ბალიშთან დატოვებული ვარდები და დაუვიწყარი ფოიერვერკი - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას პოლიტიკოსები

ბალიშთან დატოვებული ვარდები და დაუვიწყარი ფოიერვერკი - როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას პოლიტიკოსები

14 თებერვალს სიყვარულის დღეა, რომელსაც შეყვარებული წყვილები სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. საქართველოში ამ დღისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დავინტერესდით, პოლიტიკოსები თუ აღნიშნავენ, როგორი შეყვარებულები არიან ისინი, ანებივრებენ თუ არა მეუღლეებს, რა დოზითაა რომანტიზმი მათ ცხოვრებაში, გამოირჩევიან თუ არა ორიგინალობით? ამ ყველაფრის გასარკვევად მათ მეუღლეებს დავუკავშირდით.

სოფო ფარცხალაძე, დავით საგანელიძის მეუღლე:

- თუ დათო თბილისშია, ვალენტინობის დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ. მას ჩემთვის ყვავილები, საჩუქრები მოაქვს. დათო იმდენადაა დაკავებული, როცა დროს გამონახავს და განმარტოებას ვახერხებთ, იმ დღესაა ჩვენი ვალენტინობა. ეს ხშირად არ ხდება.

- მეუღლეს ამ დღეს თავად როგორ ულოცავ?

- საჩუქარს წინასწარ ვარჩევ და ვიძენ. ყოველთვის ერთმანეთის გახარებას ვცდილობთ და ურთიერთობა ასე უფრო საინტერესო ხდება.

- დათოს აქვს ალღო, ამოიცნოს, ყველაზე მეტად რა გაგახარებს?

- როცა რაიმე ნივთი მომეწონება, დასთან და დედაჩემთან შეიძლება ვთქვა. დათო მათ ურეკავს და ეუბნება, - სოფო არ მიმხელს, რა უნდა და ხომ არ იცით, ყველაზე მეტად რა გაუხარდებაო? ჩემი და "ჩამიშვებს" ხოლმე. ასე რომ, დათომ იოლი გამოსავალი იპოვა. ხშირად სასურველ ნივთებს თავადაც ვარჩევ და დათო მაფინანსებს.

- რაც ერთად ცხოვრობთ, ყველაზე მეტად რომელმა საქციელმა თუ საჩუქარმა გაგაოცა?

- პირველი შვილი რომ შეგვეძინა, სამშობიაროში ლამაზი თეთრი ჩოხით გამომეცხადა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მელანდება-მეთქი? სახლიდან რომ წამომიყვანა, ზუსტად ვიცოდი, ჩოხა არ ჰქონდა. თურმე საგანგებოდ ამ დღისთვის შეუძენია და ჩვენს სანახავად ასე "ქართულად" მოვიდა. მითხრა, ნოდარიკო რომ გაიზრდება, ეს ჩოხა მას ჩემგან საჩუქრად დარჩებაო. ბუნებრივია, ვინახავთ.

- საზღვარგარეთ მოგზაურობას ახერხებთ?

- სანამ შვილები შეგვეძინებოდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. ახლა ბავშვებს ვერ ვტოვებ, როცა წამოიზრდებიან, ალბათ მაშინ ვიმოგზაურებთ.

- პატარა ანდრია თავს როგორ გრძნობს?

- მადლობა, კარგად არის, "ჭამისტი" ბიჭია. და-ძმას თავი უკვე შეაყვარა და მასზე ორივე ძალიან ზრუნავს.

თეა სანიკიძე, ზაქარია ქუცნაშვი­ლის მეუღლე:

- 13 და 14 თებერვალი ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღებია. 13-ში ზაქარიას დაბადების დღეა და ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ. სიყვარულის დღეს კი უმეტესად განმარტოებას ვარჩევთ ხოლმე, ერთმანეთს საჩუქრებს ვუძღვნით და როცა დრო და საშუალება გვაქვს, რომანტიკულ ვახშამსაც ვაწყობთ. სიყვარულის დღე მგონი, ყველა ადამიანს უხარია, მით უმეტეს, თუ შეყვარებულია.

- მეუღლისთვის საჩუქარი უკვე შერჩეული გაქვთ?

- ჯერ არ შემირჩევია, ყოველთვის ვგრძნობ, რა გაუხარდება, რა ესიამოვნება და არჩევანს ამის მიხედვით ვაკეთებ.

- სიყვარულის დღეს თავად რას გიძღვნით?

- ძალიან მიყვარს ყვავილები და ეს ზაქარიამ კარგად იცის. იასამანი კი გამორჩეულად მიყვარს. თბილისში პირველი იასამანი რომ აყვავდება, ზაქარიას მოაქვს და მახარებს. სუნამოსაც ხშირად მჩუქნის. მშვენივრად იცის, რა გამიხარდება. ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ, არასდროს ვეკითხებით, - რა გაჩუქო? ამას ორივე ვგრძნობთ. ერთმანეთის გაოცებას დღემდე ვახერ­ხებთ. 4 თებერვალს დაბადების დღე მქონდა, 3-ში, ღამის 12 საათზე ლამაზი ფეიერვერკი მოაწყო, ბავშვები მოერთო, ლამაზი დიდი ტორტი მომართვეს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, წინასწარ ვერაფერი გავიგე. ძალიან გამახარეს.

- ზაქარია რომანტიკული ყოფილა.

- კი, ძალიან რომანტიკული ადამიანია, მაგრამ ის ფონი და მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია, ყველაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამდენი გაჭირვებული ადამიანის გვერდით შენ დღესასწაულები მოაწყო, ცოტათი უხერხულია. ზაქარია საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევს. ეს მორალურად გამართლებულიც არ იქნება. 2 ნოემბერს 18 წელი გახდება, რაც ერთად ვცხოვრობთ.

- თქვენზე მსმენია, მეუღლეს ქუ­თაისში ხშირად აკითხავსო, მართალია?

- კი, თბილისიდან ბოლო სამარ­შრუტო ტაქსი საღამოს 7-ზე, სადგურ "ოკრიბიდან" გადის. მას მივყვები, ვნახულობ, როგორ არის და ქუთაისიდან დილის 7-საათიან სამარშრუტო ტაქსის მოვყვები. ზოგჯერ ვრჩები და შაბათს ერთად მოვდივართ.

- მეუღლეები სხვა დეპუტატებსაც აკითხავენ?

- დიმიტრი ხუნდაძის მეუღლესთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ ქუთაისში მეუღლეს ლიკაც აკითხავს.

- თქვენი ურთიერთობიდან ყველაზე რომანტიკული დღე გაიხსენეთ...

- მე და ზაქარია მთაწმინდაზე ხშირად ავდივართ, ჩვენი საყვარელი ადგილია. ყველაზე რომანტიკული დღე რომელი იყო? ერთხელ დილით რომ გავიღვიძე, ბალიშზე თავისი ხელით მოკრეფილი ვარდები დამახვედრა. საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ფერადი დღეა. ორივე ვცდილობთ, ურთიერთობა საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ზაქარია საინტერესო პიროვნებაა.

- მის ვარცხნილობაზე ხშირად ხუმრობენ. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- ორივეს კარგი იუმორი გვაქვს. ერთხელ ვუთხარი, ასე შურიანი კაცი იხუმრებს, ვისაც შენი თმის ძალიან შურს-მეთქი. თმის ცვენას მამაკაცები ხომ განიცდიან, ზაქარიას ეს არ ემუქრება.

ირმა შუბლაძე, გუბაზ სანიკიძის მეუღლე:

- ვალენტინობა ჩვენთვის სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება. წელს, 14 თებერვალს, სიმსივნით დაავადებული ქალბატონების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება იმართება და მე და გუბაზი ამ ღონისძიებაზე მივდივართ. რომანტიკული ვახშამისთვის ნამდვილად არ ვემზადებით.

- თქვენ ამ საღამოს საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ხართ?

- არა, მაგრამ მინდა, ჩემი მისვლით ამ ადამიანებისადმი სოლიდარობა გამოვხატო. ის რეფორმა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს, კარგია, მაგრამ პრობლემასთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის. პაციენტი ქალბატონები, რომლებმაც რთული გზა გაიარეს და შეძლებისდაგვარად დაავადებას გაუმკლავდნენ, სხვა პაციენტებს ეხმარებიან.

- ზოგადად, თქვენს ურთიერთობაში რომანტიზმი რა დოზითაა?

- გუბაზი რომანტიკოსი არ არის. ერთმანეთს სიყვარულს ყოველდღე ნამდვილად არ ვუხსნით. ყვავილებს არ მჩუქნის.

- არასდროს?

- არა.

- არ ბრაზდებით?

- საერთოდ არ ვბრაზდები.

- ალბათ ყვავილები არ გიყვართ.

- რას ამბობთ, ყვავილები ისე მიყვარს, ვგიჟდები. ჩემი შვილი - ლევანი რაც წამოიზარდა, ის მჩუქნის ხოლმე და ძალიან მახარებს. 8 მარტსაც არ აღვნიშნავთ. 3 მარტსა და დაბადების დღეს ყოველთვის მჩუქნის. თაიგულებს საკუთარ თავს თავადაც ვუ­ძღვნი. როცა ბაზარში მივდივარ, ლამაზ ყვავილებს ვარჩევ.

- ყვავილები ასე ძალიან რომ გიყვართ, მეუღლე თქვენს გახარებას რატომ არ ცდილობს?

- სხვა რამეებით მახარებს და ამაზე რეაქცია აღარ მაქვს.

- თუ დაგვიკონკრეტებთ?

- თავისი დამოკიდებულებით, ყოველდღიური ურთიერთობით, სიმშვიდით, დიდი სიყვარულით. მისი ერთი წინადადება ზოგჯერ თაიგულების კორიანტელზე მეტია.

- საჩუქრების შერჩევისას ორიგინალობით გამოირჩევა?

- რომ გითხრათ, საჩუქრებით განებივრებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. გუბაზი 8 წელი უმუშევარი იყო, ამის საშუალება არ ჰქონდა. ძალიან მახარებს, როცა კარგ წიგნს მჩუქნის. გუბაზს აქვს უნარი აღგაფრთოვანოს. შეუძლია ისეთი წინადადება გითხრას, მთელი სამყარო გაჩუქოს.

- გუბაზი დაოჯახებამდეც ასეთი იყო?

- კი, ჩვენ ძალიან მალე, გაცნობიდან 10 დღეში დავქორწინდით. გუბაზი ბუნებრივი იყო, ეკრანზეც ასეთია, ცხოვრებაშიც, საქმიანობაშიც. ორივე ვცდილობთ, ურთიერთობა არ გაგვიხუნდეს, ბანალური არ გახდეს. გვინდა, შვილებისთვის ეს ურთიერთობა სამაგალითო იყოს. ჩვენი ოჯახი 17 წელიწადს ითვლის.

- ამ 17 წლიდან ყველაზე რომანტიკულ დღეს თუ გაიხსენებთ?

- როცა ხელი მთხოვა. ამ დღეს ანანურში წამიყვანა და... მისგან გრძნობის გამოხატვაც, ცოლობის თხოვნაც და ჩემი თანხმობაც ძალიან რომანტიკული იყო. იმედი მაქვს, ერთად ბევრ ლამაზ დღეს გავატარებთ. მალე ქორწინებიდან 20 წლისთავს აღვნიშნავთ.

თეონა ბენაშვილი, ზურაბ აბაშიძის მეუღლე:

- 14 თებერვალს ჩემი დაბადების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად 2 მიზეზი გვაქვს.

- ზურა შენს გახარებას, გაოცებას რამდენად ახერხებს?

- ეს საქმე მას კარგად გამოსდის. ცდილობს, მასიამოვნოს.

- რომანტიკოსია?

- ზომიერების ფარგლებში. ჩვენი გაცნობიდან 1 თვეში ხელი მთხოვა. მისმა საქციელმა მაშინ ძალზე გამაოცა. არ ველოდი, გადაწყვეტილებას ასე მალე თუ მიიღებდა. მაშინვე თანხმობა არ მითქვამს, გაცნობიდან 3 თვეში შევუღლდით.

- საჩუქრებს ხშირად გიძღვნით?

- როცა საზღვარგარეთ არის, ჩემთვის საჩუქარი ყოველთვის ჩამოაქვს. თაიგულებსაც ხშირად მიძღვნის. ყვავილები ძალიან მიყვარს და მიხარია.

- ქალაქგარეთ გასეირნებას, რამდენიმე დღით განმარტოებას რამდენად ახერხებთ?

- მაქსიმალურად ვცდილობთ, პარასკევი საღამო და მომდევნო დასვენების დღეები ერთად გავატაროთ. რამე კარგი ფილმი ვნახოთ და ა.შ.

- რომანტიკულ ვახშამზე ხშირად გეპატიჟება?

- რა თქმა უნდა, თუ თბილისშია, საღამოობით სავახშმოდ გასვლას ხშირად ვახერხებთ.

- ვალენტინობას მეუღლეს თავად როგორ ულოცავთ?

- რატომღაც ისე ხდება, რადგან ჩემი დაბადების დღეც არის, მოლოცვებს ვიღებ და ზურას საჩუქარზე სხვა დღეებში ვზრუნავ. 14 თებერვლის დღეს ერთად ვგეგმავთ და აღვნიშნავთ.

- ზურას ტელევიზიებით გამოსვლას თვალს ადევნებთ?

- ყოველთვის და რჩევებსაც ვაძლევ. ვეუბნები, რაც უნდა იყოს, სიმშვიდე შეინარჩუნოს.

- დებატებისას სიმშვიდით მართლაც გამოირჩევა. ეს თქვენი დამსახურებაა?

- თავადაც მშვიდი ხასიათი აქვს, სიმშვიდისკენ მეც მოვუწოდებ და რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებს.

- წელს 14 თებერვალს როგორ აღნიშნავთ?

- ზურამ მითხრა, რომ მეგობრებთან ერთად სადღაც უნდა წავიდეთ, მაგრამ - სად, არ ვიცი. ამას სიურპრიზად მიტოვებს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია