მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის

მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის

თბილისის მერობის კანდიდატი იმავდროულად თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და პირიქით, საკრებულოს სიაში მყოფი პირი მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება. ეს წესი შემოდის როგორც საკუთრივ თბილისთან, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.

ასეთი შეზღუდვა, რომელიც ახლა პარლამენტში ინიცირებული პროექტით შემოდის, აქამდე არ არსებობდა. საარჩევნო სუბიექტის მიერ დასახელებულ დედაქალაქის მერობის კანდიდატს შეეძლო, იმავდროულად საკრებულოს სიაშიც ყოფილიყო.

პროექტში კი, წერია, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს თბილისის მერის, სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის. ანალოგიურ რამ განსაზღვრულია სხვა თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებითაც.

როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა განუმარტა, მართებული არ არის ერთი და იგივე პირი, ერთდროულად, ორ არჩევით თანამდებობაზე იყრიდეს კენჭს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული შეზღუდვა პარტიებს დააზარალებს. უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამგვარი აკრძალვა კონკრეტული პირების გამო კეთდება.

"მერობის კანდიდატი ყოველთვის კამპანიის ლიდერია და ეს პარტიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სურთ, ის იძულებული გახადონ, იყოს მხოლოდ მერობის კანდიდატი და შემდგომ ვერ მოხვდეს საკრებულობაში ან პირიქით - თუ საკრებულოს სიაში იქნება, როგორც მერობის კანდიდატმა კამპანიას "ორთქმავლობა" ვეღარ გაუწიოს. ეს არის ცვლილება, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის კეთდება", - მიიჩნევს ხათუნა გოგორიშვილი.

საარჩევნო კამპანიის პროცესში მერობის კანდიდატის "ორთქმავლობის" შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძეც.

"აქამდე შეიძლებოდა ერთი და იგივე პირი მერობის კანდიდატიც ყოფილიყო და სიის პირველი ნომერიც, მაგრამ როცა უკვე არჩევანის წინაშე დგები, პარტიებს მერობის კანდიდატების მხრივ პრობლემა შეექმნებათ - მერობის კანდიდატობის მხრივ კანდიდატი შესაძლოა, მხოლოდ მონაწილეობაზე იყოს ორიენტირებული, მოცემულ შემთხვევაში კი, მას მხოლოდ საკრებულოს არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ექნება. ამ დროს, იდეაში, მერობისა და გამგებლობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ორთქმავლები უნდა იყვნენ, რადგან ადგილობრივ არჩევნებში რეალური კამპანია სწორედ ამ კანდიდატებს შორის იმართება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა