51 წლის ლალი ნამჩავაძე, რომელიც იტალიაში, ფლორენციასთან ახლოს მდებარე ქალაქ ლასტრა სინიაში მოხუცის მომვლელად მუშაობდა, მესამე დღეა დაკარგულია, - იუწყება ambebi.ge-ს კორესპონდენტი იტალიიდან.
ambebi.ge დაკარგული ქალბატონის ქალიშვილს, ქეთევან შანიძეს დაუკავშირდა, რომელიც იმავე ქალაქში მუშაობს, სადაც ქართველი ქალბატონი დაიკარგა. შვილის თქმით, ლალი ნამჩავაძე 12 თებერვალს დაიკარგა, მას 10-ში ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ქალბატონი მდინარე არნოს ჯებირზე ავიდა და თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა.
ის ხშირად საუბრობდა თვითმკვლელობაზე, ბოლო დღეებში შვილი მის საქართველოში გამოგზავნას აპირებდა. ამასთან, ქეთევან შანიძე იხსენებს, რომ ლალი ნამჩავაძე დაახლოებით 10 დღის წინ წაიქცა და მიიღო თავის ტრავმა. როგორც ის ამბობს, ჰოსპიტალში გამოკვლევების შემდეგ უთხრეს, რომ ჰქონდა მწვავე დეპრესია და სჭირდებოდა ფსიქოლოგის დახმარება.ლალი ნამჩავაძე იმერეთის რეგიონიდან არის. ის 2102 წელს ჩავიდა იტალიაში და სხვადასხვა ოჯახში მომვლელად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, ის შვილთან, ქეთევან შანიძესთან ერთად ცხოვრობდა.
ქეთევან შანიძის თქმით, მან საელჩოს მიმართა დახმარებისთვის და სამი დღეა გასული მას შემდეგ, რაც პოლიციაში შეიტანა განცხადება. ამჟამად მდინარე არნოში პოლიცია აგრძელებს დაკარგულის ძებნას, მაგრამ ვინაიდან მდინარე ადიდებულია, სამძებრო სამუშაოები გართულებულია და ჯერჯერობით ქალბატონის პოვნის მცდელობა უშედეგოა.
ნინო მამუკაძე
ambebi.ge იტალიიდან