გარკვეულ საკითხებზე ჩემს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა პოზიციაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხების ღიად გამოტანა სწორი არ იქნება. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პრინციპულად მიუღებელ საკითხებზე მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, თუმცა ასეთი საკითხები ჯერ არ არსებობს.
"თუ რამე არის პრინციპულად მიუღებელი, ამაზე უნდა დავაფიქსირო პოზიცია. დღეს პრინციპულად მიუღებელი რამ არ არის, თუმცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხსაც შეეხო.
"საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე მუშაობა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დაიწყება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პრობლემური თემების მშვიდ, რაციონალურ კონტექსტში განხილვა.
"უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ სიტუაციიდან ვიპოვოთ გამოსავალი. საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემების გადაჭრა სამხედრო ფორმატში რომ არ განიხილება, ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ გვინდა, იმ ადამიანებს, ვისაც ვესაუბრებით რუსეთის მხიდან, ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ რაციონალურ კონტექსტში განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი. გვინდა ვაჩვენოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა არანაირად არ არის მომგებიანი რუსეთისთვის და ასევე არანაირად არ არის მომგებიანი არც მავთულხლართებს იქით დარჩენილი აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უაღრესად მტკივნეულ საკითხებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, პოზიტიურია, რომ რუსეთთან ისტერიული დაპირისპირების ფონი მოიხსნა, მათ შორის სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობით. "ისტერია, დაპირისპირება, ემოცია, იარაღის ჟღარუნი მოიხსნა. რაც შეეხება მავთულხლართებს, ეს არის ჩვენი ეფექტური პოლიტიკის წინააღმდეგ ნაბიჯი. მავთულხლართი არის არა ტანკის ან თვითმფრინავის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ცხინვალსა და აფხაზეთში ცდილობენ ჩვენთან გადმოვიდნენ და ეს არის იმ ხალხის შემაკავებული და არა სხვა რამ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა სოჭის ოლიმპიადის თემაზეც ისაუბრა. იგი სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიების ნისლით გადაფარვას მეორეხარისხოვან პრობლემად მიიჩნევს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საზოგადოების ნაწილისთვის ოკუპაცია თითქოს მეორე პლანზე გადავიდა და მისთვის მნიშვნელოვანია, რუკა რა ფორმატში გამოჩნდება.
"საზოგადოების ნაწილმა პარაფირების ხელშეკრულება შალახოს კონტექსტში გაიაზრა. მეორე ნაწილისთვის ოკუპაცია თითქოს მეორე პლანზე გადავიდა და რუკა რა ფორმატში გამოჩნდება, ეს არის მნიშვნელოვანი. ნაწილი ასე აღიქვამს, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას წამოვწევთ წინა პლანზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ემოციურიდან უნდა გადავიდეთ რაციონალურ დიალოგზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ისედაც მძიმე ვითარებას არ სჭირდება დამძიმება იმით, თუ სად იქნება ღრუბელი რუკაზე. "ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სუვერენიტეტი ხელყოფილია. ნაკლები მნიშვნელობა აქვს ღრუბლით იქნება თუ წვიმით გაფორმებული. მთავარ პრობლემას უნდა გავუსწოროთ თვალი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ. გამოსავალი არის ის, რომ აქცენტები გავაკეთოთ არა მეორად საკითხებზე, არამედ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.