაც ერთხელ მაინც დაურეკავს ნომერზე 0901303030 და თუნდაც 10 თეთრი ჩაუგდია ჩვენს ყულაბაში. საერთო ჯამში, ყველანი ერთად, 7000-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს დავეხმარეთ. 2014 წლის 3 მარტს "იავნანა" სიკეთის საკეთებლად კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია