ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება 1000 დოლარიც კი დაჯდება

ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება 1000 დოლარიც კი დაჯდება

ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადებამ, შესაძლოა, უშუალოდ მანქანის თვითღირებულებასაც კი გადააჭარბოს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, ზოგიერთი მანქანის მოწესრიგება 1000, ზოგის კი 2000 დოლარიც დაჯდეს. ოფიციალურად ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მძღოლებს 48 ლარი დაუჯდებათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო საშუალება ყველა პირობას დააკმაყოფილებს.

კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე ხუნდები, ფარები - ეს ავტომანქანის ნაწილების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს მოყვანილი. მართალია, ამ ეტაპზე ტექდათვალიერების პირობები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და უცნობია სარეკომენდაციო ჩამონათვალი, მაგრამ ზემოჩამოთვლილი დეტალების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში რომ მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ეს აქედანვე ცხადია.

"სავალდებულო ტექდათვალიერების პირობები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს და დგინდება პირობები.

დაახლოებით 2 თვეში ჩვენ გვექნება უკვე საბოლოო სარეკომენდაციო ჩამონათვალი, რომელიც შესაბამის იურიდიულ ძალასაც შეიძენს", - აცხადებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ოთარ დანელია.

რაც შეეხება კატალიზატორების აუცილებლობას, დანელიას თქმით, ეს მოთხოვნა ნამდვილად იქნება. თავის დროზე კატალიზატორები ავტომობილებიდან ამოიღეს, რადგან შეიქმნა მოსაზრება, რომ მის გარეშე მანქანა კარგად მუშაობდა. მოთხოვნა მასზე ადრე არ იყო, არც ტექდათვალიერება იყო და ამიტომ ავტომობილების მფლობელთა დიდი ნაწილი მას ყიდდა. ახლა კი, როგორც დანელია აცხადებს, მძღოლებს კატალიზატორის ჩაყენება მოუწევთ.

"ყველა უნდა ეცადოს, რომ 2015 წელს გაიაროს ტექდათვალიერება, თუმცა თუ ვინმე ვერ გაივლის, უნდა გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც მასთან მიმართებაში ექნებათ. ჩვენი "დედლაინი" 2019 წელია. სწორედ ამ დროს უნდა შეხვდეს საქართველო ტექნიკურად გამართული ავტომობილებით. ეს არის ჩვენი მიზანი", - აცხადებს "კომერსანტთან" საუბრისას დანელია.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 000-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა დიდი ნაწილი 10 წელზე მეტი ასაკისაა. ექსპერტის სატრანსპორტო საკითხებში დავით მესხიშვილი ამბობს, რომ რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაახლოებით 320 ათასი 20 წელზე მეტი ასაკისაა, დაახლოებით ამდენივე კი 10-დან 20 წლამდე ასაკის.

"შესაბამისად, ავტომფლობელებს მანქანების ტექდათვალიერებისთვის მომზადება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. მაგალითად, კატალიზატორი, რომელიც მანქანების 80%-ს არ აქვს, (ის ძვირადღირებულ ლითონს შეიცავს და ყიდიან), მინიმუმ 200 დოლარი ღირს, არის 300 და 400-დოლარიანიც. ფასი დამოკიდებულია მანქანის მარკაზე და წლოვანებაზე. ამას მოჰყვება საბურავები, რაც ტექდათვალიერებისას არა მეორადი, არამედ ახალი უნდა იყოს. ეს კი მძღოლებს საშუალოდ 400-600 ლარი დაუჯდებათ.

გარდა ამისა, აუცილებელია სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, რაც საბოლოო ჯამში, ავტომფლობელის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ანუ გამოდის, რომ ტექდათვალიერება დაახლოებით 650 ათასი ავტომფლობელისთვის (დაახლოებით ამდენია 10 წელზე მეტი ასაკის) პირდაპირი დარტყმა იქნება. ზოგ შემთხვევაში, მანქანის ტექდათვალიერებისთვის მომზადება მძღოლს, შესაძლოა, ავტომობილის თვითღირებულებაზე მეტიც დაუჯდეს. შესაძლოა, ამ თანხამ 1000 დოლარსაც კი გადააჭარბოს", - ამბობს მესხიშვილი.

იმისათვის, რომ სავალდებულო ტექდათვალიერება მოსახლეობისთვის პრობლემური არ აღმოჩნდეს, კარგი იქნება, მისი ერთბაშად შემოღება არ მოხდეს. აუცილებელია განისაზღვროს თუ რა სტანდარტებით მოხდება მანქანების შემოწმება, როგორი იქნება პირობები და ა.შ.

"მეორე და ასევე მთავარი პრობლემაა საწვავის ხარისხი. შეიძლება ჩემი მანქანა სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ საწვავის ხარისხია დაბალი და კატალიზატორი მის სრულად წვას ვერ ახერხებს. ამიტომ მანამდე აუცილებელია საწვავის ხარისხის გაკონტროლებაც. მძღოლებს კი უნდა მიეცეთ გონივრული ვადა, რომ მათ ავტომანქანების მოწესრიგება შეძლონ. უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა გაუმართავი ავტომობილების შემოყვანაზეც და ა.შ.

გასაგებია, რომ ტექდათვალიერება 48 ლარი ეღირება, მაგრამ აქ სხვა რამეცაა გასათვალისწინებელი. ავტობიზნესი არის გრძელი ჯაჭვი და ტექდათვალიერება არა მარტო 650 ათასამდე მძღოლს, არამედ მეორადი საბურავებისა და მეორადი ავტონაწილების ბიზნესსაც დაარტყამს. გაიზრდება კატალიზატორებზე მოთხოვნა, რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული ადამიანის ბიზნეს-ინტერესი იყოს. დღეს ბაზარზე კატალიზატორს, პრაქტიკულად, ვერსად იყიდი", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას დავით მესხიშვილმა.

გარდა ამისა, მესხიშვილის ვარაუდით, სავალდებულო ტექდათვალიერება სერიოზულად ნეგატიურ გავლენას მოახდენს რეექსპორტზეც, რადგან უცნობია თუ როდის უნდა მოახდინოს ავტოდილერმა თუ ავტომფლობელმა მანქანის ტექდათვალიერება, განბაჟებამდე თუ მას შემდეგ.

"სავალდებულო ტექდათვალიერებას აქვს პლუსიც. ამის შემდეგ შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების, დაშავებულებისა და დაღუპულთა რაოდენობა, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ტაქსის მძღოლები მშივრები დარჩნენ.

და ბოლოს, საქართველოში ტექდათვალიერება რეალურად არ არსებობდა. იმას, რაც ადრე იყო, უბრალოდ, ერქვა ტექდათვალიერება. შეიძლება ითქვას, პირველად შემოდის ეს მექანიზმი, მაგრამ წარმოუდგენელია, ის იყოს ევროპული სტანდარტის, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას ავტომობილების მხოლოდ 20% გაივლის. თუ შემოგვაქვს ქართული სტანდარტი, აქვე ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ შემოგვყავს ევროპული კომპანია, რომელიც ევროპულ სტანდარტს იცავს?" - ამბობს მესხიშვილი და შესაბამის სამთავრობო უწყებებს ტექდათვალიერებისთვის განსაზღვრული ყველა პირობის რაც შეიძლება სწრაფად შემუშავებისა და გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია