ციფრული მაუწყებლობა 2015 წლიდან - როგორ ტელევიზორებზე მოგვიწევს უარის თქმა

ციფრული მაუწყებლობა 2015 წლიდან - როგორ ტელევიზორებზე მოგვიწევს უარის თქმა

საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ სახლის ანტენები და შავ-თეთრი ტელევიზორები (თუკი ასეთები ისევ არსებობს) უნდა დაივიწყოთ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა უკვე შედგენილია და მთავრობისგანაც მოწონებული.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ე.წ. სახლის ანტენებით სარგებლობენ, ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ "სეთ-თოფ ბოქსები", რომლებიც 2014 წლის განმავლობაში საქართველოში მასობრივად შემოვა, მომხმარებელი კი მათ ამოცნობას განმასხვავებელი ჰოლოგრამული სტიკერით შეძლებს.

სპეციალური მიმღებების სავარაუდო ღირებულება 30-35 დოლარი იქნება. "სეთ თოფ ბოქსების" შეძენა არ დასჭირდებათ მათ, ვინც მაუწყებლობას საკაბელო, სატელიტური ან IPTV ტექნოლოგიით იღებს.

"ჩვენ უკვე მოძიებული გვაქვს ბაზრები, თუმცა კონტრაქტის დონეზე ჯერ მისული არ ვართ. ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსზე" გავეცანი სასიამოვნო ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართველი მწარმოებლები მიმღები მოწყობილობების წარმოებას გეგმავენ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, საჭირო სპეციფიკაციების ნახვა კი, მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, "სეთ თოფ ბოქსებით" (სამომხმარებლო მოწყობილობები) სახელმწიფო უზრუნველყოფს. სამომხმარებლო მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარჯებს ეკონომიკის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გაიღებს, შესაბამისად, დოკუმენტი სახელმწიფოსთვის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს არ ქმნის.

თუმცა, სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ტელევიზორი საერთოდ არ აქვთ სახელმწიფო, სავარაუდოდ, ვაუჩერებს დაურიგებს, რომელთა გამოყენებას ისინი 2 წლის განმავლობაში შეძლებენ.

ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ტელევიზორი სოციალურად დაუცველთა დაახლოებით 15-20% არ აქვს.

"ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას როგორც ქვეყნისთვის, ისე მაუწყებლებისთვის არაერთი დადებითი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ისე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი ექნება შესაძლებლობა, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოებს კოორდინაციას ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაუწევს. სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება და მას პირველ ეტაპზე ნინო ქუბინიძე უხელმძღვანელებს.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს, კერძოდ იმუშავებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმღები მოწყობილობებით აღჭურვაზე, საინფორმაციო კამპანიის წარმოებასა და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება.

საქართველოს მთავრობამ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 7 თებერვალს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმით და რეკომენდაციებით გათვალისწინებულია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების საკითხები; ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების სტანდარტები და ტექნოლოგიები; სამომხმარებლო მოწყობილობების – "სეთ თოფ ბოქსების" საკითხი და მათი შესაბამისი სპეციფიკაციები; ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების ოპერირების წესები და მათთან შესაბამისობა; რადიოსიხშირული დიაპაზონები და მათი სამომავლო გამოყენების საკითხი; გარდამავალი და გრძელვადიანი პერიოდისთვის ციფრული სამაუწყებლო ქსელების ფორმირებისთვის დაგეგმარებული სიხშირული რესურსი და მათი გაცემის სქემა.

დოკუმენტი ასევე მოიცავს ღია კონკურსის და ხუთი მულტიპლექს პლატფორმის საკითხებს, რომლის მიხედვით, კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სპეციფიკაციის ხუთი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის შესაბამისი სიხშირული რესურსი.

ასევე განსაზღვრულია ღია კონკურსის მოდელი, მულტიპლექს პლატფორმების მშენებლობის ვადები და სიხშირული რესურსის მფლობელი პირების ვალდებულებები.

სამოქმედო გეგმა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" განკუთვნილი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მაუწყებლობის ხელშეწყობას და პარალელური მაუწყებლობის პერიოდსაც ითვალისწინებს.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის შესაბამისი აქტების თანახმად, ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს უნდა დასრულდეს.

პარლამენტში უკვე შესულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის დამტკიცებას ეკონომიკის სამინისტრო თებერვლის ბოლომდე ვარაუდობს.

ნინო წივწივაძე

ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია