ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპასთან დაახლოების მიმართულებით წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი

ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპასთან დაახლოების მიმართულებით წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი

ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აშენდეს რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას წარადგენს.

მისივე განმარტებით, სულ მალე აღნიშნულში ყველა დარწმუნდება. "სულ მალე, როდესაც ამოქმედდება მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და აშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, 7-წლიანია, რაც იმას ნიშნავს, ის არ იქნება პოლიტიკურ ციკლზე დამოკიდებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება და დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ "ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად საძირკველს უყრის ისეთ სახელმწიფოს, რომ ვერანაირმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მომავალში ვეღარ მოახდინოს გავლენა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე".

"ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ, რომ ამით ვინმეს წინაშე თავს ვიწონებთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის ბუნებრივად მიილტვოდა ევროპისკენ - ეს არჩევანი ჩვენს ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში დაიწყო სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული, დემოკრატიული სისტემის ფორმირების პროცესი. 1921 წელს შემუშავდა ნამდვილად დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კანონის წინაშე თანასწორობა, სიკვდილით დასჯის აკრძალვა, პიროვნების ხელშეუხებლობა, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, - ეს არის ის, რასაც ეფუძნებოდა 90 წლის წინ საქართველოში შექმნილი კონსტიტუცია", - განმარტა პრემიერმა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საბედნიეროდ, დღეს ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია ევროპული ღირებულებების ნამდვილი ერთგულება, აქვს ამის პოლიტიკური ნება, შესწევს ძალა ხალხთან ერთად განახორციელოს თაობების ოცნება და საქართველო ჩადგეს ევროპული ქვეყნების რიგებში.

"წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს და მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა სფეროში უმაღლესი სტანდარტის სტრატეგიითა და გეგმით, რომელიც თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების გარანტი იქნება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა