"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან გაიქცევა"

"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან გაიქცევა"

მსახიობი ჯაბა კილაძე პოლიტიკურ მოვლენებს მუდმივად თვალყურს ადევნებს და სიტუაციაში კარგადაც ერკვევა. წინა ხელისუფლება არ მოსწონდა, ახალს კი იმედის თვალით უყურებს, თუმცა გარკვეული შენიშვნები მასთანაც აქვს. ინტერვიუსთვის რომ დავუკავშირდი, მაშინვე დამთანხმდა და ისეთი აღელვებული ლაპარაკობდა, შეკითხვის დასმის საშუალებასაც კი არ მაძლევდა...

- ძალიან მომწონს, რომ ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება საკმაოდ ცივილიზებული ფორმით მოვიდა. პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული, ყველა კარგად მახსოვს. არაერთი ომი და რევოლუცია გამოვიარეთ, რის შედეგადაც პრეზიდენტები იცვლებოდნენ. წინა პრეზიდენტი ქვეყანას იმდენ ხანს მართავდა, რომ უკვე ვადა გაუვიდა... მთავრობაში ფულს დახამე­ბული, დაბოღმილი, რესტორნებსა თუ ბარებში მოგულავე "სასტავი" არ უნდა მოდიოდეს. უნდა იყვნენ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებსაც პარლამენტის წევრობა იმის გამო კი არ უნდათ, რომ მერე შარდენზე ნაშებთან ერთად "იგულაონ". ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ასე იქცევა. არ მომწონს, კახი კალაძეს რომ აკრიტიკებენ. მარტო იმიტომ არის ეს კაცი დასაფასებელი, რომ ნიჭიერია. ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. პოლიტიკაში აბსოლუტურად განსხვავებული სფეროდან, სპორტიდან მოვიდა. იგივე შემიძლია, ირაკლი ღარიბაშვილზეც ვთქვა: მართალია, ასაკით საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ საქმეს კარგად აკეთებს. არ მინდა, ეს ყველაფერი ხალხმა ფამილიარობად ჩამითვალოს. ის ჩემი ქვეყნის პრემიერია, რომელიც ხალხის საქმეს გააკეთებს, ამიტომ მაქვს უფლება, რომ მისი საქმიანობა ან დადებითად შევაფასო, ან - უარყოფითად.

- შენი აზრით, ამ წელიწად-ნახევარში ახალმა ხელისუფლებამ რა შეცდომა დაუშვა?

- გახსოვთ, "ნაციონალებმა" თავი­ანთი პოლიტიკური კარიერა როგორ დაიწყეს? მასობრივი დაჭერებით. კარგად მახსოვს ერთი ხანდაზმული კაცი, რომელიც ვერტმფრენით, საცვლების ამარა ჩამოიყვანეს თბილისში. არ შეიძლება, რომ ამ ადამიანებს იმავე მეთოდებით ებრძოლო. ახალი ხელისუფლება თავიანთ წარმომადგენლებსაც არ აფარებს ხელს და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მათაც იჭერს. აუცილებელია, რომ საკუთარიც დასაჯო.

- ახლა აქტუალური სოჭის ოლიმპიადაა. ამ საკითხზე რა აზრის ხარ - უნდა წასულიყო თუ არა იქ ქართული დელეგაცია?

- რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სულ დამპყრობელი და ოკუპანტი იყო. არასოდეს ლიბერალური და დემოკრატიული არ ყოფილა. ყოველთვის იყო იმპერია, რომელიც თავის ხალხს უს­წორდებოდა სასტიკად და ჩვენ რას გვიზამს? ამიტომ ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან მთელი ცხოვრება უნდა ვეომოთ, ან ურთიერთობის დალაგების გარკვეული გზა უნდა გამოვნახოთ. ომს აზრი არ აქვს, რადგან ეს იგივეა, ჭიანჭველა სპილოს ეომოს. მართალია, მიშა ყვიროდა, ომი მოვიგეო, მაგრამ ასე ხომ არ იყო? იმისთანა მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან შეშინებული გაიქცევა... ამიტომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქართული დელეგაცია სოჭში გაემგზავრა.

- თურმე რა კარგად ერკვევი პოლიტიკაში!

- რატომ გიკვირს?! 1981 წელს დავიბადე. უკვე 32 წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე იმდენი ისტორიული მოვლენა გამოვიარე, საუკუნეს რომ ეყოფოდა. სულაც არ მინდა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა ვიცოდე. მინდა, ვიცხოვრო მშვიდ ქვეყანაში. სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მსახიობებმა კი ჩვენს საქმეს მივხედოთ. აქვე მინდა, კიდევ ერთ პრობლემას გავუსვა ხაზი. აფთიაქებში უნდა აიკრძალოს ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა. პროკურატურა იმ საცოდავ ადამიანებს კი არ უნდა იჭერდეს, ვინც ამ წამლებისა და ბენზინის მეშვეობით გაკეთებულ საზიზღრობას ვენაში იკეთებს, არამედ ამ აფთიაქების პატრონებს უნდა აპატიმრებდეს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია