"ლარის დევალვაციის მიზეზი ბიუჯეტში 600 მლნ ლარით გარღვევა იყო" - რომან გოცირიძე "ნაციონალების" შეცდომებს ამხელს

"ლარის დევალვაციის მიზეზი ბიუჯეტში 600 მლნ ლარით გარღვევა იყო" - რომან გოცირიძე "ნაციონალების" შეცდომებს ამხელს

საქართველოს ექსპრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე რამდენიმეწლიან დუმილს "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არღვევს, თუმცა ამ ინტერვიუს, მისი სამოქალაქო სექტორში დაბრუნება უძღვოდა წინ - 13 თებერვალს, გოცირიძემ, მედიას ეკონომიკური მიმართულების ორგანიზაცია "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" დაფუძნების მიზანი გააცნო. ორგანიზაცია საექსპერტო-საკონსულტაციო ცენტრი იქნება, სადაც ჩვენ რეალობაში არსებული მწვავე და აქტუალური ეკონომიკური საკითხები მოიყრის თავს. ფაქტობრივად, რომან გოცირიძე ეკონომიკის ექსპერტთა სამყაროში ბრუნდება. იქ, საიდანაც დაახლოებით 20 წლის წინ, მოღვაწეობა დაიწყო. შემდეგ, წლების განმავლობაში ბატონი რომანი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რამდენიმე მოწვევის დეპუტატი (პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბოლოს მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ. ახლა კი დიდი პოლიტიკიდან, ექსპერტთა წრეში დაბრუნდა, არადა, ბოლო დროს, როგორც წესი, ექსპერტები პირიქით – დიდ პოლიტიკაში მიდიან.

- ბატონო რომან, ამბობენ, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიანო და საიდანაც დაიწყეთ, იქ რატომ დაბრუნდით?

- ხანდახან ასეც ხდება ხოლმე და თუნდაც ამიტომაცაა საინტერესო ცხოვრება, რომ ამ სფეროში გაცილებით დიდი გამოცდილებით ვბრუნდები. ოციოდე წლის წინ, როდესაც ეკონომიკურ რეფორმებზე ვიწყებდით საუბარს, როდესაც საბაზრო ეკონომიკის ხსენებაც კი მწარედ აღიქმებოდა საზოგადოებისა და მაშინდელი ხელისუფლების თვალში და როდესაც გაუკვალავ გზას ვადექით, ასეთი გამოცდილება არ მქონია. როცა წარსულს ვიხსენებ, ვაცნობიერებ, რომ შეცდომებიც იყო და ენთუზიაზმიც, მაგრამ მიმაჩნია რომ მე, როგორც სპეციალისტი, უნივერსიტეტიდან და საექსპერტო წრიდან ჩამოვყალიბდი. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელი დაბრუნება უფრო მძიმეწონიანი იქნება.

- ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი ხელისუფლებაშია, გარკვეულწილად, ესეც ხომ არ არის მიზეზი, რომ ამ სფეროს დაუბრუნდით?

- როგორც წესი, საექსპერტო და არასამთავრობო სექტორის გამორჩეული ადამიანები ხელისუფლებაში, პოლიტიკაში მიდიან. საკმაოდ დიდი სივრცე უჭირავთ, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამას ერთი დიდი მინუსი აქვს - მათი შეფასებები ტენდენციურია. ყოფილი ექსპერტები, სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მკვიდრდებიან და ჭეშმარიტების ნაცვლად, საკუთარი გუნდის ინტერესებს ემსახურებიან. საექსპერტო სივრცეში დარჩენილებიც გადაჯგუფდებიან ხოლმე სახელისუფლებო და ოპოზიციურ ბანაკებში და როლებიც იცვლება. ჩემ შემთხვევაში კი უცნაური ისაა, რომ პირიქით – ხელისუფლების მრავალშტოგავლილი სეგმენტიდან, საექსპერტო წრეში დავბრუნდი, თანაც ყოველგვარი პარტიული და სხვა სახის მიკერძოების გარეშე.

- ბოლო 6 წლის განმავლობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყავით, რატომ დუმდით?

- იმიტომ, რომ შეუძლებელია, ხელისუფლებაში იყო და, იმავდროულად, ობიექტურობაც შეინარჩუნო. ნახევარი სიმართლის თქმას, მერჩივნა, არაფერი მეთქვა. ასე დავმუნჯდი!

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გადადგომისას განაცხადეთ: "რა თქმა უნდა, პოლიტიკა ძალიან რთულია და საკუთარი ნებით, აქედან სხვა თანამდებობაზე გადასვლა, გარემოებებისადმი ანგარიშის გაწევას ნიშნავს. ცნობილი ნათქვამია, როდესაც სათქმელი ძალიან ბევრი გაქვს, სჯობს, არაფერი თქვა". "არაფრის თქმა" ძალიან ხომ არ გაგიგრძელდათ?

- გეთანხმებით! ყოველთვის ვცდილობდი, ობიექტური ვყოფილიყავი, მაგრამ პოლიტიკური ტვირთი მაინც დაღს ასვამს ამა თუ იმ პოზიციას. პოლიტიკური კონიუნქტურა და გარკვეული თვითცენზურა ყოველთვის მუშაობს, როდესაც აბსოლუტურად თავისუფალი არ ხარ. შეუძლებელია, საკუთარი აზრების გამოხატვაში, ჩინოვნიკი თავისუფალი იყოს. თანაც აქტიური პოზიციით, ძალაუნებურად, მომეწერებოდა ბევრი ისეთი რამ, რასაც არ ვიზიარებდი, მაგრამ არც ზემოქმედება შემეძლო. ჩემი დუმილის გამო, ახლა მორალურად კმაყოფილი ვარ, დღეს სრულიად თავისუფალი გახლავართ და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსით, შემიძლია, ვურჩიო ან გავაკრიტიკო ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია... ეკონომიკურ სივრცეში კი ახალი, ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაციის სახელით ვბრუნდები.

- ზოგადად, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს, მთავარ ეკონომიკურ დამსახურებად და შეცდომად რა მიგაჩნიათ?

- "ვარდების რევოლუციის" მთავარი დამსახურება ქვეყნის იმ ჭაობიდან ამოყვანა იყო, რომელსაც განვითარების არავითარი შანსი არ ჰქონდა. წმინდა ეკონომიკურ ენაზე რომ გითხრათ, ქვეყანას ფასი დაედო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნისა და მისი სიმდიდრის კაპიტალიზაცია მოხდა. პირობითად, ის, რაც 1 ლარი ღირდა, 1 000 000 ლარის ღირებულების გახდა. სხვაგვარად, წარმოუდგენელია, იმ მასშტაბის ინვესტიცია დაძრულიყო. რაც შეეხება შეცდომას, ბევრი იყო, როგორც მაკრო, ასევე ქვედა დონეზე. მაგალითად, არც მე მომწონს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში ამ რაოდენობის ფული გადაიყარა და საპარლამენტო მუშაობა დეზორგანიზებულია. თუმცა მეორე საკითხია, საიდან გაჩნდა უზარმაზარი ფული, რომ იმ პერიოდში, თუნდაც ასეთი გიგანტები აშენდა. ზოგიერთი, ჩვენი მსგავსი ქვეყანა, ისეთ კაპიტალდაბანდებას, როგორიც ბათუმში გაკეთდა, 20 წლის განმავლობაშიც ვერ განახორციელებდა. გაჩნდა ფული, მნიშვნელობა არ აქვს, არაბული იყო, რუსული, თურქული თუ ამერიკული, მოხდა სიმდიდრის კაპიტალიზაცია. თუ ადრე ინვესტორებს ვეხვეწებოდით, გარკვეული ობიექტები რამდენიმე ათასად მაინც ეყიდათ, ისინი ათეულ და ასეულ მილიონებად გაიყიდა. წლების წინ, არავის უნდოდა "ზესტაფონის ფეროს", "ჭიათურმანგანუმის," რუსთავის "აზოტის", ჰესების, ნავსადგურების შეძენა; ჯართად იყიდებოდა მეტალურგიული ქარხანა, რადგან ჩვენ მიერ, თუნდაც ნაჩუქარ სიმდიდრეს ინვესტიციების განხორციელება სჭირდებოდა, რომლის უკან დაბრუნების შანსი ნულის ტოლი იყო. გიმეორებთ, ქვეყნის ქონებას ფასი დაედო, ეს კი ურთულესი პროცესია. რაც შეეხება მთავარ ეკონომიკურ შეცდომას - კომუნისტებისდროინდელ სიტყვებს გამოვიყენებ, ეს იყო სუბიექტივიზმი და ვოლუნტარიზმი. ეკონომიკურ პროცესებში ზედმეტ ადმინისტრაციულ ჩარევას ვგულისხმობ, სადაც გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრში იგეგმებოდა, რა არის კარგი და რა ცუდი. როდესაც გმირთა მოედანზე დგამ შადრევანს, მერე აღარ მოგწონს და სხვაგან გადაგაქვს, ან პეროვის ქუჩაზე აგებ ფილებს და ვერ ხვდები, რომ სარდაფები დაიტბორება, ან ააშენებ ხიდს და რამდენიმე თვეში ანგრევ, ეს წვრილმანი მაგალითები და მცირე თანხის უმიზნოდ ფლანგვაც კი, სისტემის არსს კარგად ავლენს.

აგერ, ათამდე ევროპულმა სახელმწიფომ უარი თქვა "ევროვიზიაში" მონაწილეობაზე, რადგან ბიუჯეტში ვერ გამოძებნეს თანხა, სულ რაღაც 300 000 ევრო. ეს სამიოდე ისეთი მანქანის ფასია, ჩვენმა თანამდებობის პირებმა ახლახან რომ შეიძინეს. საბიუჯეტო პროცესში ვლინდება ქვეყნის მმართველობის დემოკრატიულობა. უდიდესი შეცდომა იქნებოდა ქალაქ ლაზიკას აშენების დაწყება, რაც საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკას შეიწირავდა. იგი შესაძლოა, გარკვეული სატყუარაც იყო ადამიანების გულების მოსაგებად. ნავსადგურის აშენების მთავარი იდეა განხორციელებადია, თუმცა გააჩნია, როდის და რატომ! უცბად გაჩენილი ფულის ყადრის დაუფასებლობა იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა. ლიბერალური კურსის მქადაგებელი მთავრობა, ხანდახან ისეთ საოცარ რამეს ჩაიდენდა, ვერც კი წარმოიდგენდით. მაგალითად გამოდგება წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დასაქმების პროგრამები, როდესაც 200 000 000 ლარი აჩუქეს საწარმოებს, სადაც მოქალაქეები ფორმალურად გააფორმეს, რათა ეს ფული მიეღოთ. ფაქტობრივად, ეს იყო არჩევნების წინ ფულის დარიგების მახინჯი მეთოდი. ყველაზე მძიმე შეცდომა კი ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემები იყო, რომელიც ჩვენი საუბრის თემა არ არის.

- 2013 წლის დეკემბერში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო. ამ პროცესს, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, როგორ აფასებთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ლარის გამყარების ტენდენცია უკვე სახეზეა?

- ალბათ, საზოგადოება დაბნეულია და დღემდე ამოუხსნელი გვგონია, არც ისე რთულად ასახსნელი პრობლემა. ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას ორი მიზეზი აქვს, ან ლარის მასა გაიზარდა, ან დოლარის მასა შემცირდა. ბოლო ერთ წელში, დოლარის მიწოდება არ შემცირებულა, ანუ დოლარს ნურაფეს დავაბრალებთ, რადგან ხშირად ამბობენ, ლარის გაუფასურება ინვესტიციების ნაკლებობის ბრალიაო. ზოგი ამას სეზონურობას აბრალებს, ზოგი - ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას, რაც არასწორი შეფასებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, უცხოური ვალუტის შემოდინება არ შემცირებულა, ვინაიდან ინვესტიციების კლების კომპენსირება სხვა წყაროებიდან მოხდა. ეს ძირითადი წყაროებია მოსახლეობის მიერ თანხების გადმორიცხვა, რომელიც ბევრად არ ჩამოუვარდება ექსპორტის მაჩვენებელს და ამ ტრანსფერებმა მილიარდს გადააჭარბა. ერთ-ერთი წყაროა ექსპორტის ზრდა, რაც ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტა შემოვიდა. იმპორტიც შემცირდა. გარდა ამისა, ვალუტა შემოდის ტურისტებიდან, მათი ნაკლებობა კი, არ ყოფილა. ასევე - სხვა სახის მომსახურებიდან (ნავთობსადენი, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი). ანუ, საგადამხდელო ბალანსი გაუმჯობესდა, როგორც სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირების, ასევე - მიმდინარე ანგარიშების ბალანსის გაჯანსაღების შედეგად. ამაში როლი უცხოურმა ინვესტიციებმაც შეასრულა. შეიძლება ითქვას, მონეტარული თვალსაზრისით, ინვესტიციების პოზიციას განსაკუთრებული ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

უცხოური ვალუტის შემოდინების მოცულობა 11 თვის განმავლობაში, იმდენად ჭარბი იყო, რომ ეროვნული ბანკი დოლარს იძენდა რეზერვების შესავსებად და ლარის კურსის დასასუსტებლად! ამ ხნის მანძილზე, ეროვნულმა ბანკმა 400 000 000 აშშ დოლარით მეტი იყიდა, ვიდრე გაყიდა, რათა ლარი არ გამყარებულიყო! 11 თვე, ეროვნული ბანკი შეგნებულად ასუსტებდა ლარს, უფრო ზუსტად, ხელს უშლიდა ლარის გარკვეულ ნიშნულზე ზემოთ გამყარებას!

- ამას რა მიზეზით აკეთებდა ეროვნული ბანკი?

- ორი მიზეზის გამო: ეროვნულ ბანკს მიაჩნდა, რომ ლარის ზედმეტი გამყარება საჭირო არ იყო, რადგან ეს პროცესი ექსპორტს შეუშლიდა ხელს. სხვა საკითხია, ეს ასე უნდა ყოფილიყო თუ არა, მაგრამ რომ არა ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა, ლარის კურსი 1.63 კი არა, 1.5-ის ფარგლებში იქნებოდა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა და იმ დონემდე შენარჩუნება სჭირდება, რომ ქვეყნის ეკონომიკას საგარეო ეკონომიკური საფრთხე არ დაემუქროს. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას გასასტუმრებელი აქვს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა დონორების კრედიტები და უცხოური ვალუტის რეზერვები, სწორედ ამისთვის სჭირდება. მთავრობას საგარეო ხარჯიც აქვს, რისთვისაც ასევე უცხოურ ვალუტას იყენებს, მაგალითად, საელჩოების დასაფინანსებლად, სამხედრო თუ სხვა სახის შესყიდვებისთვის.

მოკლედ, ეროვნული ბანკი ორ კურდღელს იჭერდა – ვალუტის რეზერვებსაც ქმნიდა და ლარის კურსიც ეჭირა. თუმცა ამას მეორე, დიდი მინუსიც აქვს, როდესაც 400 000 000 აშშ დოლარს ყიდულობ, მისი ეკვივალენტი ლარში, ანუ დაახლოებით, 700 000 000 ლარი გამოგაქვს მიმოქცევაში, ზრდი ფულის მასას და ინფლაციურ საფრთხეს ქმნი. იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფლაციური ფონი დაბალი იყო, ეროვნულმა ბანკმა თავს უფლება მისცა, ასე მოქცეულიყო, მაგრამ რა მოხდა დეკემბერში? ლარის მყისიერი დევალვაციის მიზეზი, სახელმწიფო ბიუჯეტის 600 000 000 ლარით გარღვევა იყო. ფაქტობრივად, დეკემბერში ბიუჯეტმა ერთბაშად, თითქმის 1 მილიარდი ლარის ხარჯი გასწია და ლარის რყევა უკვე ფისკალურმა, ანუ საბიუჯეტო ფაქტორმა გამოიწვია.

ეროვნულ ბანკმაც, ცოტათი ხელი წააშველა კომერციულ ბანკებზე იაფი, მოკლევადიანი რეფინანსირების სესხების გაცემით. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რადგან 600 000 000 ლარით გარღვეული საბიუჯეტო შემოსავლის დიდი ნაწილის, ანუ 400 000 000 ლარის კომპენსირება იმ ნაშთებიდან განახორციელეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის ანგარიშზე აქვს. ეროვნულ ბანკში, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარის ნაშთი იყო, რომელიც არ უნდა დახარჯულიყო, რადგან ეს უკვე საბიუჯეტო რეზერვია რომელსაც საგარეო ვალის მომსახურებისთვის იყენებენ. მომენტალურად, ფულის მასა მიაწვა ბაზარს და ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, ერთადერთი ქმედებით ინსტრუმენტი გამოეყენებინა, ანუ მთავრობის მიერ გამოშვებული ფული, ღრუბელივით შეესრუტა. ამას სტერილიზაციას უწოდებენ. თუ 11 თვის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა, დაახლოებით, 200 000 000 დოლარი გაყიდა, მხოლოდ დეკემბერ-იანვარში, თითქმის 350 000 000 დოლარის რეალიზება მოუწია. ეს იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ არ მომხდარიყო ლარის მასშტაბური დევალვაცია. სტერილიზაციის ოპერაციების შედეგად, გაზრდილი ფულის მასა, მაქსიმალურად სწარფად შეიკუმშა და ეკონომიკა უფულოდ დარჩა. ერთ თვეში, უზარმაზარი ფული, რომელიც ბაზარზე ბიუჯეტიდან გაჩნდა, ეროვნულმა ბანკმა სწრაფადვე უკან ამოიღო, მაგრამ ლარი თავქვე წავიდა და დაიწყო გამყარების უკუპროცესი. ახლა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ბრძოლა ლარის გამყარების შესაჩერებლად და ამ დღეებში, უკვე 60 000 000 დოლარი შეიძინა, ანუ ლარის გამყარებას აჩერებს. რა თქმა უნდა, ორი თვის მანძილზე, ლარის ასეთი მკვეთრი რყევა სერიოზული შეცდომა იყო არა მხოლოდ ფისკალური, არამედ - მონეტარული თვალსაზრისითაც. მიზეზი არასწორი მესიჯები იყო, თითქოს ქვეყანაში დეფლაციის საფრთხე გაჩნდა, არადა, საქართველო იაპონია არ არის, რომელიც 20 წელია, დეფლაციას ებრძვის. საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა ისეთია, 20 წელი, მუდამ თავის მტვრევაში უნდა ვიყოთ, რომ ინფლაცია მოხდეს. ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ "კენსიანური" იდეა აიტაცა, რაც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური სტიმულირების გამო, ბიუჯეტიდან ფულის გაშვებას ნიშნავს. აი, ასეთი "კენსიანური" გამოხტომები იწვევს საფრთხეს, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენ ქვეყანაში, ფასების ოდნავი ზრდის მანიპულირებაც კი სავალალოდ დამთავრდება.

- ერთ-ერთი ვერსიით, ლარის გაუფასურების მიზეზი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების შეთქმულება იყო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ...

- სულელური ვერსიაა! იმასაც ამბობენ, ფინანსთა სამინისტრო ლარს იმიტომ ასუსტებს, ბიუჯეტს ვერ ავსებს და ინფლაციით მეტი ფული შემოვაო. თეორიულად, ამ გზით ბიუჯეტის შევსება შეიძლება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ასეთი მანიპულაციების გამო, ფინანსთა სამინისტრომ გარისკოს და ზედმეტი ფულის მასა მიმოქცევაში გამოუშვას. ეს ტექნიკურად იმდენად რთულად შესასრულებელია, ამის გაკეთება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია, მაგალითად, აშშ-სა და იაპონიას. ევროკავშირის ქვეყნებიც კი ვერ გარისკავენ ასე, რადგან საკუთარი, დამოუკიდებელი ეროვნული ბანკები არ აქვთ. ლარის დევალვაციის მიზეზი, ფულის მასის მყისიერი ზრდა იყო დეკემბერში, ახლა კი ლარის გამყარების მიზეზი, ეროვნული ბანკის ინტერვენციების შედეგად, ფულის მასის მყისიერი შემცირებაა. მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის იმიჯი დაზარალდა, რომელსაც სერიოზულად გაულაწუნეს. ეს არც ნოკდაუნია და არც ნოკაუტი, მაგრამ ეს იყო მტკივნეული დარტყმა, რამაც არასტაბილურობის განცდა შექმნა. ეს შეიძლება უფრო მძიმე ფორმით განმეორდეს, თუ არ გამკაცრდება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, არ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და არ გამოიძებნება შემოსავლების ფორმირების უფრო სტაბილური და ჯანსაღი გზა.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა